თითქმის ყველა იტალიური გამოცემა "ნაპოლიში" ცვლილებებზე წერს, რომელსაც მალე ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალიც გაირკვევა.
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, კონტე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სტანისლავ ლობოტკას შენარჩუნებას მოითხოვს და ქართველს შეიძლება 7-ნომრიანი მაისური გადასცენ.
"რეპუბლიკა" წერს, რომ კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ხელაიფიმ "ნაპოლის" 100 მილიონი ევრო შესთავაზა და დე ლაურენტისი ხელებს იფშვნეტს, რამეთუ "კვარას" და ვიქტორ ოსიმენის გასხვისებით 230 მილიონის მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა
გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს. ერთი სიტყვით, ძნელი სათქმელია, გაუძლებს თუ არა ცდუნებას.
ტრანსფერებიდან მიღებული თანხით, მას თავისუფლად შეუძლია შემტევების შეძენა და პორტუგალიური "ბოლას" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი პედრო გონსალვესია (სპორტინგი). აგრეთვე განიხილება ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) და ალბერტ გუდმუნდსონის (ჯენოა) კანდიდატურები. ნიგერიელის შემცვლელად კი რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატებას გეგმავენ.