Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ისევ 80 მილიონი ევროა და ნიკოლო ბარელასთან (ინტერი) ერთად ყველაზე ძვირადღირებულია. კვარაცხელია სექტემბერში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ცოტა უცნაურია, როდესც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება „ლეჩესთან“ მატჩში სათადარიგო იყოს.
რა თქმა უნდა, ეს „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ხრიკებია, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა. Mediaset-ის ცნობით, კლუბი თანახმაა ქართველს ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ უკვე წელიწადში 6 მილიონზე მეტი გადაუხადოს.
„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად „რენატეს“
სპორტულმა დირექტორმა ოსკარ მაგონიმ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, ლიდერია, 6 მილიონზე მეტს იმსახურებს, შეთავაზება მისი მოლოდინის შესაბამისი არ არის და ამის თაობაზე დე ლაურენტისს უნდა დაუსვან კითხვა.
ტელეკომპანია Televomero-სთან კვარაცხელიას შესახებ ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ ისაუბრა: „6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, არ მგონია ის წელიწადში 15 მილიონის გადახდას იმსახურებდეს, მაგრამ თუ პსჟ 11 მილიონს სთავაზობს... „ნაპოლი“ ყველას კეთილსინდისიერად ექცეოდა, დე ლაურენტისი ძალით არავის აკავებდა. ორი წლის წინ ფაბიანი, ინსინიე და მერტენსი წავიდნენ“. ბოლოს მან ვითომ ხუმრობით თქვა: „აქ ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ. ფეხბურთელები არიან, მხოლოდ მათი მოძებნა უნდა შეგეძლოს. ამ სიტუაციაში დუმილი ოქროა. რაც უფრო არეულობაა, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს კლუბს“.