კვარაცხელიას მთავარი მატჩები პსჟ-სთან ერთად, სავარაუდო შემადგენლობა და ხვიჩას ფორვარდობა - წინ, ახალი გამოწვევებისკენ!..

AutoSharing Option
... ახლა იმაზე საუბარი, რა შეიძლებოდა უკეთ ან უარესად, გვიანია. ფაქტია, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ბედნიერი აღარ იყო, მისთვის აქაურობა თითქოს სტრესული გახდა. რამდენჯერმე დავწერეთ, რომ კონტეს შედეგიანობის მიუხედავად, მისი სათამაშო სტილი კვარაცხელიას არ მიესადაგებოდა. საფეხბურთო ტრანსფერი კი ასე არ ხდება, რომელ გუნდსაც ხელს მიაჭერ, იქ გადახვიდე. აქ უამრავი ფაქტორია. საბოლოოდ, "კვარა" პსჟ-ში (ჯერ გაოფიციალურებას ველით) იქნება - კლუბში, რომელიც ობიექტურად, უფრო ამბიციური და ძლიერია, ვიდრე "ნაპოლი."

განსაკუთრებით ნურც იმაზე ვინერვიულებთ, ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილი რომ გაბრაზდა. აბა, გახარებოდათ?! მთავარია, კვარაცხელია არ
მიდის იქ, სადაც იგუაინი წავიდა, მტრების ბანაკში. ხვიჩა ყოფილ გუნდს სადმე თუ დაუპირისპირდება, გულშემატკივრებისადმი პატივისცემას გამოხატავას, გვჯერა. ცოტა ხნის წინ არ ვნახეთ, მოწინააღმდეგედ ქცეულ ზელინსკის როგორ მოექცა?!

პსჟ-ში დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ვიღაც იტყვის, სხვადასხვა ასაკსა და სიტუაციაშიო, თუმცა მაინც. მხოლოდ რონალდინიო და მესი საკმარისია. უფრო ადრეც აქ კარგი დრიბლიორი იყო - ჟინოლა.

მთავარი სიხარული ხვიჩას ნეაპოლურ კარიერაში - ჩემპიონობა

Sportall.Ge

ბოლო წლებში მთავარი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, ახალმა გუნდებმა მოიგეს. მათ შორის პსჟ არ ყოფილა. არადა, ასე ახლოს იყოს, ფინალში დამარცხდნენ. გუნდი ამისთვის რას არ აკეთებს - ნეიმარის "ბარსელონასთვის" "წართმევაც" ამას ემსახურებოდა და კილიან მბაპეს კონტრაქტის ამოწურვამდეც აქ ყოფნა. "ნაპოლისა" და პსჟ-ს სატრანსფერო გადაკვეთა აქამდეც არაერთხელ ჰქონია - ედინსონ კავანის გასხვისებით იტალიურმა კლუბმა დიდი ფინანსური ხეირი ნახა.

საერთოდ, დე ლაურენტისი ცდილობს, ფეხბურთელს მაშინ გამოეთხოვოს, როცა ფორმის პიკშია და სატრანსფერო ფასი მაღალი აქვს. ხვიჩას შემთხვევაში ასეთი პირველი სეზონის შემდეგ იყო, სადაც მისი გასხვისება არ მოინდომეს, ახლა კი მაინც შეძლეს, მისგან მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიეღოთ და გუნდში არ "გამოუკეტავთ". მომავალი თანაგუნდელი, ესპანელი ფაბინ რუისი ისაა, ვინც მანამდე ამ ორ კლუბს შორის ბოლო კავშირი იყო.

"ნაპოლის" ბოლო დიდების მთავარი შემოქმედები აქ აღარ იქნებიან

Sportall.Ge

რა ხდება ახლა პსჟ-ს თავს? - გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოესწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.

პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.

მოცემული სტატისტიკა იმასაც ამბობს, გუნდს ცენტრფორვარდებში არ ულხინს(იქნებ ეს ამბავი ოსიმენმა მოაგვაროს). კოლო მუანი გუნდიდან მიდის, გონსალო რამოშის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 გოლია. აქ კიდევ ერთი გარემარბის მისვლის შემდეგ უფრო მეტად ვარაუდობენ, ლუის ენრიკე ე.წ. ცრუფორვარდით ხშირად ითამაშებს, ეს ფუნქციები კი "კვარასაც" დაევალება, ბევრჯერ ის ყველაზე წინ აღმოჩნდება. გარკვეულწილად, ჩვენებური ამას ნაკრებშიც შეეჩვია და შემდეგ გუნდშიც. ესპანელ მწვრთნელს ახლა იმის ფუფუნება არ აქვს, ბარკოლა სკამზე დასვას. არადა, ბოლო პერიოდი მას იდეალური ნამდვილად არ აქვს.

რაც შეეხება დემბელეს, ის "ბარსელონას" გულშემატკივრებს გარკვეული მიზეზების გამო არ უყვართ. აქაურობას კარგად შეეწყო. იმდენად, რომ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ასენსიო ყველას დაავიწყდა - კიდევ ერთი გარემარბი ღრმა თადარიგშია.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა

Sportall.Ge

ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პლეი-ოფიდან შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათამხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს - 22 იანვარს "მანჩესტერ სიტი" და "შტუტგარტი". მწვრთნელს სიახლის იმედი ექნება, იმ ქართველი ფეხბურთელის, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას რომ შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...

ქართველი გულშემატკივრები ახლა პარიზელთა ყველა შეხვედრაში "გადაეშვებიან", სადაც ხვიჩას ბევრს საგოლე შანსსა და ლამაზ ეპიზოდებს ველით, მაგრამ რამდენიმე აფიშა განსაკუთრებული იქნება. ასეთია 9 თებერვალს "მონაკოს" მასპინძლობა (12 თებერვალს "კვარა" 24 წლის გახდება) და 23-ში გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" სტუმრობა. არ დაგვავიწყდეს "ჟორჟის" ინცინდენტიც პსჟ-ს მეკარე დონარუმასთან; ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" გასვლითი შეხვედრა 30 მარტსაა ჩანიშნული, მანამდე კი სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიანი დაპირისპირება გველის; 16 მარტი - პსჟ "მარსელის" წინააღმდეგ!..

15 ივნისიდან "კვარას" მომავალი გუნდი ასევე ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება. მადრიდის "ატლეტიკოს" პასადენას ლეგენდარულ არენაზე (92 542 მაყურებელი) შეხვდებიან, ისევე როგორც "ბოგაფოგოს", სიეტლში კი ადგილობრივ "საუნდერსს" დაუპირისპირდებიან.

თბილისის "დინამო", "რუსთავი", მოსკოვის "ლოკომოტივი", "რუბინი", ბათუმის "დინამო", "ნაპოლი", პსჟ - მიდი, ხვიჩა, წინ, ახალი გამოწვევევისკენ!..

altკვარაცხელია თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა, კონტეს ცივად მიესალმა, კასანოს კი გული დასწყვიტა [PHOTO]

altLe Parisien: ლუის ენრიკეს უნდა კვარაცხელია 25 იანვარს ათამაშოს - "ნაპოლი" ქართველის შემცვლელის შეძენას ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი კვარა! შენ გენაცვალე მე!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
21:05 15-01-2025
0
მინდოდა პრემიარლიგაში ეთამაშა მაგრამ ნაპოლში უკვე შეუძლებელი იყო გაჩერება.სეზონის ბოლომდე შეიძლება მორალურად გატეხილიყო.ახალ კლუბში მეტი მონდომება და ვარჯიში დაჭირდება რომ ძირითადში მყარად დაიკავოს ადგილი.იმედია ყველას დაუმტკიცებს თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა ნაპოლის ხელმძღვანელობამ.ყველაფერი ხვიჩას ხელშია.
ამაშია საქმე
17:04 15-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული