ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო ნეაპოლში განსხვავებული მოსაზრებებია. გუნდის ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფეხბურთელის გარემოცვა იყო, რომელმაც საკომისიოს გამო აიძულა ის ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.
ჟურნალისტი ჩირო ტროიზე წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ზოგიერთის მსგავს დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „სან პაოლოზე“ თვით დიეგო მარადონას უსტვინეს, ამის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.
ისე როგორ იქნებოდა, საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო მიმომხილველს, კარლო ალვინოს არ
დაეფიქსირებინა, რომელიც როგორც წესი, კლუბის პოზიციას ახმოვანებს: „ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვიდა და ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი. დღეს ეს მან გააკეთა, ხვალ სხვა გააკეთებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საუბარია ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას და აგენტის, მამუკა ჯუღელის საკომისიოზე. ვფიქრობ, ყველაფერი მათი ინიციატივით მოხდა. სოლიდური თანხა აიღეს, რაც სამშობლოში ორივეს შვიდ თაობას უზრუნველყოფს“.
„ეკიპის“ ცნობით, კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბებმა ერთმანეთს საბუთების გადაგზავნა დაუგვიანეს და „კვარა“ დღეს საღამოს ჩავა პარიზში.
ყველა დეტალი გაირკვა - კვარაცხელიას პსჟ-ში წარდგენის თარიღი და დრო ცნობილია