ყველა ფრანგული გამოცემის საპირისპირო ვარაუდის მიუხედავად, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სწორედ პრემიერლიგის ლიდერთან უნდა გამოჩენილიყო, მოცემულ მომენტში რეალურად რას წარმოადგენს პარიზული გუნდი.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თანდათან მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, დემბელეს შესანიშნავ გარღვევას ჩაწოდება და ნევეშის ოდნავ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. შემდეგ „კვარას“ დიდებული გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა. ცოტა ხანში ბარკოლა საჯარიმოში კონატესთან ბურთზე ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მერე ალისონმა ორჯერ კვარაცხელიას და ერთხელ ბარკოლას დარყმული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში პსჟ-მ იერიშები გააგრძელა, ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დაარტყა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მეკარე. 62-ე წუთზე ქართველი საჯარიმოში შეიჭრა, თითქოს ალექსანდერ-არნოლდმა წააქცია, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ლუის ენრიკემ ბარკოლა დუეთი შეცვალა, 77-ეზე კი „კვარაც“ გაიყვანა მოედნიდან. ბეკერმა კი დუესაც არ დაანება გატანა, ხოლო 87-ე წუთზე ელიოტმა დონარუმას კარი დალაშქრა და „წითლებს“ გამარჯვება მოუპოვა.
საპასუხო შეხვედრა 12 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება. იქამდე, 8 მარტს, „პარი სენ ჟერმენი“ ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლივერპული 0:1
გოლი: ელიოტი (87)
დიდი მატჩი პარიზში და რატომ უნდა იყოს ხვიჩა ძირითადში - პსჟ VS ლივერპული