[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბრალია?

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი დღეს არნახულადაა დაკნინებული: გნებავთ - საკლუბო და გნებავთ - სანაკრებო დონეზე. ვინ არის დამნაშავე? კითხვა აქტუალური და ლოგიკურია.

დღეს ჩვენს საფეხბურთო თემში ძალიან პოპულარულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მოსაზრებას ჩვენი კლუბების არაერთი ხელმძღვანელიც იზიარებს და გვინდა თუ არა, ამ ნააზრევის გავრცელება ხდება ხალხშიც. იქნებ ბევრი გულშემატკივარიც ასე ფიქრობდეს...

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ჩვენ ვერაფრით გავექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა აკისრებს მასში მოღვაწე და მოტრიალე თითოეულ
ადამიანს, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყოს და ჩვენი ფეხბურთის დაქცევა-დაჩაჩანაკება სათავეს ჟურნალისტებიდან იღებდეს.

თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენში ქვეყნის პირველობა იმაზე უკეთ შუქდება, ვიდრე ამ ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი ბრალი, ალბათ, ის არის, ხშირად ცოტა ზედმეტი რომ მოგვდის, რომ ვცდილობთ, სიტუაცია შედარებით ნათელ ფერებში დავანახვოთ ხალხს... თუმცა ცხადია, კრიტიკასაც არ ვივიწყებთ...

ეჭვგარეშეა: არის მთელი რიგი თამაშებისა საქართველოს ჩემპიონატში, პირუთვნელად რომ აღწერო ყველაფერი, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა, სტადიონზე ამდენი მაყურებელიც აღარ ივლის. ალბათ, ეს ჩვენი ბრალია - სიმართლე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩვენი ბრალია ისიც, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი უამრავი ხორცმეტის მხილება. არადა, მათ ისე შეჭამეს ქართული ფეხბურთი, როგორც მუმლმა მუხა და ფილოქსერამ - ვენახი.

ჩვენი ბრალია, ალბათ, ისიც, რომ დღეს არაერთ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თავი მესი და რონალდო თუ არა, გრიზმანი და რიბერი მაინც ჰგონია. არადა, გამოჩნდება ვინმე - სხვაზე ოდნავ უკეთესი, დიდი სიხარულიც გვიპყრობს, მაგრამ ზომიერების გრძნობას რომ არ ეღალატება, ეს კი გვავიწყდება.

ქართული საფეხბურთო თემი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყოველდღე ხვდება. ჩვენი ბრალია დასტურ ისიც, რომ ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე არ ვეძიებით. არ ვწირავთ ადამიანებს და ხშირად ნახევარ სიმართლეს ვამბობთ. არადა, სხვანაირად რომ მოვიქცეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების ნახევარს თავი არ გამოეყოფოდა...

იქნებ ჩვენი ბრალია ისიც, რომ ქართული კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს ევროპულ გეზთან, ჩვენი მწვრთნელებისა თუ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და ბოლომდე თვითონ არ იცის, რა უნდა ფეხბურთში; რომ ჩვენი სტადიონები ყველაფერს ჰგავს,  სტადიონების გარდა; რომ საქართველოში ფეხბურთი თანდათან კარგავს სპორტის ფლაგმანის მისიას, რომ ჩვენმა ნაკრებმა როდის მოიგო ბოლო ოფიციალური თამაში, კარგად აღარც გვახსოვს...

კიდევ ბევრი "რომ" და კიდევ ბევრი "იქნებ" შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ საჭირო აღარ არის.

დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ყოველდღიურ ყოფაში მილიონი ნაკლია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ჩვენი ამქარი ასცდება, მაგრამ უნდა დაიწეროს ერთმნიშვნელოვნად: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ რომელიმე სეგმენტი არის სუფთა და გაუსვრელი, თუ შეიძლება, ვინმეს იმედი გვქონდეს უკეთესობისთვის ბრძოლაში (და ეს დიდი ომი აუცილებლად გადასახდელია), თუ სადმე არის რესურსი, რომელსაც სჭირდება ამოქმედება, ეს უდავოდ ჟურნალისტები არიან.

იმაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მცირე უკეთესობა, მცირე წინსვლა და ჩვენი ნიჭი და უნარი სულ სხვანაირად წარმოჩნდება. სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტი უშუალოდ ვერ განაპირობებს ამ პროგრესს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ბერკეტი არ უპყრია ხელთ.

ჩვენი საქმე და საკეთებელი უკეთესად მაშინ კეთდება და ჩანს, როცა საფეხბურთო მექანიზმი გამართულად მუშაობს. დღეს კი ბევრისთვის მთავარ დამნაშავედ მაინც ჟურნალისტი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
აუცილებელია საზოგადოებრივი განწყობის ცვლიება! თუ იცით ეს რას ნიშნავს კიდევაც გააკეტებთ!ამის შემდეგ სიმართლის წერა აღარ შეგეშინდებათ.
შოკირებული გულშემატკივარი
17 აგვისტო 2017 16:46
0
კომენტატორებო მოეშვით ტრანსლიაციის დროს ბაზრობას და თქვენი ვერსიების გადმოცემას,ნუ უსწრებთ მოვლენებს, მიჰყეთ თამაშის მსვლელობა და ნუ გვიშლით სხვა ბაზრობებით ნერვებს. ასევე სპორცმენების ზედმეტი სახელებით მოხსენიებას: ,,მანჩო"" ,,მარკო" ,,დემე" და ა.შ. ვითომ ამით რა მათთან ახლო ხართ??ეს, რომ იცოდეთ ჩვენ სულ ერთ ადგილზე გვკიდია, ჩვენ ტრანსლიაციის ყურება გვინდა და არა თქვენი სულელური აზრების მოსმენა. არ დაბლოკოთ გთხოვთ.
კოტე
17 აგვისტო 2017 12:48
0
ბიძიკო ფეხბურთი გიჭირთ ხვალ ან ზეგ ვისი ყურმოჭრილი მონა გახდები ის არ იცი და ფეხბურთზე გაიძახით? სხვა სახეობებში ხომ სხლავთ აპააააააააააა
ebbe sandi
15 აგვისტო 2017 15:19
0
ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა 24 საათიანი მუშაობაა საჭირო! ქვეყანაში იმდენი პრობლემაა თითოეულ პარლამენტარს დღედაღამ მუშაობა მართებს!გთხოვთ ჟურნალისტებს,დაუსვით შეკითხვა კობიაშვილს,რომელს აკეთებს (ჩვენი ფულებით) უფრო უკეთესად?
თენგო
12 აგვისტო 2017 15:26
0
რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება ეს არის საპირისპირო იმისა რაც უნდა ხდებოდეს სინამდვილეში, საფეხბურთო აკადემიებში მოიყვანეს მწვრთნელები რომლებსაც არ აინტერესებთ გაზარდონკარგი ფეხბურთელები, ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა საფეხბურთო სკოლის დირექტორისთვის შეუთავაზებიათ კარგი ბავშვი , გამოზარდე და გაყიდეო, მას უპასუხნია, მომაშორე ძმაო ეგ ბავშვი მე მის გაზრდას ველოდოო, დღეს მომცესო ფული ამ ბავშვის მშობელმა და გავზრდიო, ფეხბურთელადო!
giorgi
12 აგვისტო 2017 13:06
0
გლეხი ჯერ მიწას ხნავს,მერე თესავს და ბოლოს იღებს მოსავალს! უკუღმა რომ შეატრიალოს,ვერაფერსაც ვერ მიიღებს. შე კაიდედმამისშვილო,აიყვანე უფასოდ უფულო ბავშვი,რომელსაც სასწაული მონაცემები აქვს და გაზარდე,დააყენე და ბოლოს გაყიდე. ასეთი ფეხბურთელი ნაკრებშიც გამოგადგება და კლუბშიც.აბა რომ მოგიყვანია მაყუთიანის გაქსუებული ბოხოლა ბავშვი და დასტრიალებ საახალწლო გოჭივით "ხოხოხოხო რა ხორცებს დაყრის,როგორ გაიყიდებაო" რა გამოვა აქედან? ის ხომ ნამდვილი ფეხბურთელის ადგილს აფუჭებს?ყველა მწვრთნელს ეს არ ეხება,მაგრამ 90% ნამდვილად!
დაკა
10 აგვისტო 2017 11:30
0
ამ სტატის ავტორი მართლა ჟურნალისტურად გადმოგვცემს,მაგრამ იმ ძალათი ჟურნალისტებს და კომენტატორებს რა ეშველებათ?არანაირი პროფესიონალიზმი არა აქვთ და მათი აზრით არ სჭირდებათ!ფეხბურთელებს რაც შეეხება ერთი სიტყვით ვიტყვი:ვოლკოვის პირველი გოლი იუცხოვა ქართველმა მაყურებელმა!ეს გოლი თავდადებული ფეხბურთელის გოლი იყო,არადა აჩვენებენ ვიღაცის პენალს,ვიღაცის მოტყუებას,ვიღაცის დებილურ გოლებს და ასეთ გოლზე არავითარი გამოხმაურება!ეს ბიჭი სანაკრებოა,მაგრამ "არ სჭირდებათ"!მართალია სტატიის ავტორი,როცა ამბობს:"ყველაფერი რომ აღვწერო,დარჩენილი მაყურებელიც აღარ ივლის"-ო"! საჩქაროა მკაცრი ხელი,მაგრამ ყველამ შავი ფული შეიყვარა და არა ფეხბურთი.
ირაკლი და ..............
10 აგვისტო 2017 11:13
0
ჟურნალისტები ფაქტებს კი არ ეყრდნობით ჭორაობის დონეზე წერთ, ან სულაც ტყილს წერთ თითქოს საქართველო დიდი ქვეყანაა და რაიმეს გადამოწმება რთულია, გააღებ შე დალოცვილო აღმოსავლეთით ფანჯარას და წითელ ხიდს დაინახავ თუ დასავლეთისას გაარებ შეიძლება შავ ზღვაში გადავარდე. მერე კიდევ ადრე სულ არ იყო ახლა ხომ უფასოდ ხმლებივით იქნევთ მობილურებს რა რთულია ფაქტების გადამოწმება? კომუნისტების დროს გაზეთში რომ დაიბეჭდებოდა რაიმე ამბავი,ის ისეთი სიმართლე იყო სანაძლეოს დადებდი კაცი და მოიგებდი კიდეც, ახლა სანაძლეოს კი არა მკითხაობ ნეტა თუ მართალიაო.
კოტე
09 აგვისტო 2017 15:18
0
გარდა ჟურნალისტებისა, ნერვებ მომშლელია კომენტატორების ამა თუ იმ მატჩის კომენტირება, სულ ერთია ვინ თამაშობს დაიწყებენ ერთმანეთში ბაზარს, გუნდებისა და მოთამაშეების შემოკლებით სახელებით მოხსენიებას, მიედ მოედებიან ესა თუ ის ფეხბურთელი სად, როგორ და როდის თამაშობდა და.ა.შ. შემდეგ დარაატყა კი არა ,,გაისროლა" რა თოფია. მეკარემ კი არ აუიღო თურმე ,,სეივი"გაუკეთებია, ,,მუნდიალი" და კიდევ რაღაც სისულელეები, თამაშის დაწყებისას ცალკეული ფეხბურთელის ქება დიდება და ამდროს გუნდი უკვე 3:0-ს აგებს, მინდა ტელევიზორს ჩაუწიო, რომ მათი ხმა არ ისმოდეს მარა სტადიონის ხმაც იკარგება და ფეხბურთი სტადიონის ხმაურის გარეშე რა თამაშია. ჩემი თხოვნაა იქნებ თითო ტაიმი თითო წამყვანმა წაიყვანოს, რომ ერთმანეთში გაუთავებლად აღარ იბაზრონ.
დათო
09 აგვისტო 2017 14:43
0
კი თქვენი ბრალია!

მიყევით პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდებს სათითაოდ. როგორ იღებენ ფეხბურთელებს და რა კორუფციულ-ნათესაურ-ძმაკაცური გარიგებებით, სად რას და რატო ხარჯავენ და რამდენადაა მიზანშეწონილი ეს დანახარჯები, გვარებით სახელებით და სურათებით! ხო იცით ისედაც კომპიუტერიდან ადგომაც არ მოგიწევთ.
ნაკრებზე - რა პრინციპით და ვისი რეკომენდაციით ინიშნება/იხსნება მწვრთვნელები, სად და რატო იხარჯება ფული.
თემები:
ფედერაციის თანამშრომლები და მათი ნათესავ-ძმაკაცები ქართულ ფეხბურთში. ბივში ფუტბალისტების ხელ-ფეხი და გავლენის სფეროები. სად მიდიან აკადემია გავლილი ბავშვები და როგორ ხდება მათი გუნდებში "სინჯები". მილიონი თემაა კიდე რა და მიხედეთ
ice
02 აგვისტო 2017 18:24
1

სიახლეები პოპულარული