[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბრალია?

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი დღეს არნახულადაა დაკნინებული: გნებავთ - საკლუბო და გნებავთ - სანაკრებო დონეზე. ვინ არის დამნაშავე? კითხვა აქტუალური და ლოგიკურია.

დღეს ჩვენს საფეხბურთო თემში ძალიან პოპულარულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მოსაზრებას ჩვენი კლუბების არაერთი ხელმძღვანელიც იზიარებს და გვინდა თუ არა, ამ ნააზრევის გავრცელება ხდება ხალხშიც. იქნებ ბევრი გულშემატკივარიც ასე ფიქრობდეს...

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ჩვენ ვერაფრით გავექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა აკისრებს მასში მოღვაწე და მოტრიალე თითოეულ
ადამიანს, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყოს და ჩვენი ფეხბურთის დაქცევა-დაჩაჩანაკება სათავეს ჟურნალისტებიდან იღებდეს.

თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენში ქვეყნის პირველობა იმაზე უკეთ შუქდება, ვიდრე ამ ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი ბრალი, ალბათ, ის არის, ხშირად ცოტა ზედმეტი რომ მოგვდის, რომ ვცდილობთ, სიტუაცია შედარებით ნათელ ფერებში დავანახვოთ ხალხს... თუმცა ცხადია, კრიტიკასაც არ ვივიწყებთ...

ეჭვგარეშეა: არის მთელი რიგი თამაშებისა საქართველოს ჩემპიონატში, პირუთვნელად რომ აღწერო ყველაფერი, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა, სტადიონზე ამდენი მაყურებელიც აღარ ივლის. ალბათ, ეს ჩვენი ბრალია - სიმართლე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩვენი ბრალია ისიც, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი უამრავი ხორცმეტის მხილება. არადა, მათ ისე შეჭამეს ქართული ფეხბურთი, როგორც მუმლმა მუხა და ფილოქსერამ - ვენახი.

ჩვენი ბრალია, ალბათ, ისიც, რომ დღეს არაერთ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თავი მესი და რონალდო თუ არა, გრიზმანი და რიბერი მაინც ჰგონია. არადა, გამოჩნდება ვინმე - სხვაზე ოდნავ უკეთესი, დიდი სიხარულიც გვიპყრობს, მაგრამ ზომიერების გრძნობას რომ არ ეღალატება, ეს კი გვავიწყდება.

ქართული საფეხბურთო თემი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყოველდღე ხვდება. ჩვენი ბრალია დასტურ ისიც, რომ ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე არ ვეძიებით. არ ვწირავთ ადამიანებს და ხშირად ნახევარ სიმართლეს ვამბობთ. არადა, სხვანაირად რომ მოვიქცეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების ნახევარს თავი არ გამოეყოფოდა...

იქნებ ჩვენი ბრალია ისიც, რომ ქართული კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს ევროპულ გეზთან, ჩვენი მწვრთნელებისა თუ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და ბოლომდე თვითონ არ იცის, რა უნდა ფეხბურთში; რომ ჩვენი სტადიონები ყველაფერს ჰგავს,  სტადიონების გარდა; რომ საქართველოში ფეხბურთი თანდათან კარგავს სპორტის ფლაგმანის მისიას, რომ ჩვენმა ნაკრებმა როდის მოიგო ბოლო ოფიციალური თამაში, კარგად აღარც გვახსოვს...

კიდევ ბევრი "რომ" და კიდევ ბევრი "იქნებ" შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ საჭირო აღარ არის.

დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ყოველდღიურ ყოფაში მილიონი ნაკლია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ჩვენი ამქარი ასცდება, მაგრამ უნდა დაიწეროს ერთმნიშვნელოვნად: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ რომელიმე სეგმენტი არის სუფთა და გაუსვრელი, თუ შეიძლება, ვინმეს იმედი გვქონდეს უკეთესობისთვის ბრძოლაში (და ეს დიდი ომი აუცილებლად გადასახდელია), თუ სადმე არის რესურსი, რომელსაც სჭირდება ამოქმედება, ეს უდავოდ ჟურნალისტები არიან.

იმაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მცირე უკეთესობა, მცირე წინსვლა და ჩვენი ნიჭი და უნარი სულ სხვანაირად წარმოჩნდება. სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტი უშუალოდ ვერ განაპირობებს ამ პროგრესს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ბერკეტი არ უპყრია ხელთ.

ჩვენი საქმე და საკეთებელი უკეთესად მაშინ კეთდება და ჩანს, როცა საფეხბურთო მექანიზმი გამართულად მუშაობს. დღეს კი ბევრისთვის მთავარ დამნაშავედ მაინც ჟურნალისტი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
აუცილებელია საზოგადოებრივი განწყობის ცვლიება! თუ იცით ეს რას ნიშნავს კიდევაც გააკეტებთ!ამის შემდეგ სიმართლის წერა აღარ შეგეშინდებათ.
შოკირებული გულშემატკივარი
16:46 17-08-2017
0
კომენტატორებო მოეშვით ტრანსლიაციის დროს ბაზრობას და თქვენი ვერსიების გადმოცემას,ნუ უსწრებთ მოვლენებს, მიჰყეთ თამაშის მსვლელობა და ნუ გვიშლით სხვა ბაზრობებით ნერვებს. ასევე სპორცმენების ზედმეტი სახელებით მოხსენიებას: ,,მანჩო"" ,,მარკო" ,,დემე" და ა.შ. ვითომ ამით რა მათთან ახლო ხართ??ეს, რომ იცოდეთ ჩვენ სულ ერთ ადგილზე გვკიდია, ჩვენ ტრანსლიაციის ყურება გვინდა და არა თქვენი სულელური აზრების მოსმენა. არ დაბლოკოთ გთხოვთ.
კოტე
12:48 17-08-2017
0

სიახლეები პოპულარული