რეკორდული ტრანსფერების ისტორია: 120 ათასიდან 222 მილიონამდე

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, სატრანსფერო ბაზარი სამუდამოდ შეიცვალა - თუ აქამდე, ფეხბურთელში გადახდილი სარეკორდო თანხა 105 მილიონი ევრო იყო, ახლა რეკორდი 222 მილიონი ევროა.

ნეიმარი ისტორიაში მე-20 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მანამდე არსებული სატრანსფერო რეკორდი დაამხო. ამ 20 შემთხვევიდან მხოლოდ 4-ჯერ მოხდა, რომ ახალი სარეკორდო ტრანსფერის თანხა მისი წინამორბედისას მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა.

ისტორიაში პირველი სარეკორდო ტრანსფერი 1945 წლის 1 ივლისით თარიღდება, როდესაც მექსიკურმა "ატლანტემ" კოსტა რიკელი თავდამსხმელი ხოსე რაფა მესა 120 ათას ევროდ* შეიძინა. ამჟამინდელი რეკორდი ამ თანხას 1850-ჯერ აღემატება. ეს ნიშნავს,
რომ ნეიმარში გადახდილი თანხის სანაცვლოდ ისტორიაში პირველი რეკორდული ტრანსფერის მთავარი გმირის 1850-ჯერ ყიდვა შეიძლებოდა.

მესას რეკორდმა 8 წელი გაძლო. 1953 წლის 1 ივლისს, "რეალმა" "რივერ პლეიტიდან" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ალფრედო დი სტეფანო 217 ათას ევროდ შეიძინა. ნეიმარში გადახდილ 222 მილიონად 1023 ალფრედო დი სტეფანოს შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.

7 წლის შემდეგ, რეკორდი კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთლმა, ჯანი რივერამ მოხსნა. "ალესანდრიადან" "მილანში" ის 300 ათას ევროდ გადავიდა. "როსონერის" რომ ნეიმარში გადახდილი თანხა ჰქონოდა, რივერას 740-ჯერ შეიძენდა.

მორიგი რეკორდი კვლავ იტალიურმა კლუბმა დაამყარა. 1963 წელს, "რომამ" დორტმუნდის "ბორუსიადან" იურგენ შიუტცი 400 ათას ევროდ შეიძინა, ნეიმარის ტრანსფერზე 555-ჯერ იაფად.

1971 წლის დეკემბერში, "არსენალმა" "ევერტონს", ალან ბოლის სანაცვლოდ, 840 ათასი ევრო გადაუხადა. ეს სარეკორდო ტრანსფერებიდან ერთადერთია, რომელიც ზამთარში განხორციელდა. გარდა ამისა, ბოლის ტრანსფერი, სარეკორდო ტრანსფერებს შორის ბოლოა, რომელიც მილიონ ევროზე ნაკლები დაჯდა. ნეიმარში გადახდილი ფულით კი ამ ფეხბურთელს 264-ჯერ შეიძენდით.

1973 წელს, ლეგენდარული იოჰან კრუიფი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელშიც მილიონზე მეტი გადაიხადეს. "ბარსელონამ" "აიაქსს" 2 მილიონი ევრო გადაუხადა, იმაზე ზუსტად 111-ჯერ ნაკლები, ვიდრე ნეიმარში თავად აიღო.

კრუიფის რეკორდი 6 წლის შემდეგ მოიხსნა. 1979 წელს, ენდი გრეი "ასტონ ვილადან" "ვულვერჰემპტონში" 3 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი ტრანსფერი ნეიმარისაზე 74-ჯერ იაფი დაჯდა.

შემდეგ დიეგო მარადონას ჯერი დადგა. ლეგენდარული არგენტინელი ერთადერთია, რომელიც რეკორდული ტრანსფერის მონაწილე 2-ჯერ გახდა, თანაც ზედიზედ. 1982 წელს, ის "ბოკა ხუნიორსიდან" "ბარსელონაში" 8 მილიონად გადავიდა, 2 წლის შემდეგ კი, "ნაპოლიმ" "ბარსას" 5 მილიონი ევროთი მეტი გადაუხადა. ამ ფასების გათვალისწინებით, ნეიმარში გადახდილი ფულით მარადონას 28-ჯერ, ან 17-ჯერ ყიდვა იყო შესაძლებელი.

მარადონას რეკორდი 8 წლის შემდეგ გაუმჯობესდა, როდესაც "იუვენტუსმა" "სამპდორიას", ჯანლუკა ვიალის სანაცვლოდ, 16.5 მილიონი, ანუ ნეიმარის ტრანსფერზე 13-ჯერ იაფი გადაუხადა.

შემდეგი იყო ალან შირერი. "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ბლექბერნს" 21 მილიონი ევრო ჩაურიცხა. ეს გარიგება ნეიმარის ტრანსფერზე 11-ჯერ იაფი დაჯდა.

შირერის "ნიუკასლში" გადასვლით სატრანსფერო რეკორდების დამყარების მხრივ ყველაზე აქტიური პერიოდი დაიწყო. 1996-დან 2001 წლის ჩათვლით, არსებული რეკორდი ყოველ წელს უმჯობესდებოდა.

შირერის ტრანსფერს "ბარსელონდან" "ინტერში" რონალდოს 28 მილიონად გადასვლა მოჰყვა. შემდეგ იყო "სან პაულუდან" "ბეტისში" დენილსონის 31.5 მილიონ ევროდ გადასვლა. 1999 წელს, კრისტიან ვიერი "ლაციოდან" "ინტერში" 46.48 მილიონად გადავიდა. ნეიმარში გადახდილ თანხად, რონალდოს 8-ჯერ, დენილსონის 7-ჯერ, ხოლო ვიერის 5-ჯერ შეიძენდით.

2000 წელს ფლორენტინო პერესის ერა დაიწყო. მისმა "რეალმა" სატრანსფერო რეკორდი ზედიზედ 4-ჯერ დაამყარა, რაც, თავის მხრივ, რეკორდია. მადრიდელებმა, 2000 წელს, "ბარსელონადან" ლუიშ ფიგუ 60 მილიონად გადაიბირეს. ერთი წლის შემდეგ, "რეალმა" "იუვენტუსს" ზინედინ ზიდანში 73.5 მილიონი ევრო გადაუხადა. 2009 წელს, კრიშტიანო რონალდოს ჯერი დადგა - "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" 94 მილიონ ევროდ. გარეთ ბეილმა ამჟამინდელი თანაგუნდელის რეკორდი 2013 წელს გააუმჯობესა, როდესაც "სამეფო კლუბმა" მის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 101 მილიონი გადაუხადა. "რეალის" რეკორდებსა და ნეიმარის ტრანსფერს შორის პარალელი რომ გავავლოთ, ასეთ შედეგს მივიღებთ: ნეიმარის სანაცვლოდ 3 ფიგუ, 3 ზიდანი, 2 რონალდო ან 2 ბეილი მოვიდოდა.

ნეიმარის ტრანსფერამდე რეკორდი პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 105 მილიონ ევროდ დაბრუნება იყო. ამ ტრანსფერიდან ერთი წლის შემდეგ, ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" 222 მილიონად გადავიდა. 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ არსებულმა რეკორდმა მხოლოდ ერთი წელი გაძლო. ვინ იცის, იქნებ არც ნეიმარის რეკორს უწერია დიდი დრო...

*შენიშვნა: ტრანსფერების ფასები მოცემულია transfermarkt-ის მიხედვით, ტრანსფერების ვალუტის ევროში კონვერტაციით
მკითხველის კომენტარები / 13 /
ალფრედო დი სტეფანო რეალს რივერ პლეიტიდან არ შეუძენია, ბარსელონამ შეიძინა ბოგოტას მილიონარისიდან, ორი თამაში ჩაატარა ბარსაში და მერე ფრანკომ წაართვა რეალისთვის
გელა
07 აგვისტო 2017 09:56
1
დღეს ისეთი დროა მარტო მაისურების გაყიდვით ამოიღებენ 60% ამიტომაც რისკავენ ....რომ იტყვიან ხოლმე ამერიკამ საქართველოს გრანტის სახით 30 მილიონი გამოუყო
goga
06 აგვისტო 2017 15:24
1
45 წელში ევროც ყოფილა.
1945
06 აგვისტო 2017 14:20
2
პირველი ფერბურთელი ვისშიც მლნ გადაიხადეს, იყო იტალიელი სავოლდი
^*
05 აგვისტო 2017 18:54
0
სტატიის ბოლოს შენიშვნა არ წაიკითხეთ?
აბა რომ დაეწერათ, ის 120 მილიარდ ფრანკად იყიდეს, ეს 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ის კიდევ 500 მილიადრ ლირადო, გაარკვევდით რამეს?
გავაზელი
05 აგვისტო 2017 18:21
1
ცნობისთვის: ევრო ბრუნვაში 2002 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა...
avtors!!!
05 აგვისტო 2017 14:41
8
ევრო 2002 წლიდან კი არა გუშინ, რომ შემოსულიყო ბრუნვაში მაინც არაფერს ცვლის.. ავტორს მითითებული აქვს სტატიის ბოლოს *შენიშვნა: ტრანსფერების ფასები მოცემულია transfermarkt-ის მიხედვით, ტრანსფერების ვალუტის ევროში კონვერტაციით. თუ არ კითხულობთ ავტორის ბრალი არაა :D :D
avtor ar miakcio kuradgeba
05 აგვისტო 2017 17:46
2
ძველად არ ვიცი როგორ იყო. 1990-იანი წლებიდან რომ ფეხბურთელების და ზოგადად, სპორტსმენების, ასევე მთლიანად კლუბების ყიდვა-გაყიდვაში, რომ ფული თეთრდება და ე.წ. "ატკატები" ტრიალებს, ფაქტია. კიდევ, იცოდეთ რომ სხვადასხვა დონის ტურნირებზე და თვით მსოფლიო ჩემპიონატებზე მსაჯების მოსაქრთამად თითქმის ყველა გუნდს ფული აქვს გადადებული. ამ ფულს ხშირად არა მიკერძოებით, არამედ მიუკერძოებლად მსაჯობაში იხდიან. ეს ეხება ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის და სხვებს.
გიო
05 აგვისტო 2017 14:27
0
გეთანხმები, ეგ ფულის გათეთრების ერთ-ერთი წყაროა. იგივეა ხელფასებშიც. დაახლოებით ნახევარს კლუბების მეპატრონეებს უბრუნებენ. ყველაზე დიდი "ატკატები" მაინც კრივშია. ისე, ხელოვნებაშიც დიდი წილია ფულის გათეთრების.
ლაშა
05 აგვისტო 2017 14:44
0
- შირერი ბლექბერნიდან გადავიდა
- გამორჩენილია სტენ კოლიმორის გადასვლა ნოტინგემიდან ლივერპულში რომელიც ასევე სარეკორდო იყო იმ დროში
გოგა_ბ
05 აგვისტო 2017 13:48
0
1945 წლის 1 ივლისი:"ატლანტემ კოსტა რიკელი თავდამსხმელი ხოსე რაფა მესა 120 ათას ევროდ შეიძინა"

არ ვიცოდი 1945 წელს თუ ევროები იყო უკვე :D
giorgi
05 აგვისტო 2017 13:18
6
ეგ შენიშვნა ევროებზე მერე დაამატეს სტატიას, თავიდან არ იყო :)
giorgi
05 აგვისტო 2017 20:02
0
კაი კაცო! კარგად უნდა შეხედო როგორ წერია და გეცოდინება რაც იყო
me
05 აგვისტო 2017 18:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული