სფფ-ის ყრილობა: უფასო ფეხბურთი, ვალები, პროექტები

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVII ყრილობაზე რამდენიმე სიახლე გაჟღერდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბოლო ერთ წელიწადში განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა და საქართველოში ჩატარებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა...

ვალებსა და უფასო ფეხბურთზე...
ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ არსებული ვალების განახევრება მოახერხა:

"ფეხბურთის ფედერაციის საშინაო და საგარეო ვალები 18 მილიონი იყო. ჩვენი მოსვლის შემდეგ ეს ციფრი განახევრდა. შევეცდებით, უახლოეს პერიოდში ეს ვალები მაქსიმალურად შევამციროთ", - ამბობს კობიაშვილი.

ამას გარდა, ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვთა ფეხბურთში ახალი პროექტის დაწყება იგეგმება:

"სექტემბრიდან ამოქმედდება
პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე სკოლაში, პრიორიტეტული იქნება ფეხბურთი და პირველი-მეორე კლასების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ ივარჯიშონ. ეს ფეხბურთის მასობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა".

მოედნებსა და ინფრასტრუქტურაზე...
ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 10 გუნდიდან ბევრი საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს, ზოგ სტადიონზე ხელოვნური საფარია, რაც ტრავმების რისკსაც ზრდის და თამაშის ხარისხზეც უარყოფით გავლენას ახდენს...

კობიაშვილმა ინფრასტრუქტურის პრობლემებზეც ილაპარაკა:

"სფფ-ს სურს, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა ბუნებრივ საფარზე ითამაშონ. ამ მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ვითანამშრომლებთ, რომ მომავალი წლიდან ამ ლიგების წარმომადგენელი გუნდების სტადიონებზე მოედნის საფარი შეიცვალოს.

ამას გარდა, რამდენიმე სტადიონიც მოწესრიგდა - მაგალითად, გორში ჩატარდა სამუშაოები და იქ მაღალი დონის ტურნირების მიღებაა შესაძლებელი. ფედერაციას გადმოეცა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამას გარდა, მალე სტადიონის მშენებლობის დასრულებას ველოდებით ზუგდიდში, ხოლო ბათუმში - საფეხბურთო ბაზის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე ამთავრებს რუსთავის აკადემიის მშენებლობას, რომელთან დაკავშირებითაც პრობლემები იყო. კარგია, რომ ყველა სირთულე დავძლიეთ და წლის ბოლომდე რუსთავის აკადემიაში სფფ-ის ტექნიკური ცენტრი განთავსდება...

ლაგოდეხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი ბაზაა. ამჟამად იქ მინდორი იცვლება და 2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხში, ფაქტობრივად, განახლებული სტადიონი გვექნება, სადაც წლის ბოლომდე განათებაც დამონტაჟდება, 2018 წელს კი ლაგოდეხში რეგიონული ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

უდიდესი მადლობა სახელმწიფოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - მათი ინიციატივით წამოწყებული მშენებლობის ფარგლებში 6 საფეხბურთო-სავარჯიშო მოედანი შეემატება ქართულ ფეხბურთს. ინფრასტრუქტურული განვითარება არ უნდა შეჩერდეს".

სატელევიზიო პროექტით
ფეხბურთის ფედერაციაში არსებული მონაცემებით, ეროვნული ლიგის გაშუქების სატელევიზიო პროექტმა გაამართლა:

"ცხადია, ვიზიარებ იმ კრიტიკას, რომელიც ევროთასებზე ქართული გუნდების გამოსვლას მოჰყვა, მაგრამ ვერ გავიზიარებ იმ არაადეკვატურ შეფასებებს, თითქოს, ეს წარუმატებლობა ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ბრალია.

ეს ფონდი იმიტომ შეიქმნა, რომ ქართული კლუბების სტაბილური არსებობა უზრუნველყოს. ამავე დროს, სტიმულირების ფონდის შექმნით, გუნდებს დამატებითი თანხების მიღების მოტივაციაც გაუჩნდათ. ჩვენ წინსვლასა და პროგრესზე ვფიქრობთ, საამისოდ კი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით.

მაგალითად, მიგვაჩნია, რომ უაღრესად დადებითი როლი ითამაშა ეროვნული ლიგის გაშუქების პროექტმა, რომელსაც "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ერთად ვახორციელებთ. ამ პროექტის შედეგია, რომ ჩვენი ჩემპიონატით ხალხი მეტად დაინტერესდა, სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობა გაიზარდა და საერთოდაც, ყურადღება აშკარად გაზრდილია", - ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

პრესტიჟული ტურნირები საქართველოში
საქართველო მალე ქალთა ორ პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს: 2020 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, წლეულს კი, 22-28 აგვისტოს, თბილისი ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მიიღებს.

საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "მართვე" თურქეთის, სლოვაკეთისა და ლიტვის გუნდებს დაუპირისპირდება.

კობიაშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სფფ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტის, ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის და ძველი სტერეოტიპის დასანგრევად:

"ქალთა ეროვნული ჩემპიონატი გასულ წელს დავიწყეთ და სასიხარულოა, რომ 6 გუნდის ნაცვლად, მასში უკვე 9 გუნდი მონაწილეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება და ჩართულობა იზრდება, რაც ფეხბურთის განვითარების მაცოცხლებელი ძალაა".

ქალბატონი ევა, ბატონი ოლივერი...
ყრილობას ფიფას განვითარების პროგრამების ევროპის კოორდინატორი ოლივერ იუნგი და უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ევა პასკიე ესწრებოდნენ.

ბატონმა იუნგმა ფიფას მხრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მხარდაჭერაზე ილაპარაკა:

"ფეხბურთის ფედერაციამ წელიწად–ნახევარში ბევრი რამის გაკეთება შეძლო. უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელმაც განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა. ასევე, ყველასთვის მოსაწონია ის რეფორმები, რომლებსაც სფფ-ის გუნდი ახორციელებს. ეს ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. ამ პროექტებს ფიფა აუცილებლად დაუჭერს მხარს. ჯანი ინფანტინო მიმდინარე მოვლენებზე მუდმივად საქმის კურსშია. ფიფას ყველა პროგრამის მიზანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს იმ გზის გასვლაში დაეხმაროს, რომელიც ქართულ ფეხბურთს ააღორძინებს".

ქალბატონმა ევამ კი ბრძანა:

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, მათ შორის, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის განსაკუთრებული მასპინძლობისთვის. ბატონმა ლევანმა მადლობა უეფასა და ფიფას გადაუხადა, ეს არ არის სწორი, რადგან ფიფა და უეფა არიან მადლობლები საქართველოსი იმ საოცარი შემართებისა და განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტებისთვის, რასაც ფეხბურთის წინსვლისთვის აკეთებთ. მაგალითად, მასობრიობის ზრდა უმთავრესი პრიორიტეტია.

ჩვენი გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი ხშირად სტუმრობს საქართველოს და ისიც მადლობას გითვლით, რომ ამდენს მიაღწიეთ. რამდენიმე წლის წინ ვერ ვიტყოდით, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი არსებობდა. ახლა ეროვნულ ჩემპიონატს ატარებთ, თქვენი გოგონები საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობენ, 2020 წელს კი ქალთა ევროპის ჩემპიონატს მიიღებთ, რადგან უეფასა და, ზოგადად, ფეხბურთისათვის უმნიშვნელოვანეს ტურნირებს საქართველო სამაგალითოდ მასპინძლობს.

პრეზიდენტმა ბავშვთა ფეხბურთზეც ილაპარაკა, რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მხარი დაუჭირეთ ფედერაციის მმართველებს, რადგან მათი ხედვა, არჩეული გზა და პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის რეალური და მისაღებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული