ევროპის საკლუბო ტურნირები: რა თანხას მიიღებენ ქართული კლუბები?

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე უპრესტიჟულესი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მათ გუნდს არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ "ყარაბაღმა" შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" დაამარცხა (5:1, 1:0).

ამ ფაქტმა აზერბაიჯანში ისეთი სიხარული გამოიწვია, ხალხი ბაქოს ქუჩებში გამოვიდა და "ყარაბაღის" წარმატებას აღნიშნავს. მაგრამ ამ წარმატებას მხოლოდ მორალური მხარე არ ახლავს - ეს სოლიდურ ფინანსურ წარმატებას უკავშირდება და ისედაც მდი
დარი აგდამური კლუბი კიდევ უფრო გამდიდრდება...

თანხები 2017/18 წლების სეზონში
2017/18 წლების სეზონში ჩემპიონთა, ევროპის ლიგებისა და სუპერთასის მონაწილეები 1.3 მილიარდ ევროზე მეტ შემოსავალს მიიღებენ.

ლიგის ბოლო ფინანსური წარმატების ამბავი დაგაინტერესებთ და ამიტომ ბევრ საინტერესო ფაქტს მოვიყვანთ.

საერთო თანხა დააახლოებით 2.35 მილიარდ ევროს შეადგენს: 12% (282 მილიონი) საორგანიზაციო ხარჯების დაფარვას მოხმარდება, 8.5% (199,7 მლნ) სოლიდარობის ფონდისთვის იქნება გამოყენებული. დარჩენილი 1.86 მილიარდის 8% ევროპული ფეხბურთის საჭიროებისთვის უეფაში დარჩება, ხოლო 92% მონაწილე კლუბებს შორის განაწილდება, 1.3189 მილიარდი ევრო კი ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მონაწილეებზე გადანაწილდება.

ჯგუფში გასულები და გამარჯვებულები
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრილი 32 გუნდის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა - 2015 წელს 8.6 მილიონი იყო და ახლა 12.7 მილიონამდე გაიზარდა. ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის კლუბზე გათვალისწინებული ბონუსის ოდენობა 1.5 მილიონს შეადგენს, ფრეზე - 500 ათასს. თითოეული მერვედფინალისტი 6 მილიონით გამდიდრდება, მეოთხედფინალისტი - 6.5 მილიონით, ხოლო ნახევარფინალისტი - 7.5-ით.

ლიგის გამარჯვებული დამატებით 15.5 მილიონს მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 11 მილიონს, პლუს - ბილეთებიდან მიღებული თანხის პროცენტს. ასე რომ, კლუბს შეუძლია 57.2 მილიონი გამოიმუშაოს, რაშიც შესარჩევი ეტაპის თანხები არ არის გათვალისწინებული.

პლეი ოფის რაუნდი
ლიგის პლეი ოფის რაუნდის მონაწილეებს უეფა 50 მილიონს დაურიცხავს, საიდანაც 2 მილიონი გამარჯვებულზეა გათვლილი, ხოლო 3 - გავარდნილ კლუბზე. ამ უკანასკნელს მეტი თანხა გავარდნის საკომპენსაციოდ ეძლევა, გამარჯვებული ხომ ისედაც მდიდრდება.

სოლიდარობის ფონდი
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩარჩენილ კლუბებზე საერთო შემოსავლის 3.5 პროცენტი გადანაწილდება, ანუ, დააახლოებით - 82.2 მილიონი. გავარდნილი კლუბები შემდეგ თანხებს მიიღებენ:

I შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 220 ათასი ევრო
II შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 320 ათასი ევრო
III შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 420 ათასი ევრო (ამ თანხას მხოლოდ გავარდნილები მიიღებენ).

ამას გარდა, ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონი, რომელიც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდება, დამატებით 260 ათას ევროს მიიღებს. თანხას არ მიიღებენ პლეი ოფში გასულები.

117,5 მილიონი ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციებს დაერიცხებათ: 80 პროცენტი ლიგის მონაწილე ქვეყნების ასოციაციებს, ხოლო 20 - ლიგაში ვერმოხვედრილი ქვეყნების ორგანიზაციებს.

ევროპალიგის თანხები
ევროპალიგაზე 400 მილიონ ევრომდე განაწილდება. ჯგუფურ ეტაპზე გასული 48 გუნდიდან თითოეული 2,6 მილიონ ევროს მიიღებს. პლუს - ჯგუფში თამაშის მოგებაზე 360 ათას ევროს, ხოლო ფრეზე - 120 ათასს. თითოეული მეთექვსმეტედფინალისტი 500 ათასით გამდიდრდება, ჯგუფში გამარჯვებული 600 ათასით, ხოლო მეორეადგილოსანი - 300 ათასით.

წავიდეთ წინ. მერვედფინალისტი კიდევ 750 ათასს მიიღებს, მეოთხედფინალისტი - 1 მილიონს, ნახევარფინალისტი - 1,6 მილიონს. ევროპალიგის გამარჯვებულს კიდევ 6.5 მილიონი დაერიცხება, ხოლო ფინალისტს - 3.5 მილიონი, პლუს - ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის პროცენტი.

ასე რომ, ევროპალიგაზე გამარჯვებული კლუბი 15,71 მილიონს გამოიმუშავებს. შესარჩევი ეტაპის თანხები არც ამ შემთხვევაშია გათვალისწინებული.

თანხები ასევე გათვალისწინებულია საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე კლუბებზე.

I შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 215 ათასი ევრო
II შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 225 ათასი ევრო
III შესარჩევი ეტაპის მონაწილეები - 245 ათასი ევრო (თანხას მხოლოდ გავარდნილები მიიღებენ).

ცხადია, ევროპალიგაში, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებული და შედარებით მოკრძალებული თანხებია. მაგრამ ეს მოკრძალებული თანხაც ჩვენს კლუბებს ძალიან წაადგებოდათ, 2-3 წრე რომ გაევლოთ და არსებულ ბიუჯეტს მინიმუმ გაიორმაგებდნენ.

ქართული კლუბების შემოსავლები
ამგვარად, "სამტრედია", რომელიც ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ყარაბაღმა" გააგდო, მონაწილეობისა (320 ათასი ევრო) და ჩემპიონობისთვის (260 ათასი) 580 ათასი ევროთი გამდიდრდება. ეს დღევანდელი კურსით 1,635 მილიონი ლარის ეკვივალენტურია.

საოცარია - წარუმატებლობის მიუხედავად, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს პირობების გათვალისწინებით, მილიონზე მეტს მიიღებს და ერთი ეტაპიც რომ გადაელახა, ბიუჯეტი ლამის გაუოთხმაგდებოდა.

ევროპალიგის მონაწილე სამივე ქართული კლუბი გათამაშების პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა და 215 ათას ევროს დასჯერდა, რაც დააახლოებით 606 ათასი ლარია.

კლუბების წლევანდელი ევროშემოსავლები
კლუბი თანხა (ევრ)
სამტრედია 580 000
ჩიხურა 215 000
დინამო ბთ 215 000
ტორპედო 215 000

მიუხედავად წარუმატებელი გამოსვლისა, ვერ ვიტყვით, რომ ქართულ კლუბებს წლეულს ყველაზე მწირი შემოსავალი ჰქონდათ: სულ რაღაც 5 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის პირველ-მეორე ეტაპებზე უეფა კლუბებს 120-130 ათას ევროს ურიცხავდა, ევროპალიგაზე კი - 90 ათასს. ახლა ეს ციფრები ლამის 3-ჯერ გაიზარდა.

ასე რომ, ამ მწირი ევროშედეგებითაც კლუბებმა საკმაოდ სოლიდური შემოსავლები მიიღეს და იმედია, მას გაძლიერებას მოახმარენ.

მაგალითად, "სამტრედიას" 1,635 მილიონი ლარით საკმაოდ ნორმალური ლეგიონერების დამატება შეუძლია და იმედია, გუნდის ამჟამინდელი სატრანსფერო აქტიურობაც ამით არის გამოწვეული. თუნდაც ევროპალიგის მონაწილეები რომ ავიღოთ - 606 ათასი ლარი ქართული კლუბებისთვის სოლიდური ფულია და იმედია, მომავალ ევროსეზონს ოდნავ გაძლიერებულები მაინც შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა რა უნდა გაძლიერდნენ ისევ შეჭამენ და მერე დაიწყებენ ხელის გაშვერას სახელმწიფოზე და მათხოვრობას
ზიზუ
17:26 26-08-2017
0

სიახლეები პოპულარული