"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სფფ-ში გატარებულ პერიოდსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- არასდროს გინანიათ, რომ პრეზიდენტობას დათანხმდით? მაგალითად, იმ მომენტებში, როცა ორი კლუბი ერთდროულად გამოცხადდა საქართველოს ჩემპიონად, როცა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის მსაჯები და ფეხბურთელები დააკავეს "ბილეტები. გე"-ს სკანდალისას და ა.შ.?
- მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, რა სიტუაციაც იყო, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია. კრიტიკოსები ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ ვიმეორებ - ბედნიერი ვარ, რომ ფედერაციის სტაფთან ერთად, რომელმაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლა
ამ საფეხბურთო დღესასწაულს, მეც მქონდა წვლილი "წლის მატჩად" აღიარებულ უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის უფლების მოპოვებასა და ორგანიზებაში.

შესაძლოა, ზვიად სიჭინავას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩატარდა თბილისში ეს შეხვედრა, ჩემს დროს მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, გაკეთდა არაერთი სტადიონი და ა.შ.

- ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ სფფ-ში 16 მილიონ ლარზე მეტი დახვდა დავალიანება როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის სახით!
- რომელი 16 მილიონი?! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ავიღეთ, ევროს გაცვლითი კურსი 1,73 იყო, ინფორმაციის გამოქვეყნების დროს კი დაითვალეს კურსით - 2,64. თითოეულ ევროზე დამატებით 0.90 ლარის ანგარიში როგორი მათემატიკაა?! მე აღარ მინდა წარსულ ამბებზე ლაპარაკი და თუ ვინმეს უნდა, მზად ვარ, ყველაფერზე ვუპასუხო.

- რას უპასუხებთ ბრალდებას, რომ თქვენს დროს, სფფ-ში შტატები უზომოდ იყო "გაბერილი" და 300 თანამშრომლიდან ზოგიერთი ისე იღებდა საკმაოდ დიდ ანაზღაურებას, რომ ფედერაციაში ერთხელაც არ მისულა?
- ტყუილია! რატომ 300? ბარემ 1000 თქვან! მაჩვენონ ჩემი საშტატო ნუსხა და მიუთითონ, სად იყო "გაბერილი" და რომელი თანამშრომელი არ მუშაობდა!

აიღეთ საშტატო განრიგი და მითხარით - ვინ იყო ტყუილად გაფორმებული და არ დადიოდა, რომელი იყო "მკვდარი სული" და ვინ იღებდა ხელფასს სახლში ყოფნისთვის?! ფედერაციის ყველა თანამშრომელს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ დღეს რამდენი მუშაობს სფფ-ში? ასე ხომ მეც შემიძლია დავიწყო მტკიცება, რომ 300 ან 700 ადამიანია დასაქმებული ფედერაციაში...

- ფედერაციას თავად ვალი ჰქონდა და ამ დროს, სხვებს ურიცხავდა თანხას?! დავით მუჯირის თქმით, 100 ათასი ლარია გადარიცხული "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში"...
- თანხა არ მახსოვს, მაგრამ ვადასტურებ, რომ გადარიცხვა მართლაც იყო. კლუბთან მემორანდუმი გვქონდა გაფორმებული და ბავშვები დაგვყავდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი პოტენციური გულშემატკივრები და ჩვენც ისევე დავეხმარეთ მათ საქმიანობაში, როგორც თავად გვედგნენ გვერდით. ეს ყველაფერი სხვაგვარი დატვირთვით გაკეთდა და არ ვფიქრობ, რომ ფედერაციას დახმარების უფლება არ ჰქონდა.

- როგორ ფიქრობთ, თუნდაც ზუგდიდელები, ოდესმე გაპატიებენ იმ სიტყვებს, რაც სოხუმში, სადღეგრძელოში უთხარით აფხაზ თანამესუფრეებს?
- სულ იმ ჩანაწერს ატრიალებენ, ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით: სანამ აფხაზეთი ოკუპირებულია, სანამ ფსოუს საზღვართან ქართველი მესაზღვრე არ დადგება, ყოველთვის ვიტყვი, რომ საქართველოს დედაქალაქი სოხუმია!

- მაგრამ იმ ჩანაწერში აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებთ!
- ავტონომია რას ნიშნავს? თუ დღეს აფხაზეთი ავტონომიური ქვეყანა არ არის, რატომ აქვს მთავრობა, სამინისტრო, რომელიც თბილისშია?! მე მინდა, რომ აფხაზს შევურიგდე, რომ ფსოუზე ქართული ჯარი იდგეს, ყოველ საღამოს შეგვეძლოს სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში ჩასვლა. მინდა, რომ სოხუმი ისევ ხელმისაწვდომი იყოს ყველა ქართველისთვის და ავტობუსი ენგურის ხიდთან არ ჩერდებოდეს!

- ეს ყველას გვინდა, მაგრამ როცა აფხაზებს ეუბნებით - თქვენს ქვეყანას გაუმარჯოსო, ეს აღიარება არ გამოდის?!
- მე რის აღიარების უფლება მაქვს, პრეზიდენტი ვარ თუ პრემიერ-მინისტრი?! ჩემს სახლში ვისხედით და ვთქვი ის, რაც ახლაც გაგიმეორეთ.

- ფეხბურთს დავუბრუნდეთ: ალბათ, არ მოგწონთ ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი - თქვენ ხომ 16-გუნდიან პირველობას ემხრობოდით?
- მე მაშინაც ვამბობდი, რომ ფეხბურთი, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, მაგრამ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა. მე ხომ არაპროფესიონალი ვიყავი? ისინი პროფესიონალები არიან და ეს ფორმატი მიაჩნიათ უკეთესად. იმედია, გაამართლებს კიდეც - მომავალ წელს მაინც!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძლივს დაგივიწყეთ და ისევ თავს გვახსენებ?სირცხვილია სხვა თუ არაფერი.........რატო გემართებათ თქვენს სასარგებლოდ ამნეზია,საკვირველია პირდაპირ.........
GORELI2
10:25 04-10-2017
0
დამოუკიდებელი აფხაზეთის სადღეგრძელოს აღარ სვამ ?
Zura
19:52 03-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული