- ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
- ზუგდიდის სტადიონის ამბავი, ცხადია, ყველას გაგვიხარდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაუგებარი ბეტონის მესერი გააკეთეს...
- მომისმინეთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ: უეფა სტადიონებს ახარისხებს შემდეგნაირად: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიებად. ფეხბურთის ფედერაციის ექსპერტები ვიზიტისა და ანალიზის შემდეგ განსაზღვრავენ ყველა სტადიონის ნუსხას,
- ჩვენი სტადიონებიდან საერთაშორისო მოთხოვნებს რომელი პასუხობს?
- საქართველოში ყველა კატეგორიის სტადიონი გვაქვს: მე-4 კატეგორიისაა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", სადაც შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისა და ყველა სანაკრებო მატჩის გამართვა. უეფას სუპერთასიც ხომ ჩინებულად ჩავატარეთ... მე-3 კატეგორიაშია გორის "თენგიზ ბურჯანაძე" და თბილისის "მიხეილ მესხი". ამ არენებზე შეიძლება სანაკრებო და უეფას საკლუბო ტურნირების პლეი ოფების ჩატარება. მე-2 კატეგორიაშია ქუთაისის "რამაზ შენგელია", ზესტაფონის "დავით აბაშიძე"...
- ქუთაისისა და ზესტაფონის სტადიონებს რა შეზღუდვები აქვთ?
- ამ სტადიონებზე მხოლოდ ევროთასების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ახალგაზრდული სანაკრებო თამაშების ჩატარება შეიძლება, ოღონდ, სანაკრებო და საკლუბო ტურნირების პლეი ოფების - არა.
- ახლა ზუგდიდის მშენებარე სტადიონს რაც შეეხება...
- ჩემი მონაცემებით, ზუგდიდში მესამე კატეგორის სტადიონის აშენებას აპირებდნენ. ბათუმის ახალი, 20-ათასიანი სტადიონის დამპროექტებელმა ასე გააკეთა - ფეხბურთის ფედერაციაში გამოგვიგზავნა პროექტი, რომელიც სფფ-ის ყველა უწყებამ დეტალურად განიხილა, მივეცით შენიშვნები და თუ ყველაფერი გაითვალისწინეს, ბათუმში მეოთხე კატეგორიის სტადიონი გვექნება. ზუგდიდში კი მშენებელმა კომპანიამ ფედერაციას არ მიმართა. ამ სტადიონის მშენებელი ფირმის მუშაკებს მარნეულში მე შევხვდი.
- მარნეულში რატომ?
- იქ მე-2 კატეგორიის სტადიონი აშენდება. ტენდერში მონაწილეობას ზუგდიდის სტადიონის მშენებელი კომპანია იღებდა და გამოვხატე მზადყოფნა, ზუგდიდში ოფიციალურად ნებისმიერ დროს ჩავსულიყავით, თუკი ფედერაციას ოფიციალურ წერილს მისწერდნენ. ეს კი საქმეს უდავოდ წაადგებოდა. ამ დრომდე მათ ფედერაციაში არაფერი მოუწერიათ.
- ანუ ბეტონის ბარიერები თქვენთვის სიახლე იყო?
- "ფეისბუქზე" ფოტოების განთავსების შემდეგ ფედერაციის ბევრმა თანამშრომელმა გაკვირვება გამოხატა ამ ბეტონის ბარიერის გამო, მეც პროფესიულმა ალღომ მიკარნახა და დასავლეთ საქართველოში სხვა სტადიონების სალიცენზიო ტურის დროს, ზუგდიდის სტადიონზე აღნიშნული ბეტონის კედლის სანახავად შევიარე.
- ეს უსაფრთხოების წესების დარღვევაა?
- ფიფას, უეფასა და სფფ-ის ყველა შესაბამისი დებულება თუ პარაგრაფი გვეუბნება: მანძილი გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე უნდა იყოს 6 მეტრი, ხოლო კარის ხაზიდან შემოღობვამდე - 7.5 მეტრი.
- შემოღობვაში რა იგულისხმება?
- მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის. მანძილი სარეკლამო დაფებამდე გვერდითი ხაზიდან, მინიმუმ, 4 მეტრი, კარს უკან - 5 მეტრი, ხოლო კუთხურებთან - 3 მეტრი უნდა იყოს. იგულისხმება სარეკლამო დაფები, რომელიც მინდვრის გარშემოა განლაგებული და რომელთა სიმაღლე არის 90-100 სმ. ცხადია, სარეკლამო დაფები შესაბამისი რბილი მასალით არის დამზადებული, დევს მინდვრის დონეზე და მყარად არ არის დაფიქსირებული ნიადაგსა თუ სარბენ ბილიკზე.
- აბა ზუგდიდის სტადიონის მშენებლებმა რა შეცდომა დაუშვეს?
- ალბათ, არსებული ბეტონის შემოღობვა სარეკლამო დაფების მისამაგრებელ ადგილებად მიიჩნიეს, რაც, ბუნებრივია, ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა. ასეთი რამ 2013 წელს ქუთაისის "ტორპედოს" მცველს, გიორგი ონიანს შეემთხვა და კარიერა დაასრულა.
ანუ ზუგდიდში ახლა ორი ვარიანტი აქვთ - ეს ბეტონის ბარიერები უნდა აიღონ ან მოედნის სიგანე შეამცირონ.
აქ კი საკითხი ასე დგას: კატეგორიების მიხედვით, მინდვრის ზომებს შორის შემდეგი განსხვავებაა: მე-2 კატეგორიის სტადიონის მინდვრის ზომებია 100 მეტრი 64 მეტრზე, ხოლო მე-3 კატეგორიის - 105 მეტრი 68 მეტრზე. ანუ, თუკი ზუგდიდის სტადიონის მინდორმა არ დააკმაყოფილა შესაბამისი ზომები, მე-3 კატეგორიას ვერ მიიღებს და მეორე კატეგორიისთვის იბრძოლებს. მოედანს სფფ-ის შესაბამისი, ოფიციალურად მოწვეული კომისია გაზომავს.
- სხვა რამე პრობლემაც ხომ არ არის?
- აქვე ვიტყვი, რომ სტადიონის კატეგორიზაციისას მინდვრის გარდა, კიდევ უამრავი სხვა საკითხია გასავლელი: გასახდელები, სამსაჯო, დოპინგკონტროლის ოთახი, სამედიცინო ოთახი, პრესლოჟა, ტელეკამერების სადგამები, საპრესკონფერენციო, ჟურნალისტთა სამუშაო ოთახი, ვიპ-ლოჟა, პარკინგი და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი შესამოწმებელია!
- კი მაგრამ ამ ბეტონის ღობის აღება რა პრობლემაა?
- ერთმანეთზე გადაბრალებას და ჩხუბს, სჯობია პრობლემა ერთად გამოვასწოროთ, თუკი, რა თქმა უნდა, მშენებელი კომპანიის სურვილი იქნება. მოგვმართონ ოფიციალურად და სტადიონს შესაბამისად შევამოწმებთ.
- თქვენი იქ ყოფნის დროს მშენებლებს რჩევა მიეცით?
- ადგილზე მყოფ მუშებს დავუტოვე სფფ-ისა და უეფას შესაბამისი დებულებების ამონაწერები, ჩემი კოორდინატები და ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ ზუგდიდში ჩასასვლელად. შავ მუშად ვიმუშავებ, ოღონდ ეს ხარვეზები გამოსწორდეს, რადგან ეს სტადიონი არის ჩემი და ნებისმიერი ქართველის და დიდი სურვილი მაქვს, ქვეყანაში კიდევ ერთი ევროპული დონის არენა გვქონდეს.
მცირე ხნის წინ გამოვთქვი იდეა, რომ ამ სტადიონისთვის ოთარ გაბელიას სახელი დაერქმიათ. იმედია, რამაზ შენგელიას, ოთარ გაბელიას და სხვა ქართველი ვარსკვლავების სახელობის არენებზე მალე ქართული გუნდები უეფას ტურნირებს უმასპინძლებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-შემოღობვაში რა იგულისხმება?
-მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის (სწერია - არ შეუქმნის).
ლაშა- ახლო მანძლიდან შეჯახება ნიშნავს თეორიულადაც კი დასაშვებ მანძლის, როცა ფეხბურთელი ეცემა არა მინდორზე (მათ შორის ხაზს გარეთაც), არამედ მყარ შემოღობვაზე, ანაც ბარიერზე. მაგალითისთვის გიორგი ონიანის შემთხვევაა- მანძილი ხაზიდან იყო 275 სანტიმეტრი, მაგრამ ბურთისთვის ორთაბრძოლა მოხდა ზედ ხაზზე, გიორგი მაღალი ბიჭია, ბიძგიც ძლიერი იყო და კეფით დაეჯახა ბოძს, -- შედეგად ხერხემლის მალების დაზიანება მიიღო, ბეწვზე გადარჩა და დღესაც ორი ლითონის ფირფიტა აქვს ჩამაგრებული კისრის მალებს აქეთ-იქით!
ზუგდიდის შემთხვევაში კი, მოედნის გვერდითი ხაზიდან ამ ბეტონის ბარიერამდე 5 მეტრია დაშორება. როგორც პროექტიდან ჩანს ამ მანძილში ჩასმულია სათადარიგოს მოთამაშეების ადგილები და მწვრთნელების ვარირებისთვის სამოძრაო უჯრედი მოედნის მიმდებარედ. ანუ საკმაო მანძილია და ფეხბურთელებს ამ ე.წ. ღობესთან არაფერი ესაქმებათ. მითუმეტეს მოედნის ხაზსა და ამ ბარიერს შორის სარეკლამო დაფებიც მოეწყობა მსუბუქ კონსტრუქციებზე.
იმედია, ფეხბურთელები შეგნებულად გადხტებიან სარეკლამო რიგს და არ გაექანებიან მაგ ბეტონისკენ.
ზოგადად კი ვთვლი, რომ ის ბეტონის ბარიერი არ უნდა ყოფილიყო პროექტში და ფეხბურთის ფედერაციას მასზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა, როდესაც შესათანხმებლად წარუდგინეს.