ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან

AutoSharing Option
დღეს, 23 აპრილს, "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის დაწყებისას დამსწრეებმა ნინო ხურციძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი - არჩილ კეკელია, ტურნირის პარტნიორები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა და სფფ-ის აკადემიის ხელმძღვანელი - ირაკლი ლილუაშვილი, ტურნირის სპონსორები: "VTB ბანკის" მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი - შოთა მაჭავარიანი და "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ლალი ბრეგვაძე წარდგნენ.

მათ ტურნირის მნიშვნელობაზე, მონაწილე გუნდებსა და გათამაშების კალენდარზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: "დინამო" (საქართველო) "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), "სპარტაკი" (რუსეთი), "დინამო" (ბელორუსი), "დინამო" (კიევი), სფფ-ის აკადემია (საქართველო).

ჯგუფური და პლეი-ოფის მატჩები აკადემიის მოედნებზე გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.

ტურნირის მენეჯერი არჩილ კეკელია: "ამ ტურნირისთვის მზადება დავიწყეთ ნახევარი წლით ადრე. ყველაზე რთული, ალბათ, გუნდების შერჩევა იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ტურნირი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ევროპის კლუბები სამომავლო განაცხადს აკეთებენ. მაგალითად, მონაწილეობას ძალიან გვთხოვდა ბელგიური "გენკი", რომლისთვისაც სამწუხაროდ, ტურნირზე ადგილი ვერ მოიძებნა. მსურველთა რიცხვში ასევე იყო ტურინის "იუვენტუსი". ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს "იუვენტუსი" ტურნირზე გვეყოლება. ასევე ბოლო მომენტამდე სათუო იყო მადრიდის "რეალის" მონაწილეობა, რომელიც ასევე მომავალ წელს გვეყოლება".

ტურნირის კალენდარი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 24 აპრილს დაიწყება.

შარშან ვიტალი დარასელიას თასის ფინალში კიევის "დინამომ" "აზ ალკმაარი" დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და თუ ამდენი მსურველია და უარს ეუბნებით, არ ჯობია ცოტა მეტი აიღოთ საკუთარ თავზე და დაამატოთ გუნდები. უფრო წარმამადგენლობითი ტურნირი ჩაატაროთ. სპონსურები უეჭველი გამოჩდებიან თუ მართლა ასეთი კარგი კლუბები არიან მსურველები. ჩვენი ქვეყნის რეკლამაც იქნება და ბავშვების მეტ გამოცდილებას მიიღებენ.
grisha
22:29 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული