საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

AutoSharing Option
22 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ფეხბურთის ფედერაციაში ვიტალი დარასელიას შვილებს გადასცა.

"ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის ასი წლის საიუბილეო კვირეული და ბუნებრივია, რომ ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ
ადამიანების განსაკუთრებულ ღვაწლს, ვინც ჩვენ ყველას გვეამაყება და ვინც გვაერთიანებს.

ქართული საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყვნენ და არიან ჩვენი სპორტსმენები და განსაკუთრებით კი, ფეხბურთელები.

როდესაც თქვენ იმარჯვებდით, იმ მომენტში, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება. იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც მართალია, არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა თავისი გამარჯვების, წარმატებისა და ბრძოლის უნარს. გვახსოვს, რომ ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ეს დღეები საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის დღეებად გამოაცხადა. დაუვიწყარია ის ემოცია, რასაც აკეთებდა ვიტალი დარასელია მოედანზე. ეს ემოცია იყო, რამაც კიდევ უფრო წელში გაგვმართა და იმის შეძლება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამ ღვაწლის აღსანიშნავად, ჩვენი ზეიმის გასაძლიერებლად, მინდა, ბატონი ვიტალი დარასელია დავაჯილდოვო ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ და ეს ჯილდო გადავცე მის შვილს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"პრეზიდენტის აქ მობრძანება ჩვენთვის საამაყოა. განსაკუთრებით კი, ის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ჩვენთან იმყოფება. ვიტალი დარასელიას ღირსების ორდენით დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ასეთი ნაბიჯებით ადამიანების დაფასება ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ჯილდოვდებიან სპორტის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ფეხბურთის წარმომადგენლები. ქართული საფეხბურთო ოჯახის სახელით მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს" - ლევან კობიაშვილი. 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული