"გულწრფელად მითხარი, სასაცილო არაა, რომ ორი ქართველი ერთმანეთს ინგლისურად უნდა ვესაუბროთ?!"

AutoSharing Option
დავით ლორია 36 წლის ქართველი მეკარეა, რომელიც ყაზახეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის ნაკრების სახელით თამაშობს.

კარიერის განმავლობაში მას არაერთ გუნდში უასპარეზია, ახლა კი კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ორდაბასში" ირიცხება.

რა კავშირი აქვს ფეხბურთელს საქართველოსთან, ჰქონდა თუ არა შანსი, ეთამაშა საქართველოს ნაკრებში და რას ფიქრობს ლორია ერთა ლიგის შესახებ...

Sportall.ge ინტერვიუს ჩასაწერად მეკარეს ყაზახეთში დაუკავშირდა. საუბარი კი საინტერესოდ დაიწყო.

დანარჩენს კი უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ...

- პირველ რიგში, გკითხავთ, თქვენი გუნდის, "ორდაბასის" მწვრთნელად ქართველი კახა ცხადაძე დაინიშნა. თუ ელაპარაკეთ მას და რა იცით
ამ მწვრთნელის შესახებ?

- ჩვენ მასთან ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ და ერთი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ცხადაძეს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ. ის "კაირათში" ძალიან კარგად მუშაობდა.

- თქვენ ყაზახეთის მოქალაქე ხართ. თუ ცხოვრობდით საქართველოში და რა შეხება გაქვთ ამჟამად ჩვენს ქვეყანასთან?
- როდესაც 17 წლის ვიყავი, მაშინ დამიკავშირდნენ და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, მაგრამ ამ დროს უკვე ვთამაშობდი ყაზახეთის 20-წლამდელებში.

ასევე მიმაჩნია, რომ ყაზახეთის ნაკრებში თამაშზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი საქციელი, რადგან ყაზახეთში დავიბადე და როდესაც შენ ამ ქვეყნაში იბადები და მთელ ცხოვრებას აქ ატარებ, ამ ქვეყანას პატივი უნდა სცე და ყველაფერი გააკეთო მისთვის.

მე ქართველი ვარ და ამას ვგრძნობ, მაგრამ ყაზახეთში დავიბადე, ეს ჩემი სახლია... ყაზახეთმა მომცა ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. ამიტომ მე ამ ქვეყნის მიმართ პატივისცემა უნდა გამომეჩინა, ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს.

- თუ იცით ქართულად რამდენიმე სიტყვა და გყავთ თუ არა ქართველი მეგობრები?
- რა თქმა უნდა, ქართული სიტყვები ვიცი. მამაჩემი აფხაზეთიდან არის და სანამ ომი დაიწყებოდა, იქ ნათესავებთან ყოველ წელს ჩავდიოდით, მაგრამ დედაჩემი რუსია და სახლში სულ რუსულად ვსაუბრობდით.

რასაკვირველია, როდესაც სახლში რუსულად საუბრობ, რთულია, ქართულად კარგად ისაუბრო, მაგრამ ქართულად ბევრი სიტყვა მესმის...

განსაკუთრებით, მას მერე, რაც ნალჩიკის "სპარტაკში" ვითამაშე, სადაც სამი ქართველი ასპარეზობდა. სულ მათთან ერთად ვიყავი, მაგრამ გამართულად საუბარი მიჭირს და ჩემი ცუდი აქცენტის გამო ქართულად საუბრის კომპლექსი მაქვს.

რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ყაზახეთში ქართველთა საზოგადოება გვაქვს. ჩემი მეუღლის მამინაცვალი ქართველია. ჩვენ საქართველოსთან კავშირები გვაქვს და ამ ქვეყნის შესახებ ყველაფერი ვიცით.

- ყაზახეთში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. რას იტყოდით მათ შესახებ?
- დიახ, ისინი წარმატებულები არიან და ძალიან კარგად თამაშობენ. საქართველოდან ვინც ჩამოდის, ყველა კარგად თამაშობს.

ყველამ იცის, როგორ სტილში თამაშობენ ქართველები. ისინი ძალიან ტექნიკურები და ჭკვიანები არიან. ამიტომ სურს ყველა გუნდს, საკუთარ რიგებში ქართველი ჰყავდეს.

ადრე ბევრი ქართველი თამაშობდა. მერე პაუზა იყო და დაახლოებით სამი წელი საქართველოდან არ ჩამოდიოდნენ სათამაშოდ, მაგრამ ბოლო დროს ისევ ბევრი ქართველი გამოჩნდა ყაზახეთში.

ახლა ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ისინი აძლიერებენ ჩვენს ჩემპიონატს. ამიტომაც არიან ქართველი ფეხბურთელები ყაზახური კლუბებისთვის საინტერესონი.

- ქართული ფეხბურთის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
- ეს ძალიან რთულია ჩემთვის, რადგან მე იქ არ ვარ და კარგად არ ვიცი სიტუაცია... არ ვიქნები სწორი, მე თუ ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრებ, რადგან უბრალოდ არ ვიცი დეტალურად, რა ხდება იქ.

- თუ იცნობთ თქვენივე მოგვარე მეკარე გიორგი ლორიას, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარეა?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ. ვართ თუ არა ნათესავები? შესაძლებელია... იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ შეკრებაზე ერთად მოვხვდით. ის თავის გუნდთან ერთად იყო, მე - ჩემს გუნდთან.

ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ და არ გამოვრიცხეთ, რომ შესაძლებელია, ჩვენ მართლაც ნათესავები ვიყოთ.

- რისი თქმა შეგიძლიათ ყაზახეთის ჩემპიონატზე, რა დონისაა ის?
- ყაზახური კლუბების ბოლოდროინდელი წარმატება ყველაფერზე მეტყველებს. "ასტანა" საკმაოდ წარმატებულია, ასევე "კაირატიც".

ჩვენი ფეხბურთი ყოველწლიურად ვითარდება. ყაზახ გულშემატკივრებს თუ ჰკითხავ, ბევრ უარყოფითს მოისმენ. ისინი მაინც ძალიან კრიტიკულები არიან, მაგრამ შიგნიდან თუ შევხედავთ სიტუაციას, აშკარაა, რომ კლუბებში ყოველწლიურად უკეთესი ლეგიონერები ჩამოდიან.

უკეთესი მწვრთნელებიც ჩამოდიან და კლუბებიც უფრო თავდაჯერებულად თამაშობენ საერთაშორისო დონეზე. რასაკვირველია, ეს ჩვენ გვაძლიერებს.

ყაზახეთში ფეხბურთელების და მწვრთნელების კარგი თაობა წამოვიდა. ასე რომ, მხოლოდ ფული არაა მთავარი მიზეზი, მაგრამ პრობლემებიც გვაქვს... ყაზახეთში მოედნების პრობლემაა, კლიმატის გამო ძალიან ბევრი ხელოვნური მოედანია და თუ ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, ჩვენი ფეხბურთი სამჯერ უფრო სწრაფად განვითარდება.

რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სიტუაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ფეხბურთელები ძალიან ახალგაზრდულ ასაკში ტოვებენ ჩემპიონატს. ყაზახეთში ასე არაა, ისინი გაცილებით დიდხანს რჩებიან საკუთარ კლუბში და სტაბილურად თამაშობენ.

- რას გვეტყოდით ყაზახეთის ნაკრებზე... რა არის თქვენი ნაკრების მთავარი პლუსი და მინუსი?
- ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ წინ მივდივართ! ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ძალიან წარმატებული იყო კლუბში მუშაობისას და ის წარმატებული აღმოჩნდა ნაკრებშიც.

- სტანიმირ სტოილოვის მოსვლის შემდეგ თქვენმა ნაკრებმა აშკარად მოუმატა. რისი დამსახურებაა ეს?
- პირველ რიგში, ის ყაზახ ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობს. ასევე, მან გუნდში დისციპლინა დაამყარა. ფეხბურთელებიც კარგად იცნობენ მას და მის სათამაშო სტილს ადვილად აუღეს ალღო.

- ყაზახეთში ერთა ლიგასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. რას ამბობენ ყაზახეთში საქართველოს ნაკრების შესახებ და როგორ ელოდებიან ჩვენს ნაკრებთან შეხვედრას?
- ეს მარტივი კითხვაა. ქართველი და ყაზახი გულშემატკივრები ერთნაირად ფიქრობენ. ორივენი მიიჩნევენ, რომ მათმა ნაკრებებმა უნდა მოიგონ ჯგუფი, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ლატვიისა და  ანდორის ნაკრებები და ეს სწორი არაა. არავინ იცის, რა მოხდება.

- თქვენ გჯერათ, რომ ყაზახეთის ნაკრები პირველ ადგილზე გავა და საქართველოს აჯობებს?
- ვფიქრობ, ჯგუფის ყველა გუნდს პატივი უნდა ვცეთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ეს შეცდომა იქნება.

- რას იგრძნობთ, როდესაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ გამოხვალთ?
- ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთული იქნება. როდესაც გავიგე, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში, ძალიან გამიხარდა.

- აპირებთ თუ არა მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას?
- მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება მომავალში, მაგრამ მე ყაზახეთი ძალიან მიყვარს... ამას გულწრფელად ვამბობ. ყაზახეთის ჰიმნს თამაშის დროს გულით ვმღერი, რადგან ამ ქვეყანამ არა მხოლოდ მე, არამედ მამაჩემს და ბაბუაჩემსაც ყველაფერი მისცა, რაც გაგვაჩნია.

ყაზახეთი მრავალფეროვანი ქვეყანაა და რთულ სიტუაციებში ის გახსნილი იყო სხვა ხალხების მიმართ. ამიტომ დამიჯერეთ, ყაზახეთი ნამდვილად განსაკუთრებული ქვეყანაა.

- საქართველოს ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ყაზახეთში მუშაობდა. რა იცით მის შესახებ და რას ამბობენ ყაზახეთში ჩვენს მწვრთნელზე?
- დიახ, ის ძალიან კარგი მწვრთნელია! მისი "კაირატში" მუშაობის დროს მეც ამ გუნდში ვთამაშობდი და კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ვაისი.

ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება მწვრთნელების დაპირისპირების კუთხითაც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ორივე ყაზახეთში მუშაობდა. მაშინაც მათი კლუბების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო.

- ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყოდით, რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
- აჭარული ხაჭაპური, მაგრამ იშვიათად ვჭამ, რადგან ძალიან კალორიულია. ჩემს ოჯახს ქართული რესტორანი აქვს ყაზახეთში. როგორც გითხარით, საქართველოსთან ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს.

- რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს?
- მოდით სტადიონზე და თქვენს გუნდს უგულშემატკივრეთ! მოედანზე დიდ საფეხბურთო ბრძოლას იხილავთ!

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
მკითხველის კომენტარები / 6 /
სათაური ტექსტთან რა შუაშია?
გოგა
17:03 25-06-2018
0
ეს კაცი ყველაფერში მართალია, წარმატებებს ვუსურვებ! ცუდი სხვა რამაა--ეს გულანთებული კაცი ჩვენი დროის მამლუქია და იმ ქვეყნის პატრიოტია ვინაც გაზარდა. სწორედ ესაა ჩვენი ტრაგედია--ჩვენ დავკარგეთ და ყაზახებმა იპოვეს! არადა--სადა გვყავს დასაკარგავი შვილები!? საქართველოს ტერიტორია საკმარისია დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანის კომფორტულად საცხოვრებლად და სამწუხაროდ მკვიდრი მოსახლეობაში ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.
ფერნანდო
14:23 23-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული