ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" 2:1 დაამარცხა.
მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ დაძაბული და ეფექტური სანახავი გამოდგა. გთავაზობთ "ტორპედოს" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებას.
როინ კვასხვაძე 6.0 - ქუთაისელთა მეკარეს განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. მის კარს ხიფათისაგან ცენტრალური მცველები იცავდნენ, ხოლო როცა საქმეში ჩართვა უწევდა, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. თუმცა გოლის მომენტში მან კარიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რასაც "შერიფის" შედეგიანი შეტევა მოჰყვა.
ლევან გეგეჭკორი 5.5 - ლევანს ახალ გუნდთან შეთამაშება გაუჭირდა და რიგ
მამუკა კობახიძე 7.0 - 25 წლის მცველმა ახალ გუნდს კარგად აუღო ალღო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "შერიფის" ბომბარდირის, ალჰაჯი კამარას და სხვა შემტევების განეიტრალება კობახიძისა და მისი მეწყვილის დამსახურება იყო. ის მეტოქეთა თავდამსხმელებს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა და ერთი-ორი მომენტის გარდა, სტაბილურად გამოიყურებოდა.
ალექსანდრ აზაცკი 7.0 - კობახიძის მსგავსად, "ტორპედოს" ახალწვეულმა ნორმალური შეხვედრა ჩაატარა და დაცვით ფაზაში კარგად ირჯებოდა. გამოსარჩევია უკრაინელი ლეგიონერის თავით თამაში. ის ხშირად ამ კომპონენტში გამარჯვებული გამოდიოდა. რა თქმა უნდა, უშეცდომოდ მასაც არ უთამაშია, თუნდაც გოლის მომენტში, მაგრამ მისი ასპარეზობა ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს.
ლაზარ მარინი 5.5 - ბულგარელი ლეგიონერი მოედანზე ჩაკარგული იყო და ეტყობოდა, რომ გუნდთან შეთამაშებული არ იყო. მეორე მხრივ, მის ფლანგზე შეტევებიც ნაკლებად იქმნებოდა, რაც მას არ ტვირთავდა და თამაშის საერთო კომპოზიციიდან ცოტა შორს იყო. შეტევებს კი მარცხენა ფლანგზე გიორგი ქიმაძე ხელმძღვანელობდა.
მათე ცინცაძე 8.0 - ცინცაძე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მთელი სეზონი "ტორპედოში" გაატარა. ის ზუსტ და გამოზომილ პასებს აკეთებდა, ქმნიდა შეტევებს და გუნდს დირიჟორობდა. ერთადერთი, დაცვით ფაზაში არ იყო ისეთი აქტიური და მეტი სიხისტე მართებდა.
მარეკ გლინკა 6.5 - როგორც ჩამშლელს, ჰლინკას უფრო მეტი სირბილი და აქტიურობა მოეთხოვებოდა, ცოტა მძიმედ მოძრაობდა და მის კონკურენტებს არ უჭირდათ მისი ბარიერის გადალახვა. ერთ-ორ მომენტში თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა მას გაცილებით მეტი მოეთხოვებოდა.
გრიგოლ დოლიძე 7.0 - დოლიძე აღარ არის იმ ასაკში, რომ 90 წუთი ითამაშოს, თუმცა რიგ მომენტებში იმდენად ამწვავებს შეტევას, რომ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელსაც შეშურდება. პირველი ტაიმის განმავლობაში ის საკმაოდ აქტიური გახლდათ და შეტევების შექმნასაც ახერხებდა. რაც მთავარია, პირველი გოლი მისი ძალიან კარგი მოქმედების შედეგია.
გიორგი კუხიანიძე 7.0 - კარგი თამაში გამოუვიდა იმერელთა ნახევარმცველსაც, რომელიც საკმაოდ აქტიური გახლდათ. გიორგი ქიმაძის მიერ მოპოვებული პენალტიც იდეალურად შეასრულა და რამდენიმე მომენტში ახლოს იყო გოლის გატანასთან. პირველ შემთხვევაში მცველებმა არ დაანებეს კარში დარტყმა, ხოლო მეორეჯერ მის დარტყმულზე "შერიფის" მეკარემ კარგი "სეივი" გააკეთა.
გიორგი ქიმაძე 8.5 - გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ქიმაძეა, რომელიც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იმაზე კარგად გაისარჯა, ვიდრე მოველოდით. ის მუდმივად მეტოქის მცველებთან ერთად მოძრაობდა და მათ მოქმედებებს აკვირდებოდა, რის შედეგადაც ორ მომენტში მათი შეცდომით ისარგებლა, პირველ შემთხვევაში გოლი გაიტანა და მეორეჯერ პენალტი მოიპოვა.
ლევან კუტალია 5.5 - ფაქტია, კუტალიას პოზიცია ფორვარდობა არ არის და მას სხვა სახის დატვირთვა სჭირდება. თამაშის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი მომენტი, მათე ცინცაძის შესანიშნავი გადაცემა, რის შედეგადაც მას კარებში უნდა დაერტყა, ცოტა დააყოვნა და შემდეგ პასი გააკეთა, რის შედეგადაც შეტევა ჩაიშალა. კუტალია ქუთაისისთვის დიდი ძალაა. მას შეუძლია მოედანზე თამაში შექმნას ან შეცვალოს, თუმცა ეს დღე მისი არ იყო.
ცვლილებები:
არფანგ დაფე - "ტორპედოს" ახალწვეული ურიგოდ არ გამოსულა და საკმაოდ აქტიურიც გახლდათ. ის ბევრს მოძრაობდა და რაც გამოსარჩევია, გეგეჭკორს დაცვაში ეხმარებოდა. ზოგჯერ ეს ყველაფერი უხეშადაც გამოსდიოდა, რასაც საბოლოოდ ზიგუი ბადიბანგას გაღიზიანება და ფეხბურთელებს შორის კამათი მოჰყვა.
ბექა ტუღუში - ტუღუშს თხუთმეტიოდე წუთი დაეთმო და განსაკუთრებულად არაფრით გამოუჩენია თავი. იყო მომენტები, როცა მეტად ეფექტურად თამაში მართებდა, მაგრამ არც ამას შეუცვლია მატჩის სცენარი.
დავით ხურცილავა - როდესაც "შერიფმა" აქტიურად შეუტია და ქუთაისელთა საჯარიმოს მოსვენებას არ აძლევდა, ხურცილავა სივრცეებს კარგად კეტავდა და გუნდს საიმედოდ იცავდა.
მთავარი მწვრთნელი - კახა ჩხეტიანი 8.0 - როდესაც ქუთაისელთა შემადგენლობა ვნახე, ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი ჩხეტიანის პოზიციური გადანაწილებითა და არჩევანით. თუმცა ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ქუთაისელთა დამრიგებელს ბევრი რამ მათემატიკური სიზუსტით გაუთვლია. ფაქტია, ქართველმა მწვრთნელმა ხორვატ კოლეგას ტაქტიკურად აჯობა, რაც გამარჯვების განმაპირობებელი გამოდგა. ჩხეტიანმა პირველი სვლა იმაზე კარგად გააკეთა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახლა ქომაგი მის შამათს ელის.