10-ბალიანი სისტემა: "ჩიხურას" ფეხბურთელების შეფასება "ბეითართან" მატჩში

AutoSharing Option
12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმის "ბეითარს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:0 დამთავრდა.

თამაში საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა და ანგარიშიც შესაბამისი გამოდგა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ყველაზე მეტად მისაღები საჩხერელებისთვისაა, თუმცა, ამავდროულად, გამოჩნდა, რომ "ბეითარი" არც ისეთი ძლიერი გამოდგა, როგორც წარმოგვედგინა.


გთავაზობთ "ჩიხურას" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს:

დინო ჰამზიჩი 6.0 - ბოსნიელი მეკარე უფრო მაყურებლის როლში იყო. ჰამზიჩს საქმეში ჩართვა ერთ-ორჯერ მოუწია და მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეაჩერა მეტოქეთა აქტიურობა.

რევაზ ჩიტეიშვილი
6.5
- 24 წლის მცველს შესანიშნავი შეხვედრა გამოუვიდა. ის ორმაგად აქტიური გახლდათ, დაცვაშიც არ ატარებდა მეტოქეს და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. იყო მომენტები, როცა მეტად ეფექტური გადაწყვეტილების მიღება მართებდა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს.

ბაქარ მირცხულავა 7.0 - მის ფაქტორზე მატჩის წინაც ვწერდით. ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მან სილვესტრს და ბრიჰონს არ მისცა თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რის გამოც გაი ლუზანოს შეტევაში მათი შეცვლა და ახალი ფეხბურთელების ჩართვა მოუწია.

დავით მაისაშვილი 5.5 - ლევან კაკუბავას არყოფნის პერიოდში მან დაკისრებულ მოვალეობას მეტ-ნაკლებად გაართვა თავი. იყო მომენტები, როცა სივრცეებს ძალიან კარგად კეტავდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული შეცდომებიც.

დავით მეგრელიშვილი 5.5 - მეგრელიშვილმა შეხვედრა ერთ ტემპში ჩაატარა. ძირითადად, დაცვაში ირჯებოდა. შეტევაში თითქმის არ ერთვებოდა და მისი ფლანგიდან შეტევებიც ნაკლებად იწყებოდა.

ლაშა ჩიკვაიძე 4.0 - ლაშა სათამაშო კომპოზიციიდან ამოვარდნილი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუგროვდა. პირველ რიგში, მატჩის მეექვსე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი. საყრდენ ზონაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თავისუფლად მოძრაობდნენ, შეტევებში ჩართვისას კი კარგს ვერაფერს აკეთებდა. არავინ არ დავობს, რომ ლაშა კარგი მცველია და "ჩიხურასთვის" ამ ეტაპზე შეუცვლელი, თუმცა საკუთარ თავზე მეტად უნდა იმუშაოს. ალბათ, უკეთესი იქნება, შემდეგ შეხვედრაში თუ მის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს.

დენის დობროვოლსკი 5.0 - არც დობროვოლსკის ჰქონია კარგი შეხვედრა. ზოგადად, ებრაელებთან შეხვედრაში ვერ იფიქრებდი, რომ საჩხერელებს საყრდენი ნახევარმცველები ჰყავდათ. დენისი დაკარგული ჩანდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ შეხვედრაში კი საკმაოდ დაბალი იყო.

ირაკლი ლექვთაძე 5.5 - ლექვთაძე თითქოს ბევრს მოძრაობდა, მოედანზე ყოფნისას ხშირად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ მეტოქის მცველებთან ვერაფერს გადიოდა. მისი წამოწყებული შეტევები ხშირად უშედეგოდ სრულდება, ხოლო მეორე ტაიმში, როცა საერთოდ აღარ ჩანდა, ის სოსო ფრუიძემ შეცვალა.

ირაკლი ბუღრიძე 7.0 - ბუღრიძე შეიძლება ისრაელში დაიტოვონ. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. 20 წლის შემტევს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ეს "ბეითართან" შეხვედრაშიც გამოჩნდა. ებრაელთა მცველები მას გზააბნეულები დასდევდნენ, ხშირად კი უხეშობით ცდილობდნენ მის შეჩერებას და ამაზე მსაჯი თვალს ხუჭავდა.

თეიმურაზ მარკოზაშვილი 5.5
- არც მარკოზაშვილისთვის იყო იდეალური შეხვედრა, ებრაელთა მცველები მის განეიტრალებს თავისუფლად ახერხებდნენ.

გიორგი გაბედავა 5.5 - მისგან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ კუელაართან და ხილასთან ვერაფერი გააწყო. მცველები მას სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.

შეცვლები

მიხეილ სარდალიშვილი - კლუბში რამდენიმე დღის დაბრუნებული არცთუ ისე ურიგოდ შევიდა მოედანზე, რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია, თუმცა ამას დაგვირგვინება არ მოჰყოლია.

დემურ ჩიხლაძე
- თამაშის მიმდინარეობაში არაფერი შეუცვლია. ძირითადად, ბურთის მოსაპოვებლად მოძრაობდა.

გიორგი ბუხაიძე - მოედანზე არც მის შესვლას არ მოჰყოლია არანაირი სახის შედეგი.

მთავარი მწვრთნელი - სოსო ფრუიძე 7.0 - ამ ადამიანმა თავისი საქმე იმაზე უკეთესად იცის, ვიდრე გვგონია. მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ სტადიონზე უგოლო ფრე, შენზე ძლიერ მეტოქესთან კარგი შედეგია. იმ ფონზე, როცა გუნდს ყველაფერთან ერთად ორმაგი დანაკლისი ჰქონდა დაცვაში: კაშია-კაკუბავა, მან შეძლო თამაში იმ ტემპში წაეყვანა, რითიც უკანა ხაზს დაიცავდა. საერთო ჯამში, მისი გადაწყვეტილებები დადებითად უნდა შეფასდეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული