აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი ბათუმში

AutoSharing Option
29 სექტემბერს, 11:00 საათზე ბათუმის ბულვარში მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

საფეხბურთო ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა. ყველა პატარა ფეხბურთელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდს სავარჯიშო ეკიპირება და სათამაშო ბურთები გადაეცათ.

აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთი ფესტივალს ფედერაციისა და ვორიორსის ორგანიზებით თბილისი რამდენიმე წელია მასპინძლობს, ხოლო ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. ასევე პირველია პროექტში კომერციული სექტორის ჩართულობა- ფესტივალის მთავარი პარტნიორი წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი იყო, რომელმაც თითოეულ მონაწილე განსაკუთრებული საჩუქრებით გაახარა. ხოლო, ღონისძიების მხარდამჭერმა საკონდიტრო
საწარმო ჯორჯიან ბეიქერსი ბავშვებს საკუთარი ნაწარმით გაუმასპინძლდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ უკვე 3 წელია, რაც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და რუსთავში 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ქალაქ ბათუმში გუნდი უკვე 2 წელია ჩამოყალიბდა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულ ვარჯიშებს მართავს.

პროექტის არეალის გაფართოებისა და მეტი ბავშვისათვის ჩართულობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით უკვე ჩატარდა კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოიკვეთა მსგავსი ტიპის გუნდების ჩამოყალიბების პოტენციალი, მათ შორის : ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ახალციხეში.

ლევან კობიაშვილი: არაერთხელ გვითქვამს რომ ფეხბურთი ეკუთვნის ყველას განურჩევლად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის, როგორ თამაშობს და რა მიზნები აქვს. ფეხბურთი იქცა ამ ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და სწორედ ესაა სპორტის ამ სახეობის მთელი ხიბლი. ესაა ჩვენი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი - ყველას მივცეთ საშუალება, ისიამოვნონ ფეხბურთით.

ამიტომაცაა, რომ ჯილდო, რომელიც მოყვარულთა ლიგის პროექტის კონცეფციისთვის ავიღეთ, გვეკუთვნის ყველას, რადგან ფეხბურთის მასობრიობა არის ამოსავალი წერტილი ჩვენი წარმატებისთვის. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ფესტივალის პარტნიორს - წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს, რომელთაც გამოიჩინეს მისაბაძი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩაერთნენ პროექტში, რათა გაახარონ პატარა ფეხბურთელები. ვიმედოვნებ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი თანამშრომლობის და ამასთან ბიბლუსის ეს აქტივობა იქნება მისაბაძი სხვა კომპანიებისთვისაც. მადლობა ჯორჯიან ბეიქერის, რომლებიც მხარს გვიჭერენ ბათუმის საფეხბურთო ფესტივალზე და რა თქმა უნდა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, რომლის წარმომადგენლებიც არამხოლოდ დღეს, არამედ, ბათუმში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო კლუბის არსებობის მანძილზე მხარში უდგანან მათ. და სწორედ ესაა ფეხბურთი - მასობრივი სპორტი და თერაპია ბავშვებისთვის, სპორტი - ყველასთვის!“

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული