საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 23 ოქტომბრიდან შეკრებაზე იმყოფება და ლატვიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირი რიგასა და იელგავაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენს გუნდთან ერთად მასში ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

26 ოქტომბერს, ლატვიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი მოახლოვებული ტურნირისთვის 15 მოთამაშით ემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება პირველად მიეცემა. დღევანდელი
საწვრთნელი პროცესი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ლატვიაში გასამართი ტურნირისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„მესამე დღეა შეკრებაზე ვიმყოფებით, ყველაფერი კარგად მიდის, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სრული შემადგენლობით შეკრების საშუალება არ მოგვეცა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ლეგიონერებს საკუთარ კლუბებში თამაშები აქვთ და ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენთან ყოფნას. ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მივეჩვიეთ და რაც მთავარია ოთხი მოთამაშე რიგაში შემოგვიერთდება.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორ სხვადასხვა გუნდს დავუპირისპირდებით, განსხვავებული გუნდების წინააღდეგ მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს.“

მურთაზ კაკაბაძე - საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი:

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ვაგრძელებთ და ნაკრები, როგორც ყოველთვის, სრულ მზადყოფნაშია. მივემგზავრებით საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ჩვენი მეტოქეები ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები იქნებიან. ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია და ეს მათმა განვლილმა თამაშებმაც დაამტკიცა. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ და ტურნირის გამარჯვებული გავხდეთ.“

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ფუტსალის ნაკრები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.“

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი)

მცველები: შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი)

თავდამსხმელები:
ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა)

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 29 ოქტომბერს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ფუტსალის ნაკრები მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული