ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ბათუმის მშენებარე სტადიონის მონახულების შემდეგ Sportall.ge-მ ფოთს მიაკითხა და დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ადგილობრივი სტადიონის მშენებლობა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება.

უკვე აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ტრიბუნის მიმდებარედ,   1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ახლა 25 ადგილობრივია დასაქმებული.

ამ ეტაპზე სტადიონი უეფას მე-2 კატეგორიის სტანდარტებით შენდება. მას შემდეგ, რაც ყველა ტრიბუნა მოეწყობა, სტადიონი უეფას მე-3
კატეგორიის სტანდარტის შესაბამებისი უნდა გახდეს, რადგან არსებული ინფორმაციით, შეიძლება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშები და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფოთში გაიმართოს.

ფოთის სტადიონის საბოლოო იერსახე ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

"გასულ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოედანზე ბუნებრივი საფარი დააგო. ამჯერად უსაფრთხოების მიზნით სტადიონი დროებით შემოიღობება, მოედნის ირგვლივ ხელოვნური საფარი დაიგება, გაკეთდება სათადარიგოთა დასაჯდომი სკამები და ოთახები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება", - აცხადებენ ფოთის მერიაში.

აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ სატადიონზე თამაშები განახლდება.

სტადიონის მოვლა-პატრონობას ა(ა)იპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება უზრუნველყოფს. ფოთის "კოლხეთმა" აღნიშნულ გაერთიანებას სტადიონი ფინანსური პრობლემების გამო მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს გადასცა.

ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს, თუმცა ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ფოთის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

"ამ ობიექტთან დაკავშირებით სამი კონტრაქტორი კომპანია იყო. პირველი არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ჩვენ მიერ იქნა დისკვალიფიცირებული. ასევე მეორე კონტრაქტორსაც მოუწია იგივე. დავა სასამართლოში გრძელდება. შპს "ნიუ ქონთრაქშენმა" ბიუჯეტს 468 ათასი ლარი უნდა დაუბრუნოს, ხოლო შპს "ხიდმა" - 510 ათასი ლარი. ეს მესამე კომპანიაა "ელიტა ბურჯი", რომელიც საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა. ამჯერად სამუშაოების შესასრულებლად 1 მილიონ 870 ათასი ლარი დაიხარჯა. თვის ბოლოს სტადიონს ჩავიბარებთ", - განაცხადა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ თოდუამ.

იმისთვის, რომ სტადიონმა სრულყოფილი სახე მიიღოს, რაც ითვალისწინებს კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობას, 5 მილიონ 413 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. როგორც იქ აცხადებენ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Sportall.Ge

altბათუმში სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [VIDEO+PHOTO]





მაიკო ძაგანია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მომწნოს პატარა და ლამაზი სტადიონი ქართულ ჩემპიონათს არ ჭირდება ამაზე დიდი
ოთო
13:47 18-02-2019
0
ზუგდიდშიც, რომ გაგევლოთ კარგი იქნებოდა.
beqa
16:52 18-02-2019
0

სიახლეები პოპულარული