სარეიტინგო ქულები - თბილისის "დინამო" უეფაში საქართველოს ყულაბას ავსებს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

ევროთასებზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და უკვე თამამად შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენი სარეიტინგო ქულა მოაგროვეს ქართულმა კლუბებმა.

პირველ რიგში, ჩვენი კლუბების შედეგებს მოგახსენებთ.

თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში 0:5 წააგო - შინ 0:2 და სტუმრად 0:3.

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალა" ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა, რაც შესანიშნავი შედეგია. დინამოელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს 2:0 და შემდეგ "დინამო არენაზე" მეტოქეს 3 ლამაზი გოლი გაუტანეს.

სამწუხაროდ, საჩხერის "ჩიხურა" "აბერდინთან" ორი მატჩის
ჯამში 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. პირველი მატჩი "ჩიხურამ" შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად 0:5 დამარცხდა.

სარეიტინგო ქულები

შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ევროთასებზე 4-გუნდიანი კვოტა აქვს, გამარჯვებისთვის მოპოვებული ქულა 4-ზე იყოფა და შესაბამისად, გუნდი მოგებისთვის 0.25 ქულას იღებს, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულას. მარცხისთვის ქულები არ იწერება.

როგორც ხედავთ, საპასუხო მატჩებში სარეიტინგო ქულების მოპოვება მხოლოდ თბილისის "დინამომ" შეძლო. დინამოელებმა ჩვენს ყულაბას 0.25 ქულა დაუმატეს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს უკვე 1.875 ქულა აქვს.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "დინამო" (თბ) - 1 (4 მოგება)
  • "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 3 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 (2 მარცხი)

  • ჯამში: 1.875 ქულა

ქართულმა კლუბებმა უკვე გააუმჯობესეს გასული სეზონის მაჩვენებელი. მაშინ ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოაგროვეს.

მიმდინარე სეზონის ჩათვლით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს 5.375 ქულა აქვს. საპასუხო მატჩებამდე საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში 46-ე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი 45-ე ადგილზე ვართ, რაც ისევ თბილისის "დინამოს" დამსახურებაა. ბოლო 5 წლის ქულათა ჯამით ისლანდიას გადავუსწარით.

სამომავლო გეგმები

ჩვენზე წინ რეიტინგში, 44-ე ადგილზე მალტა იმყოფება, რომელსაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი "ვალეტა" შემორჩა ევროთასებზე.

სავარაუდოდ, "ვალეტა" ევროთასებს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშება, რადგან მეტოქედ "ასტანა" ჰყავს, რომელიც ზედიზედ სამი წელია ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

საქართველოს კარგი შანსი აქვს, მალტას გადაუსწროს, თუმცა ამისთვის საჭიროა "დინამომ" და "საბურთალომ" მინიმუმ 0.5 ქულა მოიპოვონ, რაც საკმაოდ რეალურად მიგვაჩნია.

თბილისის "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ გრანდს, "ფეიენოორდს" შეხვდება, ხოლო "საბურთალო" - "არარატ-არმენიას".

წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს ევროთასებზე!

მკითხველის კომენტარები / 13 /
საბურთალომ ორივე შეხვედრა უნდა მოუგოს არარატს მერე ფლეი ოფში გამართლების საკითხია ხოლო დინამო არ არის უშანსოდ ფეინოორდი წინა წელს ტრენჩინმა გამოაგდო უშანსოდ მოუგო და დინამო ტრენჩინზე არა ნაკლები გუნდია უკეთესიც თუარა
2
შარშან ტორპედომ რომ მოუტანა მარტომ 1000 სარეიტინგო ქულა (ზუსტად იმდენი რაც ეხლა დინამომ)ყველაზე საჭირო დროს როცა დინამო 1 ეტაპზე გავარდა ის არ ითვლება და არ არის აღნიშვნის ღირსი ხომ თუ დინამოს მოპოვებულ ქულებს + ბონუსები მოყვება და მარტო მისი მონაგარი არის გამოსაყოფი თუ ის უფრო დრომოჭმული სლენგის დინამოს "ფლაგმანობის" გამაპიარებელ მაპროპაგანდირებელი ქვეტექსტის გამოქვეყნებაა მიზანი დინამოს თუნდაც (წელს წარმატებული ასპარეზობის) მოპოვებული ქულებს აღნიშვნა, მარტო დინამოს ქება დიდებით დიდი ვერაფერს გამორჩება ქართული საკლუბო ფეხბურთი ისედაც იმდენი აპიარეს მაგ კლუბი მგონი მოვიდა დრო როცა 21 საუკუნეში ობიექტური სპ: ჟურნალისტები 20 საუკუნის გაცვეთილი ქვეტექსტებიდ არ ასაზრდოებდეს მათ მიერ შექმნილ ამა თუ იმ სტატიას. ობიექტურობა სიმართლის მაქსიმალურად სწორად წარმოჩენა მიუკერძოებლობა და უმთავრესი პროფესიონალიზმი არის წარმატების მიღწევის უპირველესი მამოძრავებელი მექანიზმი ეს ყველა სფეროს ეხება, რაც ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელით დაწყებული რიგითი ხელოსნით დამთავრებული პროფესიონალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის ზოგადად ქვეყანა რაც ერთი შეხედვითაც გამჭირვალედ ჩანს
Anj: Antey
13:12 02-08-2019
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული