"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
ერთხელ მოურინიოს ჟურნალისტმა ჰჯითხა წნეხს ხომ არ განიცდითო? მოურინიომ უპასუხა არაო - წნეხი არის როდესაც ყოველდღიურად ფიქრობ ბავშვს რა აჭამოო და ასეთი მსოფლიოში ბევრიაო. მე მყავს ასეთი (ტუფლდახეული მამა-შვილი ნანახი სტადიონზე თბილისში - იმედით მოსული თქვენ? არა მგონია. რა დაიხვიეთ ეს წნეხი, რას ქვია წნეხს ვერ გაუძლეს? ნუ აპრავებთ ძალიან გთხოვთ.და ეს არ არია მიზეზი. არარტთან ბურთის გორაობა კი არა ხალხი ტანკს უვარდება სამშობლოსთვის. ანწუხელიძე თქვენზე პატარა ვაჟკაცი ბიჭზე თუ გსმენიათ რამე? ეჭვი მეპარება. წნეხს ვერ გაუძლეს ბიჭებმა მათ საგულშემატკივროდ მისული ხალხი რო დაინახეს. ფეზბურთი კი არა სანგრებში უნდა გიკრათ თავი და ნახვთ წნეხს.
სირცხვილია
23:26 16-08-2019
1
ეს სტატია ერთი ადგილის გამოწმენდას გავს, რამდენი გადაგიხადეს ამის დაწერაში ? შემთხვევითობასთან კი არ მაფიასთან გვაქვს საქმე, გუნდი თუ ესე სისტემატიურად აკეთებს ესეიგი ამ კლუბის მეპატრონეები დიდ ფულს შოულობენ მსგავსი გარიგებებით!!!!!!!!!!!!
vai vai
18:32 16-08-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული