იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...
- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე - ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...
- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო -
- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...
- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...
- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...
- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.
- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...
- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!
- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!
- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში. როცა გამომიძახეს, მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.
- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით, არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.
- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...
- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.
"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი
კორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს
ზაზა ჯანაშიამ,პირველ რიგში საკუთარ თავს ავნო,მაგრამ ახლა საფეხბურთო კლუბს ხელმძღვანელობს და წარმატებას ვუსურვებ,ამ საქმიანობაში.მას დიდი გამოცდილება აქვს,კარგიც და ცუდიც.ჭკვიანი კაცი,ორივეს გამოიყენებს,საქმის სასიკეთოდ.მთავარია,ჭკუა ეყოს.სწორედ ამას ვუსურვებ,ზაზა ჯანაშიას!