ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორთან" 1:2 დამარცხდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდა და კარის აღებას ცენტრისკენ შესვლით ცდილობდა. ასეთი ეპიზოდი ორჯერ იყო, თუმცა ბათუმელთათვის შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთხელ საჯარიმოში არეულობის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა გიული მანჯგალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან" შეიქმნა - მე-13 წუთზე სეფა ილმაზმა საჯარიმოში ბურთი კარგად ვერ მიიღო და ხიფათი განიმუხტა. დაახლოებით 25-ე წუთისთვის სტუმრებმა ბურთზე კონტროლი
დაამყარეს და რამდენჯერმე მრავალსვლიანი კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

33-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ალექსანდრ აზაცკი ურტყამდა. ბათუმის "დინამოს" მცველი კუთხურს ითხოვდა, თუმცა ირფან პელიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში შესვლა ცრუ მოძრაობით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმის ბოლოს მუსტაფა იატაბარემ უხეიროდ დაარტყა და გუნდები შესვენებაზე არც ისე მცირე შელაპარაკებით გავიდნენ.

შეტევის გასაძლიერებლად შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია შეუშვა. 48-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოსთან წააქციეს, მამუჩაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტს კი მეკარე ვურალი იოლად დაეუფლა. სტუმრებმა უხეშობას უმატეს და ამაზე ტრიბუნები აქტიურად რეაგირებდნენ. 51-ე წუთზე ბათუმელები ირაკლი აზაროვის მშვენიერმა ვარდნამ იხსნა, თორემ იატაბარე სახიფათოდ ურტყამდა. 54-ე წუთზე კი ფლამარიონი საჯარიმოს სიახლოვეს წააქციეს და საჯარიმოდან მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.

სტუმრებს ფლამარიონთან გამკლავება უჭირდათ - მის წინააღმდეგ კორაი ალთინაი საკმაოდ ხშირად უხეშობდა და მსაჯმა გააფრთხილა, თუმცა 29 წლის მცველი მაინც არ დამშვიდებულა. "სივასპორის" მოთამაშეებს რეალური ხიფათის შექმნა ისევ უჭირდათ. შეხვედრის 68-ე წუთზე მოედანზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტუაციის მართვა უჭირდა. 74-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს, თუმცა ამას ბათუმელთა კართან ხიფათი არ მოჰყოლია. გოლი კი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით შეცვლაზე შესულმა ჯეიმსმა გადაგზავნა - სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თურქები უფრო ლაღად და თამამად ათამაშდნენ. 83-ე წუთი - ახლად შემოსულმა გაფრინდაშვილმა ფლანგიდან სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაიოდემ კუპატაძის კარი დალაშქრა და ბათუმის "დინამომ" დასანანი მარცხი განიცადა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს სივაში გაიმართება.

ბათუმი. „ბათუმი-არენა“
დინამო (ბთ) - სივასპორი 1:2
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), ჯიღაური (ნავალოვსკი 90+2), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 79)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფტჩი, ალთინაი (ენდალი 76), ოკეჩუკვუ, არსლანი, ფაჯრი (იაიგიტერი 90+7), ილმაზი (ფელიქსი 76), იატაბარე (ჯეიმსი 58), კაიოდე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თამაში გეგუჩაძემ წააგო.ბათუმის კაპიტნის (მცველი)სინდისზეა ორივე გოლი.გეგუჩაძემ უნდა იცოდეს, რომ ქართველები პრესინგს 90 წუთი ვერ თამაშობენ.ბატესთან ეს დადასტურდა და იგივე გაიმეორეთ.შეცვლები პირველი გოლის შემდეგ უნდა მომხდარიყო და არა დამთავრებამდე 5 წუთით ადრე.
გიგა
20:00 06-08-2021
1
თურქების პირველ გოლში კუპატაძეს ჩაეძინა.
თომა
16:00 06-08-2021
4

სიახლეები პოპულარული