შეუსრულებელი მისია არ გვაქვს - ბათუმელები ჯგუფს უნდა მიუახლოვდნენ!

AutoSharing Option
12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს, ბათუმის "დინამო" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს - კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თურქულ "სივასპორს" ესტუმრება.

"დინამოს" დღევანდელი მეტოქე ჩვენი გუნდისთვის დაუმარცხებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება. უეფას ახალი წესის მიხედვით კი, მინიმუმ, ერთი გოლის გატანა ბრძოლაში ბოლომდე დაგვტოვებს.

ბათუმურ შეხვედრაში ისე დავმარცხდით, ყველაზე უარეს სცენარში რომ წარმოვიდგენდით - მეტოქემ კარში პირველივე დარტყმა გოლად აქცია, გამარჯვებას კი 95-ე წუთზე მიაღწია. დღეს ქართულ კლუბს უფრო მეტი კონცენტრაცია, ფიზიკური გამძლეობა და იღბალი დასჭირდება, ასე კი
წარმატება უტოპია სულაც არაა.

გია გეგუჩაძე ფეხბურთელებთან ერთად კარგად განიხილავდა პირველ მატჩს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანდა. მას შემდეგ, რაც "სივასპორის" რიგებში შეცვლაზე ლიკ ჯეიმსი შემოვიდა, თურქულმა კლუბმა აქცენტი მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებებზე გააკეთა. ნიგერიელი ფორვარდიც ბათუმელთა კარის სიახლოვეს არ შორდებოდა და მიზანსაც მიაღწია. ცენტრალურ მცველთა წყვილს დღეს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს და წესით, ამაზე გეგუჩაძეს დიდი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მარჯვენა ფლანგი სათანადოდ აქტიური არ იყო - გრიგოლ ჩაბრაძისგან შეტევაში უფრო მეტს ველით და იმედია, თურქულ მატჩში ყველაფერი უკეთესად იქნება. სხვაგვარად, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

"დინამოს" სერიოზული დანაკლისი აქვს - მეკარე ლაზარე კუპატაძე შეხვედრას კოვიდის დადასტურების გამო ტოვებს, ფორვარდი ჯოვინო ფლამარიონი კი მატჩისთვის ბოლომდე მზად არაა. მიხეილ ალავიძე და გიორგი ფანცულაია ის მოთამაშეები არიან, რომლებიც ამ დანაკლისს მაქსიმალურად შეავსებენ, თუმცა ბრაზილიელი ფორვარდის მაინც გვეიმედება.

პირველი მატჩი ძალიან დაძაბული იყო, გაწევ-გამოწევის გარეშე არ ჩაუვლია და ეს გარკვეულ გავლენას დღესაც იქონიებს. "სივასპორი" უხეში გუნდია, თუმცა უეფამ მაღალი კვალიფიკაციის და პრინციპული არბიტრი, ესპანელი რიკარდო ბურგოსი დანიშნა. ჩვენი ფეხბურთელები მოსალოდნელ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

გია გეგუჩაძემ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი 75-ე წუთის შემდეგ ძალიან დაიღალა და ამან სხვადასხვა სირთულე შექმნა. მსგავსი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ერთი კვირა საკმარისი ვერ იქნებოდა, თუმცა იმედია, ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ. მით უმეტეს, არც დამატებითი დროა გამორიცხული.

ბათუმის "დინამოს" სტუმრად გოლების გატანა შეუძლია და ეს ბელარუსის "ბატესთან" კარგად გამოჩნდა. შეუსრულებელი მისია არც დღეს გვაქვს - გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ახლად დაარსებული ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდეს!

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ბათუმის დინამოს.გუნდმა რაც შეეძლო იბრძოლა, ალბათ ცოტაც რომ გამართლებოდა მოიგებდა კიდეც.ეს გუნდი მომავალ წელს დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ალბათ ჰორიზონტზე ჯგუფური ეტაპიც გამოჩნდება.
ქობულეთიდან
00:36 13-08-2021
0
ინტერნეტით როგორ შეიძლება მატჩის ნახვა?
alex
22:05 12-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული