გიორგი ჭიაბრიშვილი: "მე ვენდობი იმ ხალხს, ვინც ზუსტად იცის, რომ აუცილებელია აცრა; ამიტომ ავიცერი"

AutoSharing Option
"სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ერკვევიან ამ საკითხში, გვეუბნებიან, რომ აუცილებელია - უნდა ავიცრათ", - საფეხბურთო გუნდის, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მწვრთნელი აღნიშნავს, რომ იმ სფეროში, რომელშიც ადამიანები საფუძვლიანად ვერ ერკვევიან, დარგის სპეციალისტებს უნდა ენდონ. თავადაც ასე მოიქცა და მედიკოსებს ენდო.

"მე პირადად აცრილი ვარ, რადგან ყველა, ვინც ერკვევა ამ საკითხში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, გვეუბნება, რომ აუცილებელია - უნდა ავიცრათ. ჩვენ - მთელი გუნდი, სპორტსმენები ერთად ავიცერით, რომ რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამ პანდემიისგან. როცა საქმის პროფესიონალები
მეუბნებიან, რომ აცრა უნდა ჩავიტაროთ, სხვა გამოსავალი არ არის, მე მათ ვუჯერებ", - აღნიშნავს გიორგი ჭიაბრიშვილი.

"ლოკომოტივის" მწვრთნელი სპორტულ სამყაროში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. ამბობს, რომ კოვიდრეგულაციებმა რთული ვითარების წინაშე განსაკუთრებით მოზარდი სპორტსმენები დააყენა, რაც, მისი აზრით, სამომავლოდ აუცილებლად შექმნის პრობლემებს. "ფეხბურთში პანდემიის გამო მაყურებლის დაუსწრებლად მნიშვნელოვანი თამაშები გავმართეთ. სამწუხაროდ, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატჩზე რეგულაციების გამო დასწრება ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის დიდი ზარალი იყო, რომ გადამწყვეტ თამაშზე ხალხი ვერ შევიდა. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს? ახლაც ასე გრძელდება. კონკრეტულად ჩემი გუნდის მაგალითზე რომ ვთქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ვითამაშეთ და 7-მა ფეხბურთელმა, რადგან კოვიდიანი იყო, ვერ შეძლო მონაწილეობა. ევროტურზე გასვლის ძალიან დიდი შანსი გვქონდა და ეს შანსიც ხელიდან გავუშვით. ეს ყველაფერი ძალიან აზარალებს სპორტს მთელ მსოფლიოში და ჩვენც ძალიან დაგვაზარალა საქართველოში. მოზარდებს რაც შეეხებათ, უკვე მეორე წელია, ტურნირები აღარ ტარდება. არცერთი ასაკობრივი ტურნირი აღარ იმართება ბავშვებში. ჩვენ ისედაც არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ გავჩერებულიყავით, ახლა კი, როდესაც ამდენი ხანია აღარ თამაშობენ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს მომავალში. ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს ამ ბავშვებისთვის, როცა ტურნირებზე ვერ გადიან? სპორტსმენები არიან და მთელი წელია, ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებიათ", - ამბობს მწვრთნელი.

გიორგი ჭიაბრიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საზოგადოებისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ მოწოდებაზე მნიშვნელოვანი პირადი მაგალითის ჩვენებაა. ამბობს, რომ როდესაც აიცრა, ამით სხვებს დაანახა, რომ ეს არის სწორი გამოსავალი და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანი იარაღი. "ვფიქრობ, ამ სფეროში არ მაქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ ვინმეს რამე მოვუწოდო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მაგალითი ვიყო. როდესაც ამ რთული სიტუაციის წინაშე დავდექით, თავიდანვე გავიკეთე აცრა. ეს ჩემი მაგალითი ვანახე სხვებსაც. მე ვენდობი იმ ხალხს, ვინც ზუსტად იცის, რომ აუცილებელია აცრა. ამიტომ წავედი და ავიცერი. ვფიქრობ, სიტყვასა და მოწოდებაზე ძლიერი არის მაგალითი, რომელსაც შენი ქცევით აჩვენებ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ უნდა ავიცრათ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული