ევრო2022 - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 22 იანვარს ევრო2022-ის პირველ შეხვედრას გამართავს. გრონინგენის მარტინი პლაზა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებებს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა დღეს მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, ირაკლი თოდუასთან ერთად ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „განწყობა ძალიან კარგი გვაქვს, როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს. ყველას გათავისებული აქვს, რა დონის ტურნირზე ჩამოვედით, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს დროშას და ჰიმნს წარმოადგენს ასეთი
დონის ტურნირზე. ასეთ დროს სიამაყის განცდა გეუფლება. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ნაკრები საკმაოდ ძლიერია და რამდენიმე მოთამაშის გამოკლება არ დაეტყობა. დღევანდელი მონაცემებით მეტოქე სრული საბრძოლო შემადგენლობით მიიღებს ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას. უფრო მეტად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანს ვინმე გამოაკლდება და ეს გაგვაძლიერებს".

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებ ასეთ დიდ ტურნირს. ჩვენთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, აზერბაიჯანი კი თითქმის ყოველთვის მონაწილეობს. შანსებს თანაბრად შევაფასებდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში კარგად ჩავატაროთ და ამის მერე ვიფიქროთ შემდეგ თამაშებზე“.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს ნაკრები 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. უკვე ცნობილია იმ 14 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აზერბაიჯანის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებთა D ჯგუფის პირველი თამაში, 22 იანვარს, 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 20:30 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული