ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან
გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.

დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.

ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკრო ტრავმა აქვს, რამდენიმეს - ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.

ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით".

თალეს ფეიტოსა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია.

ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის.

ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“.

შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს".

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიღებული ტრავმის შემედეგ, შეძლებს თუ არა ელისანდრო ესპანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას, მატჩის დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) ესპანეთთან განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან

29 იანვარი | 20:30 | გრონინგენი

საქართველო - ესპანეთი

20:30 | ამსტერდამი

აზერბაიჯანი - ბოსნია-ჰერცეგოვინა

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწვეულ ბრაზილიელთაგან გუნდის დაკომპლეტებას, რომ ქართველებით დაკომპლეტება ჯობია მაგრამ ეს ახალი სპორტია საქართველოში და პოპულარიზაციას საჭიროებს. ევროჩემპიონატზე თამაში კი ამისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია, როგორც ჩანს სპორტის მესვეურებსაც. ისე ცნობისთვის, როცა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში დიდი ფეხბურთი ფეხს იკიდებდა, მაშინდელი გუნდების ხშირად ნახევარზე მეტი არაქართველები იყვნენ, მაგრამ მას ხელი არ შეუშლია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის. დიდი იმედი მაქვს ახლაც ასე იქნება.
გიზოგ
18:37 29-01-2022
0
ვისურვებდი ოპტიმისტურ სათაურს და არა ის მარცხის შემთხვევაში ვის შევხვდებით. ჩვენ ესეც არ გვეგონა რაც შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა და ასე პესიმისტობა არ არის კარგი. უკეთესი იქნებოდა სათაური ფრეც ხელს გვაძლევს პირველ ადგილზე გასავლელეად. ფუტზალში ლიდერები ვინც არიან უკვე გავიგეთ, მარა 1/4 ფინალში სუსტები ვერ გადიან. ჩვენც კარგი ნაკრები გვყანს და წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.
G.LA
13:09 29-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული