„დინამო" დიდ უპირატესობას ფლობდა, უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, საიდანაც ბურთს მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს და კამარას პასით სხირტლაძემ ესტონელთა კარი დალაშქრა. შემდეგ კამარას დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, ძირითადი დრო 0:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.
93-ე წუთზე კამარა მარცხენა ფრთაზე მცველს გასცდა, განივი გადაცემა გააკეთა და ანტილევსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 115-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი სინგატე "დინამოს" საჯარიმოში შევიდა, წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. მატჩი 1:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ესტონურმა გუნდმა 6:5 იმარჯვა.
პიარნუ. „რანასტაადიონი“
პაიდე - დინამო (თბ) 1:2 (ძირ. დრო 0:1, პენ 6:5)
გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)
პაიდე: აკსალუ, კლავანი, ოიამაა (პალუმეცი 90), სალისტე, იუსიფი, ფროლოვი (მოშნიკოვი 79), მოოლი, სიმონი (ტამბედუ 101), სააგი (სინგატე 59), ლუტსი (პიჰტი 76), ოვუსუ (საარმა 101)
დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი (კამარა), კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 60), სხირტლაძე (ანტილევსკი 79)