კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქის, "სტიაუას" პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ თქვა, რომ მწვრთნელ ანტონ პეტრეას ქართულ გუნდთან საპასუხო მატჩის შემდეგ გადააყენებდა, მაგრამ ჩემპიონატზე "რაპიდთან" 0:2 წაგების მერე თავად მწვრთნელი გადადგა.
sport.ro-ს ცნობით, ბეკალიმ გუნდის ჩაბარება 42 წლის ნიკოლაე დიკას (ფოტოზე ) შესთავაზა და პასუხი დღეს უნდა მიიღოს. კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხაი სტოიკამ განაცხადა, რომ დიკა ერთადერთი კანდიდატია, იმედი აქვს, შეთავაზებაზე დათანხმდება და მას "საბურთალოს" განადგურება შეუძლია.
დიკა რუმინეთის ნაკრების თავდამსხმელი იყო, რომლის რიგებში 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა; წვრთნიდა
"არჯეშს", ქვეყნის ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, "სტიაუას" 2017-18 წლებში ედგა სათავეში, გასულ წელს დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ უარი უთხრა.
რუმინული მედია იტყობინება, რომ ბეკალი იმდენადაა იმედგაცრუებული, რომ მზადაა კლუბი თავის სამ ქალიშვილს გადააბაროს - 20 წლის კრისტინას, 25 წლის ალექსანდრას და 26 წლის თეოდორას.
"სტიაუასა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.