ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ლევან კობიაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. 17 წელი მართლაც რამდენი დროა, როცა ქართველი ლეგიონერის გოლს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ველოდით.
"ეს
საქართველო-გიბრალტარის იმ შეხვედრის დროს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, გულშემატკივრებს შორის ერთგვარ კამათს წააწყდებოდი, სადაც ერთი ამტკიცებდა, რომ ისინი კვარაცხელიას სახით მომავალ ვარსკვლავს უყურებდნენ, საპასუხოდ კი იმ მოთამაშეთა გვარები ჩამოთვალეს, იმავე დროსა და ასაკში მაშინ თუ ადრე უფრო წარმატებულად რომ მიიჩნეოდნენ. ხვიჩას განვითარება გეგმაზომიერად, ყოველდღიური შრომით, ხასიათის სიმტკიცითა და ფეხბურთის დიდი სიყვარულით მოხდა. მას არ სჭირდებოდა ადრეულ ასაკშივე დითირამბები, ზღვარგადასული ქება და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად არაორდინარული ქმედებები. ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას "კვარა" ბოლომდე ჩამოყალიბებულად შეხვდა. ამიტომაც, ჩვენ ახლა ვარსკვლავობის გზაზე მდგარი ფეხბურთელი გვყავს და არა "მარად პერსპექტიული", რაც ადრე არაერთხელ გვინახავს...
შორს არ წავიდეთ და "აიაქსთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ. კვარაცხელიამ მატჩამდე იცოდა, რომ მის მიერ გოლის გატანაზე დიდი ავანსები იყო გაცემული, ლოგიკა თუ დედუქცია ამას მოითხოვდა. ყველაფერმა ამან ხვიჩა არათუ დაძაბა, რასაც თუნდაც გამოუყენებელი მომენტი დაერთო, არამედ უფრო მოტივირებული გახადა, თითქოს თვალებში ემჩნეოდა - "აქედან მშრალად მაინც არ გავალო". მცირე ტრავმის მიუხედავად, მიზანი შეასრულა და მოედანი დატოვა. ამ დეტალებში ის დამოკიდებულებებია, რაც მას განსხვავებულს ხდის.
უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ქება მაინც არას გვარგებს. როგორც ჩანს, ამ დონის ინდივიდუალისტების თამაშში მაინც დგება მომენტი, როცა ეპიზოდის დასრულების სურვილი თავად უჩნდებათ. ეს ისაა, რასაც ნეაპოლელთა დამრიგებელი სპალეტი ასე აკრიტიკებს. ხვიჩას მსგავსი ამბავი ჰქონდა და თავადაც გაიაზრა მისი არსი. სამაგიეროდ, დაცვით ფაზასა და საკუთარ კართან სახიფათო სიტუაციების არიდებაში "კვარა" ყველაზე კარგი იყო, რაც კი აქამდე გვინახავს. როცა ანგარიში კომფორტულია, ამ დროს თანამედროვეობის ვარსკვლავებიც, გარკვეულწილად, ივიწყებენ გუნდურობას. ხანდახან ის ფიქრიც მოდის, რომ უკვე დროა, "კვარასაც" მათ მსგავსად "მოეთხოვებოდეს". ისე კი, ქართველი შემტევი, წინა მატჩის მსგავსად, თითქმის ყველა გოლისა და სახიფათო იერიშის მონაწილე იყო.
გარდა ამისა, არსებობს მცირე დეტალები, რაც თუნდაც თანაგუნდელებთან დამოკიდებულებას, მათთან კომუნიკაციას, კარგი და ცუდი ეპიზოდების შესაბამისად მიღებას გულისხმობს. კვარაცხელია აქაც კიდევ უფრო ისაა, ვინც უნდა იყოს.
"ნაპოლი" კი მართლაც აღარ ხუმრობს და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, დაბალანსებული შემადგენლობითა და გაძლიერების კარგი რესურსით...
შეგახსენებთ, "ნაპოლის" რიგებში წლის ბოლომდე ჩატარებულ მატჩებში, ყველა ტურნირზე ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე
დაახატა ზურგზე ბურთი?