გთავაზობთ 13 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:
"ლიდს იუნაიტედმა" გუნდის მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსასთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. არგენტინელი სპეციალისტი ინგლისელთა რიგებში რიგით მე-4 სეზონს დაიწყებს.
როგორც იუგონესი ირწმუნება, 38 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი დანი ალვეში შესაძლოა "სევილიაში" დაბრუნდეს. დიდი ალბათობით, "სან პაულოს" ფინანსური კრიზისით მონჩი ("სევილიის" დირექტორი) ისარგებლებს და ლეგენდარულ მარჯვენა მცველს ანდალუსიელთა რიგებში წაიყვანს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, პეპ გვარდიოლა და "მანჩესტერ სიტი" ჰარი კეინს არ ეშვებიან. "ქალაქელების" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემს" ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობს. ყველაფერი სულ მალე გაირკვევა.
"მიუხედავად ინგლისური კლუბების შემოთავაზებისა, ლაუტარო "ინტერის" დატოვებას არ აპირებს. მას მოსწონს მილანი და თავს ბედნიერად გრძნობს. მას აქ დიდხანს დარჩენა აქვს ჩაფიქრებული" - წერს მარტინესის აგენტი.
Gazzeta Dello Sport-ის მიხედვით, კილიან მბაპეს მომავალი ორშაბათს, 16 აგვისტოს გაირკვევა. ფრანგს ანაღვლებს ის ფაქტი, რომ პსჟ-ის შემადგენლობაში გადმოსული მესი ლიდერობას ჩამოართმევს. ამიტომაც ახალგაზრდა ვარსკვლავს სჭირდება ისეთი გუნდი, სადაც პირველი ოფცია ის იქნება.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, "ინტერს" ლორენცო ინსინიეს ყიდვა სურს. იტალიელ შემტევს "ნაპოლთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ამ სიტუაციას სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება.
პორტუგალიური გამოცემების მიხედვით, "ბენფიკა" დაცვის გაძლიერებას სამუელ უმტიტის დამატებით აპირებს. ფრანგ ფეხბურთელს "ბარსელონა" ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშედ აღარ მიიჩნევს, თანაც, კატალონიურ გუნდში არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, უმტიტი მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ითვლება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ცენტრალური მცველი კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს.
ჯერდან შაქირის მერსისაიდული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბოლო დროს გავრცელებული სიახლეების თანახმად, "ლიონმა" შვეიცარიელი შემტევის სანაცვლოდ "ლივერპულს" 6-მილიონიანი წინადადებით მიმართა, თუმცა ინგლისელებს მეტი სურთ. ყველაფერი დროის ამბავია. სავარაუდოდ, ფრანგული კლუბი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდება.
მანუელ ლოკატელისთვის ბრძოლას "არსენალი" გამოეთიშა. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერის" წარმომადგენლები "სასუოლოს" ხელმძღვანელობას რამდენიმე დღეში შეხვდებიან და კლუბს ახალ წინადადებას გააცნობენ. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
დმიტროვიჩისა და ერიკ ლამელას შემდეგ "სევილიამ" მე-3 ფეხბურთელი გაიფორმა. არგენტინელი გონზალო მონტიელი ანდალუსიელთა რიგებში 5 წლით დარჩება. ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანურმა გრანდმა 11 მილიონი ევრო გადაიხადა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით