...თუმცა დღეს არ ვაპირებთ კამათს იმაზე, თუ რომელი რომელს განაპირობებს, უბრალოდ, კომპეტენტური წყაროები გვთავაზობენ ჩემპიონთა ლიგის ფინანსურ ანალიზს და ვფიქრობთ, ეს ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება...
ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების მიუხედავად, "იუვენტუსი" შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ტურნირში მონაწილეობამ და ტელეუფლებების გაყიდვამ "ბებერ ქალბატონს" 109 მილიონი ევრო მოუტანა. ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. დღემდე, არც ერთ კლუბს
და მაინც, როგორ მოხდა, რომ "იუვენტუსმა" მთელი 30 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე - ტურნირის 12-გზის ტრიუმფატორმა "რეალმა" (80.9 მლნ)?
საქმე ისაა, რომ კლუბებისთვის გადასახდელი ფული ორ ნაწილად იყოფა - ფიქსირებული (761.9 მლნ) და მარკეტინგული (507 მლნ). ეს უკანასკნელი, ძირითადად, ტელეტრანსლაციით მიღებული შემოსავალია.
მარკეტინგული ფული განსაკუთრებული სქემით ნაწილდება. აქ, პირველ რიგში, გათვალისწინებულია ამა თუ იმ ქვეყნის ტელებაზრის სტატუსი, და არა მხოლოდ სპორტული შედეგები. ანუ, თუ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს... სიტყვაზე, შვეიცარიული "ბაზელი", რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ მიიღებს უეფასგან იმდენს, რამდენის მიღებაც "იუვენტუსს" შეუძლია.
ტრადიციულად, იტალიის მარკეტინგული წილის უდიდეს ნაწილს სწორედ ტურინული გრანდი ითვისებს, რადგან სხვა აპენინური კლუბები ლიგას ადრეულ სტადიაზევე ეთიშებიან.
მაგალითისთვის, შაბათს დასრულებული სეზონიც იკმარებს - "რომა" ჯგუფურ ეტაპზეც კი ვერ მოხვდა (საკვალიფიკაციო ეტაპზე "პორტუსთან" დამარცხდა), ხოლო "ნაპოლი" ტურნირს 1/8 ფინალში, "რეალთან" კაპიტულაციის შედეგად გამოეთიშა და საბოლოოდ, უეფასგან 65.7 მილიონ ევროს დასჯერდა.
ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის გარემოებაც, რომ "რეალის" მდგომარეობა განსხვავებულია იტალიური ანალოგისგან. "სამეფო კლუბი", ტურნირის შედეგებისა და ზემოთ ხსენებული მარკეტინგული წესის გათვალისწინებით, ვალდებულია ტელეუფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაუყოს "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს", რომლებიც, შესაბამისად, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გავიდნენ. სწორედ ამ თავისებურების გათვალისწინებით გახდა "იუვენტუსი" ლიდერი ბოლო 5 სეზონის მონაცემების მიხედვით.
ბოლო 5 წლის შემოსავლები (მლნ. ევრო)
12/13 13/14 14/15 15/16 16/17 სულ
იუვენტუსი 65.3 43.1 89.1 76.3 109.2 383.0
რეალი 48.4 57.4 52.5 80.1 80.9 319.3
პსჟ 44.7 54.4 56.2 70.8 56.2 282.3
ბაიერნი 55.0 44.6 49.9 64.4 55.3 269.2
ბარსელონა 45.5 42.0 61.0 56.6 61.3 266.4
მადრიდში ყოველთვის მიაჩნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა იყოს ზეიმი, ამიტომ, შაბათს "რეალის" ქომაგებმა კარდიფიდან პირდაპირ რეპორტაჟს "სანტიაგო ბერნაბეუზე" უყურეს, და არა - ბარებში თუ სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე.
"რეალის" მშობლიურ არენაზე, მოედნის ცენტრში, დამონტაჟებული იყო 8 გიგანტური ეკრანი, ბილეთები განაწილდა კლუბის წევრებს (სოსიოებს) შორის, ხოლო ის, ვისაც წევრობის დამადასტურებელი ოფიციალური ბარათი არ აქვს, ბილეთის ყიდვა 10 ევროდ შეეძლო.
ასეთივე სქემა მუშაობდა კვირასაც, როცა ლიგის ტრიუმფატორებს "სანტიაგო ბერნაბეუმ" გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. როგორც ამბობენ, გადამყიდველები 10-ევროიან ბილეთებს 50-ად და მეტადაც ასაღებდნენ...
* * *
კარდიფის რესტორნების, პაბებისა და მაღაზიების მფლობელები ფინალის შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ. BBC-ის მონაცემებით, ადგილობრივი მაცხოვრებლები, უსაფრთხოების მიზნით, შორს იჭერდნენ თავს "რეალისა" და "იუვენტუსის" გულშემატკივართა ჯგუფებისგან, აქედან გამომდინარე, ფინალის დღეს გაცილებით ნაკლებს ხარჯავდნენ ზემოთ ხსენებულ ადგილებში, ვიდრე - ტრადიციულად. თუმცა "კრიზისი" დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი კარდიფში თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა და ფინალის დასრულებისთანავე შინ დაბრუნდა...
ისიც უნდა ითქვას, რომ ქალაქებში, რომელთაც აქამდე უმასპინძლიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალებისთვის, მსგავსი პრობლემები თითქმის არასოდეს შექმნილა. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კარდიფში სასტუმრო ნომრების დეფიციტთან.
თითქმის ყველა ოტელი დაჯავშნილი აღმოჩნდა ფინალამდე კარგა ხნით ადრე, რის გამოც, გულშემატკივართა დიდ ნაწილს უელსის დედაქალაქამდე ჩასვლა ლონდონიდან და ბირმინგემიდან მოუხდა. ასე რომ, თუ კაფე-ბარების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელთა მოლოდინი არ გამართლდა, მიზეზი ლოჯისტიკის პრობლემებში ეძებონ და არა - სხვაგან.
* * *
ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალს საშუალოდ 9.6 მილიონმა ადამიანმა უყურა. რა თქმა უნდა, ეს სეზონის საუკეთესო შედეგია. მთელ ქვეყანაზე ტრანსლაციის წილმა 56.9 პროცენტი შეადგინა, უშუალოდ მადრიდში კი სულაც - 69.1 პროცენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 3 ივნისის საღამოს ყოველი 10 ტელევიზორიდან 7 - ჩემპიონთა ლიგის ფინალს უჩვენებდა. კარდიფის მატჩმა მაქსიმალური აუდიტორია მიიზიდა არბიტრის საფინალო სასტვენის დროს, როცა "რეალის" გამარჯვების ოფიციალურად დაფიქსირებას 11 მილიონმა ესპანელმა უყურა. ასე რომ, ხალხს მხოლოდ თამაში კი არა, დაჯილდოების ნაწილიც აინტერესებს - ამ დროს ახლოდან უყურებ სახეებს, ემოციებს...
დიდი ალბათობით, ეს ნაწილი, ყველაზე მეტად, მანდილოსნების აუდიტორიას იზიდავს და ამიტომაც დაფიქსირდა ტელემაყურებელთა რიცხვის მკვეთრი მატება.
გადავინაცვლოთ იტალიაში. აღმოჩნდა, რომ აპენინებზე თამაში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახა - 13.8 მილიონმა, ქვეყანის მასშტაბით ფინალის ტრანსლაციის წილმა კი 58.12 პროცენტი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს იტალიური გუნდები - "მილანი" და "იუვენტუსი" შეხვდნენ (67.3 პროცენტი).
და ბოლოს - კარდიფის ფინალი იყო იტალიაში 2017 წლის (ჯერჯერობით) ყველაზე პოპულარული ტრანსლაცია. შედარებისთვის, სან რემოს ტრადიციულ ფესტივალს დაახლოებით 12 მილიონმა იტალიელმა უყურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"