ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩების წინ: ლონდონში მოსაგებად

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგას იუპ ჰაინკესი უბრუნდება, ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს "იუნაიტედს", ლონდონში კი სუპერჯახია ანტონიო კონტე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება "რომას"...

დღის მატჩი: ჩელსი-რომა
"სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერლიგის გამარჯვებული სერია A-ს ვიცე-ჩემპიონს დაუხვდება დღის ცენტრალურ თამაშში.

ანტონიო კონტე იტალიური კლუბის წინააღმდეგ ყოველთვის საინტერესოა, მით უფრო, როცა ეს გუნდი "რომაა". "ჩელსის" პრემიერლიგაში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, მით უფრო ორი საშინაო, მოულოდნელი მარცხის შემდეგ, თუმცა ლიგაზე ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. "რომა" ლიგის მოგების არა, მაგრამ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია.

"ჩელსის" მცველები, პირველ რიგში,
ედინ ჯეკოს უნდა უფრთხოდნენ, ვინც ამ სეზონში უკვე 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთიცაა - ბოსნიელს "ჩელსის" წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია, თუმცა "ლურჯებს" გოლი ჯერ ვერაფრით გაუტანა.

ჯგუფში, სადაც ასევე მადრიდის "ატლეტიკოც" თამაშობს, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ასე რომ, ლონდონში მართლაც დიდ ჯახს უნდა ველოდოთ.

კონტეს გუნდს დენი დრინკვოტერი, ნგოლო კანტე და ვიქტორ მოზესი დააკლდებიან, ხოლო სტუმართა რიგებში კონსტანტინოს მანოლასი, აბდულაჰი ნურა და გრეგუარ დეფრელი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. საეჭვოა პატრიკ შიკის, სტეფან ელ შაარავისა და ემერსონის თამაში. ინგლისურ გუნდში ლაზარეთში აღარ არის ესპანელი ალვარო მორატა, თუმცა არც მისი თამაშია ჯერ გადაწყვეტილი. ანტონიო კონტე მორატას თამაშის დღესაც დააკვირდება და იმის მიხედვით შეიყვანს ან არ შეიყვანს ექსმადრიდელს მატჩის განაცხადში.

ურთიერთშეხვედრები
ორი თამაში ამ გუნდებს შორის 8 წლის წინათ გაიმართა. ერთი "რომამ" მოიგო, მეორე "ჩელსიმ", ბურთების შეფარდებით "რომა" სჯობნის - 3:2.

პრესკონფერენცია
ანტონიო კონტე (ჩელსი): "პრობლემა ისაა, რომ "ჩელსიში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ არიან მიჩვეული ზედიზედ სამ შეხვედრაში თამაშს. როცა ბევრი მატჩი გაქვს სეზონში სათამაშო, ფეხბურთელებს უნდა გაუფრთხილდე.

"რომას" ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებიდან ვიცნობ, დე როსის, ფლორენცის, ელ შაარავის... დანიელე დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია. მიჭირს, მისი მოწინააღმდეგედ აღქმა.

ორი წაგების შემდეგ, ხვალინდელ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია და მეტოქეს დიდი ყურადღება უნდა მიაქციო, მით უფრო, თუ ის "რომაა".

"რომა" ძალიან კარგად თამაშობს იტალიის ჩემპიონატში. მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ის, რომ იტალიურ გუნდს ვეთამაშებით, ჩემთვის დამატებითი სანერვიულო არ არის. ისედაც ვიცი, რომ ხვალ მძიმე მატჩი გველის.

მეტოქე გუნდის მოთამაშეებზე უფრო დეტალური ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია, დიახ, წარსულში ნაინგოლანის ყიდვა გვსურდა, მაგრამ ახლა იგი "რომას" ფეხბურთელია. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. სეზონს რაც შეეხება, თამაშ-თამაშ შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას, ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და არა მარტი, ყველაფერი წინაა".

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ამ თამაშს სულ სხვა განწყობით უნდა მივუდგეთ, ვიდრე "ნაპოლისთან" დაპირისპირებას.

იქნება თუ არა ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა ყოველთვის არის, მაგრამ გადაწყვეტილებებს ხვალ მივიღებ. ჩემი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის, ჩვენი მიზანი შინ სამი ქულის წაღებაა". ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის ძნელია, ეს ბაქოს მატჩმაც დაადასტურა".

ედინ ჯეკო (რომა): "ჩელსი" ძალიან ძლიერია, ახლა კი ძალიან გაბრაზებულიც ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო. მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე გავაკეთებთ კონცენტრაციას. ვამაყობ, რომ "რომას" მაისურით მეასე მატჩს ვთამაშობ და ამის გოლით აღვნიშნა მსურს".

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-4-2): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, დ. ლუისი, ძაპაკოსტა - ბაკაიოკო, ფაბრეგასი, ალონსო, აზარი - მორატა, პედრო
რომა (4-2-3-1): ალისონი - პერესი, ჟეზუში, ფასიო, კოლაროვი - დე როსი, ნაინგოლანი - პელეგრინი, პეროტი, ფლორენცი - ჯეკო

ფაქტები
  • ანტონიო რიუდიგერი "ჩელსიში" ამ ზაფხულს სწორედ "რომადან" გადავიდა.
  • გუნდები ერთმანეთს 2008/09 წლების გათამაშებაში შეხვდნენ პირველად.
  • ამ სეზონში "ჩელსის" გოლების ზუსტად ნახევარი ალვარო მორატაზე მოდის.
  • "ჩელსიმ" მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, თანაც, მაშინ გუნდი ჩემპიონთა თასის მფლობელის სტატუსით იყო (2012 წ).
  • "რომამ" ინგლისში აქამდე 15-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა (5 ფრე, 9 წაგება).
  • ის ერთადერთი გამარჯვება 2000/01 სეზონის უეფას თასზე მოხდა, როცა "რომამ" "ენფილდზე" "ლივერპული" დაამარცხა.
ჰაინკესი და ლიგა, მოურინიო და ბენფიკა
ბოლოს, როცა ჩემპიონთა ლიგისა და იუპ ჰაინკესის გზები გადაიკვეთა, "ბაიერნი" "უემბლიზე" ჩემპიონთა თასის მოგებას ზეიმობდა (2013). მას მერე "რეკორდმაისტერმა" პეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის ხელში გამოიარა და ახლა 72 წლის გერმანელი სპეციალისტი ისევ დაუბრუნდა მიუნხენურ კლუბს.

"ბაიერნი" "სელტიკს" დაუხვდება, წინა თამაში კი გუნდმა პსჟ-სთან 0:3 დათმო და გარკვეულწილად, ამანაც შეიწირა იტალიელის სკამი.

"ბენფიკა" ევროთასებზე ასპარეზობის 50-წლიან იუბილეზე მასპინძლობს "მანჩესტერ იუნაიტედს".

ლისაბონში დაბრუნება ბევრს ნიშნავს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც, სხვათა შორის, 2000 წელს "ბენფიკას" თავკაცი გახლდათ. მაშინ მან იუპ ჰაინკესი შეცვალა პოსტზე, სადაც ზუსტად 9 თამაში გაძლო. ბუნებრივია, "განსაკუთრებული" უფრო "პორტუს" მწვრთნელად გვახსოვს. "ბენფიკას" კი თავისი გასჭირვებია, ჯერ კიდევ "ბაზელთან" 0:5-ის იარებს იშუშებს.

დებიუტანტებს პირველი მოგებები სწყურიათ - "ყარაბაღი" ბაქოში "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო "ლაიპციგი" - "პორტუს".

სხვა ფაქტები
  • იუპ ჰაინკესი (ბაიერნი) გახდება ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, რომელიც ლიგაზე ამ ტურნირის მომგებ გუნდს გაიყვანს სათამაშოდ.
  • "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ვიქტორ ლინდელიოფი ამ ზაფხულს ინგლისურ კლუბში, სწორედ ლისაბონის "ბენფიკადან" გადავიდა.
  • "ბენფიკა" და "მანჩესტერი" ერთმანეთს მეათედ ხვდებიან. პორტუგალიელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, ინგლისელებმა - 6.
  • თუკი "ბაზელმა" წინა ტურში ევროთასებზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო (5:0 "ბენფიკასთან"), მისმა დღევანდელმა მეტოქე ცსკა-მ წინა ტურში ევროთასებზე ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იგემა (1:4 "მანჩესტერ იუნაიტედთან").
  • "ბაიერნი" მესამედ ხვდება "სელტიკს", გერმანელებმა თითო მატჩი მოიგეს და ფრედ დაასრულეს.
  • პსჟ 100%-იანი შედეგითა და გოლგაუშვებლად ასპარეზობს ლიგაზე (5:0 "სელტიკთან", 3:0 "ბაიერნთან").
  • პსჟ-მ "ანდერლეხტს" 2013/14 წლების ლიგის სეზონში სტუმრად 5:0 მოუგო.
  • "მონაკო" და "ბეშიქთაში" ევროთასებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
  • დღეს პირველად ითამაშებენ ერთმანეთში აზერბაიჯანული და ესპანური გუნდები ევროთასებზე.
  • "ოლიმპიაკოსს" სტუმრად არასოდეს მოუგია ესპანური კლუბებისთვის (2 ფრე და 12 წაგება).
  • ლისაბონის "სპორტინგს" არასოდეს მოუგია იტალიური კლუბებისთვის სტუმრად (3 ფრე და 10 წაგება).
  • "ატლეტიკომ" ამ სეზონში 7 გოლი გაუშვა და შვიდივე საჯარიმოში ჩაწოდებების შედეგად (5 თავური).
  • "ანდერლეხტს" ჩემპიონთა ლიგაზე სამმატჩიანი უგოლო სერია აქვს.
  • "ბარსელონა" აქამდე არასოდეს შეხვედრია "ოლიმპიაკოსს", მაგრამ ერნესტო ვალვერდე ბერძნულ კლუბს კარგად იცნობს, რადგან მას წვრთნიდა.
  • ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 14 გოლი გაიტანა 12 მატჩში და აგრეთვე ბურთი ძელებს 8-ჯერ გაარტყა.
  • "რეალთან" სუპერთასზე 0:2 მარცხის მერე "ბარსელონას" 10 მატჩია არავისთან წაუგია.
  • "ბარსელონა" შინ ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩია მარცხის გარეშე თამაშობს.
  • ცსკა-მ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
  • "იუვენტუსმა" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი
A ჯგუფი
ცსკა-ბაზელი 22:45
ბენფიკა-მან. იუნ. 22:45

B ჯგუფი
ანდერლეხტი-პსჟ 22:45
ბაიერნი-სელტიკი 22:45

C ჯგუფი
ყარაბაღი-ატლეტიკო 20:00
ჩელსი-რომა 22:45

D ჯგუფი
იუვენტუსი-სპორტინგი 22:45
ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული