რომა VS ლივერპული - რომი, გმირობის დუბლი მეორე?

AutoSharing Option
იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს, "რომამ" თვეზე ნაკლებ დროში მეორე სასწაული უნდა მოახდინოს - ზედიზედ მეორე გრანდს უნდა აჯობოს 3-ბურთიანი სხვაობით.

იტალიურმა კლუბმა ეს "ბარსასთან" შეძლო, ახლა კი მარადიულ ქალაქს "ლივერპული" სტუმრობს.

რომი, "ოლიმპიკო", "რომა", "ლივერპული". სიტყვათა ეს შეთანხმება 1984 წლიდან გვახსოვს. მაშინ ჩემპიონთა თასის ფინალში "ლივერპულმა" იტალიურ კლუბს აჯობა.

ახლაც "ლივერპული" ფავორიტია - "ენფილდზე" 5:2 მოიგო და ფინალამდე ერთი ნაბიჯის გადადგმა ესაჭიროება.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ამ სეზონში ევროთასებზე შინ ბრწყინვალედ თამაშობს - 5 საშინაო მატჩში ერთი გოლიც
არ გაუშვია. გამოდის, რომ სამი გოლი "რომას" სასწაულს მოახდენინებს და ფინალში გაიყვანს.

"რომას" კვარტეტი აკლია: კარსდორპი, დეფრელი, პეროტი და სტროოტმანი. ამათგან ყველაზე დიდი დანაკლისი პეროტის არყოფნაა. "ლივერპულის" მთავარი დანაკარგი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენია, რომელსაც სერიოზული ტრავმა აქვს. არ იქნებიან ლალანა, ჯანი და მატიპიც.

პრესკონფერენცია

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "იმისთვის, რომ მორიგი შემოტრიალება მოვახერხოთ, ყველაფერი უნდა გავიღოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. მხოლოდ დიდებულ თამაშს შეუძლია "ლივერპულის" დამარცხება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამის. საოცრება შეიძლება მოხდეს, როცა შენ ირგვლივ ასეთი ატმოსფეროა, ასეთი ფეხბურთელები და ფანები არიან. "რომასთვის" ეს ეტაპიც ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ამით დავკმაყოფილდე. ჩვენი ამბიცია კიევში მოხვედრაა".

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "აქ ჩამოვედით, რათა ჩვენი ოცნების ასრულებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ბევრი ამბობს, რომ "რომა" 3:0 მოსაგებად გამოვა. კი, მაგრამ მოედანზე ჩვენც გავდივართ, გასახდელში დარჩენას არ ვაპირებთ. ასეთ თამაშებში მიიღწევა დიდი რაღაცები ფეხბურთში.

"ლივერპულს" შესანიშნავი ისტორია აქვს რომის სტადიონზე, მაგრამ ეს ჩვენი ბაბუების თაობის სიხარულია და არავითარი კავშირი არა აქვს ხვალინდელ მატჩთან, ხვალ სულ სხვა დაპირისპირებაა. ჩვენ ვთამაშობთ შესანიშნავ ქალაქში, ბწყინვალე სტადიონზე, დიდებული გუნდის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ გამარჯვება გვსურს, ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ წაგებაც შესაძლებელია. ასეთ დროს მამაცი უნდა იყო და უკან არ დაიხიო".

რომა-ლივერპული 22:45 (2:5)
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (3-4-3): ალისონი - ფასიო, მანოლასი, ჟესუსი - ფლორენცი, დე როსი, ნაინგოლანი, კოლაროვი - შიკი, ჯეკო, ელ შაარავი.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
არ ითამაშებს: კარსდორპი, დეფრელი, პეროტი, სტროტმანი - მატიპი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯანი, გომესი
საეჭვოა: - ლალანა
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლივერპული ბარსა არ არის, რომა უშანსოდ არის
mamuka
15:31 02-05-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული