ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "რეალი" ხასიათის გამოსწორებას ეცდება

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

მადრიდში "რეალი" "აიაქსს" მიიღებს, "ტოტენჰემი" კი გერმანიას ეწვევა და "დორტმუნდს" გაეჯიბრება.

მადრიდის "რეალს" რთული პერიოდი უდგას. "აიაქსის" დამარცხების შემდეგ "სამეფო კლუბმა" სხვადასხვა ტურნირზე 4 შეხვედრა გამართა, საიდანაც 3-ში დამარცხდა - სამივეჯერ კატალონიურ კლუბთან, ერთხელ "ჟირონასთან" და ორჯერ "ბარსელონასთან" (პირველ ჯერზე ესპანეთის თასზე, მეორედ კი ლა ლიგაში).

მეტოქისგან განსხვავებით, "აიაქსმა" "ფეიენოორდს" სძლია და ჰოლანდიის თასის ფინალში "ვილემ II"-ს დაუპირისპირდება.

სოლარის გუნდი 1 კვირაში ორჯერ წაგებული "კლასიკოს" შემდეგ ხასიათის გამოსწორებას ამსტერდამელებთან ეცდება,
რომლებიც პირველ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს და საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვან უპირატესობას დაეუფლნენ.

არადა, "აიაქსი" თავიდანვე აგრესიულად უტევდა და გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც VAR-მა თამაშგარეს გამო გააუქმა.

დღეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელმაც "იოჰან კრუიფის არენაზე" მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა; ამსტერდამელები კი ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებიან.

ფაქტები
  • ამ კლუბებს შორის გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან 8-ჯერ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ, 4-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთხელ კი "აიაქსმა" გაიმარჯვა.
  • უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან ყველა "რეალმა" მოიგო.
  • "სამეფო კლუბი" ჰოლანდიელებთან ბოლოს 1995 წელს დამარცხდა. მაშინ მადრიდელთა დამარცხება სწორედ "აიაქსმა" მოახერხა.

5 მარტი. სანტიაგო ბერნაბეუ
რეალი-აიაქსი 23:59 (2:1)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კურტუა - რეგილონი, ვარანი, ნაჩო, კარვახალი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ვასკესი - ვინისიუსი, ბენზემა
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტალიაფიკო, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრუი - დე ლიხტი, ვან დე ბიკი, შონე - ზიეჩი, ნერესი, ტადიჩი
არ ითამაშებს: სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი)
საეჭვოა: ლორენტე (მადრიდის რეალი)
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

დორტმუნდი - ტოტენჰემი
"ტოტენჰემი" გერმანიას ესტუმრება და "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. ლონდონელები პირველ შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქის 3:0-ით ძლევის მერე შემდეგ ეტაპზე გასვლის უპირობო ფავორიტები არიან.

14 თებერვლის დაპირისპირების შემდეგ ორივე კლუბს საქმე ცუდად წაუვიდა - გერმანელებმა ბუნდესლიგაში გამართულ 3 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულის მოპოვება მოახერხეს და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგეს, "ტოტენჰემმა" კი უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ 1 ფრე გააგორა და პრემიერლიგის ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩა.

მატჩში ფავორიტი "დორტმუნდია". ის საკუთარ მოედანზე თამაშობს და თან გოლები სჭირდება, "ტოტენჰემს" კი საკმარისად აქვს გატანილი და უმეტესწილად კარის უსაფრთხოებაზე იფიქრებს.

ლონდონელებს ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე აკლიათ: დელე ალი და კევინ ტრიპიერი. საეჭვოა დაიერის და ვინქსის თამაშიც.

"ბორუსიას" კი პისშეკი არ ეყოლება. შესაძლოა ვერ ვიხილოთ ამერიკელი კრისტიან პულიშიჩიც.

ფაქტები
  • "დორტმუნდს" აქამდე სამბურთიანი სხვაობა არასდროს გადაულახავს.
  • "ტოტენჰემმა" ბოლოს მეოთხედფინალში 2010-11 წლების სეზონში ითამაშა.
  • ლონდონელებმა მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებულ მატჩებში სამი ან მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვეს.
  • ორ ბურთზე მეტი სხვაობით "ტოტენჰემს" მიმდინარე სეზონში მატჩი არ წაუგია (არცერთ ტურნირში).

5 მარტი. სიგნალ იდუნა პარკი
დორტმუნდი-ტოტენჰემი 23:59 (0:3)
სავარაუდო შემადგენლობები.
დორტმუნდი (4-3-3): ბურკი - ვულფი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო - დელანი, ვიტსელი, გერერო - სანჩო,როისი, გიოტცე.
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, ორიე - სისოკო, ვანიამა, როუსი, ერიქსენი - სონი, კეინი
არ ითამაშებს: დელე ალი, კევინ ტრიპიერი (ორივე ტოტენჰემი), ლუკას პისშეკი (დორტმუნდი)
საეჭვო: კრისტიან პულისიჩი (დორტმუნდი), ერიკ დაიერი, ჰარი ვინქსი (ორივე ტოტენჰემი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული