
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემ ჰოთსფურს" შორის გამართულ მეოთხედფინალურ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
"თამაშიც ამას ჰქვია. ზოგჯერ ფეხბურთი ნამდვილი ანეკდოტია. ეს რაღაც დაუჯერებელია" - დაწერა პიკემ.
ანეკდოტში კატალონიელი მცველი, ალბათ, გულისხმობდა მატჩის 93-ე წუთზე განვითარებულ მოვლენებს, როცა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა გოლი, რომლითაც "სიტი" ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა VAR-ის სისტემის გამოყენებით აგუეროზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლიც გაუქმდა.
ამის შემდეგ მანჩესტერელებმა ვერც მომენტის შექმნა და შესაბამისად, ვერც გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე ლონდონური კლუბი გავიდა.