პირველ მაისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" 3:0 სძლია.
ეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი, შესაძლოა, მთავარი დაპირისპირებაცაა და რა უნდა ინატროს ფეხბურთის მოყვარულმა ამაზე მეტი - ორი ძალიან კარგი, სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდის თამაში, რომლის პირველი რაუნდი კატალონიურმა გრანდმა დამაჯერებლად მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტურნირის ისტორიაში თავისი გუნდის ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა დააყენა - საშუალო ასაკი 29 წელი და 210 დღე.
ვიდრე პირველი გოლი გავიდოდა, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 24-ე წუთზე ტრავმა მიიღო სტუმრათა გუნდის ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ და ჯორდან ჰენდერსონმა შეცვალა.
ცოტა ხანში კი ლუის სუარესმა მასპინძლები დააწინაურა. ის ჟორდი ალბას პასზე გაიხსნა და თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა. ურუგვაელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა.
ეს ტურნირზე "ბარსას" საიუბილეო, მე-500 გოლია. უფრო მეტი მხოლოდ "რეალს" აქვს გატანილი - 551.
შესვენების შემდეგ "ლივერპული" ინიციატივას დაეუფლა, შეუტია და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯეიმს მილნერისა და მოჰამედ სალაჰის დარტყმული ბურთები მოიგერია. მერე ისევ მილნერს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
იურგენ კლოპის გუნდმა "ბლაუგრანა" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, რაც დიდი იშვიათობაა, მაგრამ მეორე ტაიმში პირველივე სახიფათო კონტრიერიში ლეო მესიმ გოლით დააგვირგვინა. შექმნილ სათამაშო ვითარებაში ეს, ცოტა არ იყოს, ალოგიკურიც იყო.
82-ე წუთზე კი მესიმ 26 მეტრიდან საჯარიმოთი დალაშქრა ალისონის კარი და ყველაფერი დასრულდა. მესიმ "ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა (683 მატჩში). პირველი გოლი მან 2005 წლის პირველ მაისს "ალბასეტეს" გაუტანა.
მესიმ ტურნირზე ინგლისურ გუნდებს 26 გოლი გაუტანა, "ლივერპულის" კარი კი პირველად დალაშქრა.
ლეომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე საჯარიმოდან 8 გოლი გაიტანა, კარიერაში კი "ბარსაში" - 42.
თუმცა "წითლებმა" გაიბრძოლეს - შეცვლაზე შესული რობერტო ფირმინოს დარტყმული ბურთი ივან რაკიტიჩმა კარის ხაზიდან გამოიტანა, სალაჰმა კი დამატებაზე ძელს გაარტყა.
ბოლოს ანგარიში შეიძლებოდა მთლად გამანადგურებელი გამხდარიყო, მაგრამ სუარესმა და დემბელემ მესის პასები ვერ გამოიყენეს.
მოკლედ, "ბარსელონა" "ენფილდზე" სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. არადა, "ლივერპულმა" ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ "ბარსამ" საბოლოო ჯამში კლასის ხარჯზე იმარჯვა.
"ლივერპულმა" უფრო მეტჯერ დაარტყა ბურთი (14-11), ბურთის ფლობა მეტი ჰქონდა (52%-48%), მეტი პასი გააკეთა (600-558), მეტი ირბინა (111.1 კმ-109.7 კმ) და მაინც წააგო.
"ლივერპული" "კამპ ნოუზე" პირველად დამარცხდა - აქამდე ჩატარებული 4 მატჩიდან 2 ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული.
მესიმ ტურნირზე 37 გუნდის წინააღმდეგ იასპარეზა და 32-ს გაუტანა გოლი. უფრო უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალის" ყოფილ თავდამსხმელ რაულს აქვს, რომელმაც 33 გუნდს გაუტანა გოლი.
პირველ ნახევარფინალში ორივე ინგლისური გუნდი დამარცხდა და არც ერთს გოლი არ გაუტანია.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 98 299 მაყურებელი
ბარსელონა - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (26), 2:0 (75), 3:0 მესი (82)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (ალენია 90+3), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, კოუტინიო (სემედო 60), მესი, სუარესი (დემბელე 90+3)
ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, მილნერი (ორიგი 85), ფაბინიო, კეიტა (ჰენდერსონი 24), ვეინალდუმი (ფირმინო 79), მანე, სალაჰი
ვირჯილ ვან დაიკი: დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონას" კართან მომენტების შექმნა შეგვიძლია
ენდი რობერტსონი: "ლივერპული" მესის გაუმკლავდა
"მზად ვართ ევროპის შესაღებად" - პერფორმანსი "ბარსელონა"-"ლივერპულის" მატჩზე [PHOTO]
ლიონელ მესის სიმულაცია, რომელიც ნეიმარსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]
ლიონელ მესი: "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას - დემბელეს მეოთხე გოლი უნდა გაეტანა
იურგენ კლოპი: ფეხბურთი გოლია, "ბარსელონამ" სამი გაიტანა, ჩვენ - არც ერთი
ერნესტო ვალვერდე: ვიცით, რა შეუძლია მესის და მაინც მუდამ გვაოცებს
რიო ფერდინანდი: მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია