ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ: შეიწირავს სტამბული ზინედინ ზიდანს?

AutoSharing Option
დღეს, 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო ორი შეხვედრა იქნება - ტურინში "იუვენტუსი" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" ზაგრების "დინამოს" ხარკოვში მიიღებს. სხვა შეხვედრების შესახებ კი ქვევით ვისაუბრებთ.

"გალათასარაი" - მადრიდის "რეალი"

დღის ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრა სწორედ აღნიშნული მატჩი გახლავთ "გალასა" და "რეალს" შორის. გარდა იმისა, რომ ამ ორი კლუბის თამაში მუდმივად უხვგოლიანი და სასიამოვნოდ სანახავი გამოდის, დღევანდელ საღამოზე მადრიდელთა თავკაც ზინედინ ზიდანის ბედი არის დამოკიდებული - ესპანური სპორტული გამოცემების მიხედვით,
სტამბულში ვერმოგების შემთხვევაში ფრანგი "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება.

გუნდები აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. აქედან 3 თურქებმა მოიგეს, 4 ესპანელებმა. სტამბულში გამართული ბოლო შეხვედრა მადრიდელებმა 6:1 მოიგეს. ზიდანის თემის მიღმა, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. "გალას" და "რეალს" 2 ტურის შემდეგ 1-1 ქულა აქვთ და პსჟ-ზე რომ არაფერი ვთქვათ, "ბრიუგესაც" კი ჩამორჩებიან.

  • "გალათასარაი"
თურქულმა კლუბმა უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მხოლოდ ბოლო მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება და "სივასპორი" მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სტამბულის მუშათა კლასის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. პირველ ტურში "ბრიუგესთან" გასვლაზე 0:0 ითამაშა, ხოლო სახლში პსჟ-სთან 0:1 წააგო, თუმცა მეორე ტაიმი თურქებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს. დღევანდელ მატჩში "გალათასარაის" ლემინა დააკლდება. საეჭვოა რადამელ ფალკაოს თამაშიც.

  • "რეალი"
მადრიდელთა ბანაკში გაცილებით უფრო რთულად არის საქმე. პირველ ტურში პარიზში დიდი  სხვაობით (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ "ბრიუგესთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველა გამარჯვებას ელოდა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ "თეთრები" 0:2 მარცხდებოდნენ და ფრეს დიდი გაჭირვებით მიაღწიეს. ამას დაემატა ლა ლიგაში "მალიორკასთან" წაგება და დაკარგული ლიდერობა. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული არაფერია და კატასტროფულ შედეგებთანაც არ გვაქვს საქმე, "რეალში" სხვა მოთხოვნებია.

დღევანდელ მატჩზე ზიდანის ბედი და შეიძლება უფრო მეტიც იყო დამოკიდებული, რადგან მარცხის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. მადრიდელებს ბეილი, მოდრიჩი, ნაჩო და ლუკას ვასკესი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

"გალათასარაი": მუსლერა, მარიანო, ლუიანდამა, მარკაო, ნაგატომო, ნზონზი, სერი, ფეღული, ბელანდა, ბაბელი, ანდონე

"რეალი": კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, ხამესი, აზარი, ბენზემა

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

20:55 საათზე ორი შეხვედრა დაიწყება: მადრიდში "ატლეტიკო" "ლევერკუზენს" მიიღებს, ხარკოვში კი "შახტარი" - ზაგრების "დინამოს".

"ატლეტიკოს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და "იუვესთან" ერთად ჯგუფს ლიდერობს. "ლევერკუზენმა" კი ორივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეა. ამ მატჩში ყველა მადრიდელთა გამარჯვებას ელოდება, თუმცა გულშემატკივართა 1 თვალი "ლევერკუზენის" ახალგაზრდა ლიდერ კაი ჰავერცის მიმართ იქნება მიპყრობილი.

რაც შეეხება "შახტარსა" და "დინამოს", ორივე კლუბს 2 შეხვედრიდან 1-1 გამარჯვება აქვს მოპოვებული "ატალანტას" წინააღმდეგ. უკრაინელებმა ბერგამოში იმარჯვეს, ხორვატებმა - ზაგრებში. დღევანდელი მოცემულობით, მეორე ადგილისთვის სწორედ "შახტარი" და "დინამო" იბრძოლებენ. მასპინძლებისთვის დღევანდელი მატჩის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედია, დავით ხოჭოლავა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"რელისა" და "გალას" ჯგუფში "ბრიუგე" პსჟ-ს უმასპინძლებს. ძნელი სავარაუდოა, ბელგიელებმა დღესაც შეძლონ საფეხბურთო საზოგადოების გაკვირვება, თან პარიზელებს ლიდერი, კილიან მბაპეც დაუბრუნდათ.

ჩვენთვის საინტერესო იქნება "იუვენტუსისა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა. ტურინელები ჯუფში "ატლეტიკოსთან" ერთად ფავორიტები არიან, "ლოკომოტივი" კი მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს. იმედია, საბა კვირკველიას მოედანზე ვიხილავთ და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაშში თავს არ შეირცხვენს.

"მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლებს. იტალიელები თავიანთ სადებიუტო სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად ატარებენ და 2 შეხვედრა წააგეს, თან ზაგრებში 0:4 დამარცხდნენ. ძნელი სავარაუდოა, რომ ბერგამოელებმა "სიტის" წინააღმდეგობა გაუწიონ.

უფრო საინტერესო მატჩი საბერძნეთში გველის. პირეოსში "ოლიმპიაკოსი" მიუნხენის "ბაიერნს" მიიღებს. პირველ ტურში ბერძნებმა საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემთან" არ წააგეს - 2:2. თუმცა, "ბაიერნისთვის", როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ძლიერების საზომად არ გამოდგება. ლონდონში 7:2 გამარჯვების შემდეგ "ბაიერნი" პირეოსშიც გამარჯვებისთვის ჩავა და წესით, მაყურებელმა სანახაობრივი მატჩი უნდა იხილოს, ბევრი გატანილი გოლით.

"ტოტენჰემს" "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციის სურვილი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რამდენად შეუძლია ეს, მეორე საკითხია. მართალია, "ცრვენა ზვეზდა" ლონდონელებისთვის დაუძლეველი ბარიერი არაა, თუმცა პრემიერლიგის ბოლო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ "ბარნლისაც" ვერ მოუგეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზიდან უყვარს რეალი და დაბრუნდა კიდევაც არ დატოვა დაშლილი გუნდი როდესაც ყველაზე ძალიან ჭირდებოდა მისი გვერდით დგომა ზიდანს არც გალათასარაი შეიწირავს და არც ელ კლასიკო აგერ არ ხართ ყველა კრიტიკოსი ყველა გაჩუმდებით
აკაკი
22:49 22-10-2019
0
ვეთანხმები ნუგზარს. რეალში დაბრუნება სისულელე იყო და იმას იღებს რაც ამ ნაბიჯით დაიმსახურა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რონალდო შეუცვლელია!
მიხო
20:12 22-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული