მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:3) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მილანური კლუბი 51-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა.
"ბარსელონაშიც იგივე რამ მოხდა. სინამდვილეში აქ უფრო ცუდად გამოვიდა, რადგან ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა. ეს სამწუხაროა, მაგრამ რისი თქმა შემიძლია? მეუბნებიან, რომ უფრო მეტი უნდა გავიღიმო ტელევიზიაში, ყოველთვის ვისაუბრო პროგრესსა და აუცილებლობაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ ვიარო. ამიტომ მკითხეთ რამე და გიპასუხებთ.
მეორე ტაიმზე საუბარიც კი არ მინდა. ძალიან ბევრი თავის მართლებაა და არ
მინდა კიდევ ვთქვა რამე. იმედია, ეს მატჩი მიახვედრებს იმათ, ვისაც ეს ესაჭიროება.
ბიჭები 100 კმ/სთ სიჩქარით დარბოდნენ. მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო, მეტის მოცემა მათ არ შეეძლოთ.
ამ მარცხს წყობილებიდან გამოვყავარ. იმედია, ჩემი ფეხბურთელებიც ეგრე გრძნობენ თავს. მხოლოდ მუშაობა შეგვიძლია და ამას ვაკეთებთ კიდეც. უბრალოდ, დავიღალე ერთი და იმავეს გამეორებით. იმედია, დირექტორი გამოვა აქ და ჩემ მაგივრად რამეს იტყვის.
არ მაღელვებს, რა იქნება იანვარში ან თებერვალში. სეზონი უკეთესად უნდა დავგეგმოთ. დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერს შეგვიძლია პრობლემები შევუქმნათ, თუ ფორმაში ვართ, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შესვენების გარეშე თამაშობენ. დავიღალე უკვე ამაზე საუბრით. ასეთი მეორე ტაიმის შემდეგ თქვენ თავად შეძლებთ დასკვნების გამოტანას.
საუბარი კლუბზე კი არა, არამედ იმაზეა, რომ სერიოზული შეცდომები დაიშვა და ერთად უნდა ვიმუშაოთ. არ შეგვიძლია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში, როცა ზღვარზე ვართ.
ასევე ფეხბურთელებსაც უნდა დაველაპარაკო, რადგან "სასუოლოსთანაც" დავთმეთ ლიდერობა, როცა 4:1-ს ვიგებდით და 4:3 მორჩა, თუმცა ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ თავის მართლების უფლება. აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რაც გვაქვს.
ჩვენ "ინტერი" ვართ. ამიტომ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ, რომ... მისმინეთ, ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ ჯობია შემაჩეროთ.
უბრალოდ გაცოფებული ვარ, რადგან მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ზღვარზე ვართ", - განაცხადა კონტემ.