E ჯგუფში „ბენფიკა“ სახლში კარგა ხანი გაუძალიანდა „ბაიერნს“, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძლო და მორცხვად დანებდა. „რეკორდმაისტერი“ 9 ქულით ლიდერია, ლისაბონელთა მარცხმა კი „ბარსელონას“ წისქვილზე დაასხა წყალი.
F ჯგუფში „მანჩესტერმა“ „ატალანტას" თამაში შემოუტრიალა. ამ მატჩის წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა რონალდომ შემდეგი განაცხადა: „ჩვენი დრო დგება! ყველას უნდა ვაჩვენოთ, რისგან ვართ გაკეთებული. ეს იდეალური ტურნირია, რათა მთელ მსოფლიოს საკუთარი თავი ვაჩვენოთ. არანაირი თავის მართლება! წინ!“ უკვე 29-ე წუთზე ბერგამოელები 2:0 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში იტალიელთა კარი რეშფორდმა, მაგუაირმა და რონალდომ დალაშქრეს და „იუნაიტედმა“ გაიმარჯვა.
„ვილიარელმა“ გასვლაზე „იანგ ბოიზს“ სძლია.
G ჯგუფში „ლილი“ და „სევილია“ უგოლოდ გაიყარნენ.
H ჯგუფში „ჩელსიმ“ „მალმიო“ გაანადგურა. ლონდონურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ ტრავმების გამო ლუკაკუ და ვერნერი შეცვალეს. თუმცა „ჩელსიმ“ მეტოქის რბევა გააგრძელა და 4:0 მოიგო.
„იუვენტუსმა“ სანქტ-პეტერბურგში „ზენიტი“ ბოლოს გატეხა. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე პეტრე I-ის უზარმაზარი სურათი გამოფინეს ინგლისურენოვანი წარწერით: „რუსეთის იმპერია“, რაც რუსეთის იმპერიის დაარსების 300 წლისთავს მიუძღვნეს. თუმცა „ბებერმა ქალბატონმა“ იუბილე ჩაუმწარა.
E ჯგუფი
ლისაბონი. „დუ სპორტ ლისბოა“
ბენფიკა - ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80, საკ. კარში), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (84)
F ჯგუფი
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ატალანტა 3:2
გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 დემირალი (29), 1:2 რეშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 რონალდო (81)
ბერნი. „ვანკდორფი“
იანგ ბოიზი - ვილიარეალი 1:4
გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 მორენო (88), 1:4 ჩუკვუეზე (90+2)
G ჯგუფი
ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სევილია 0:0
H ჯგუფი
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი - მალმიო 4:0
გოლები: 1:0 კრისტენსენი (9), 2:0 ჟორჟინიო (21, პენ), 3:0 ჰავერცი (48), 4:0 ჟორჟინიო (57, პენ)
სანქტ-პეტერბურგი. „სანქტ-პეტერბურგი“
ზენიტი - იუვენტუსი 0:1
გოლი: კულუსევსკი (86)
. თავდამსხმელმა რონალდომ „მანჩესტერში“ მე-300, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 187-ე მატჩი ჩაატარა, კასილიასის რეკორდი დაამხო და რეკორდსმენი გახდა. მან ტურნირის სამივე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ამ სეზონში 12 მატჩში 12 გოლია.
. „მანჩესტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-9 მატჩში გაუშვა გოლი.
. მცველმა კრისტენსენმა „ჩელსიში“ ჩატარებულ 137 შეხვედრაში პირველად გაიტანა.
. „მანჩესტერმა“ ტურნირზე ისტორიაში პირველად წააგო საშინაო მატჩის პირველი ტაიმი 2 გოლით.
გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას