ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.
შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)
დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)