"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის წინ ერთბურთიანი (0:1) სხვაობა ბევრი არაფერია, თუმცა "ნაპოლიმ" კვლავ ვერ აღმოფხვრა გარკვეული პრობლემები, რომლებიც "მილანთან" ცოტა ხნის წინ ჩატარებულ მატჩში ჰქონდა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ანგარიში (0:4) და თამაში გაცილებით მძიმე იყო.

პირველ რიგში, საინტერესო იყო, თუ რა შეიცვლებოდა ნახევარდაცვაში. სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა მოწინააღმდეგის შუა ხაზის მარწუხებიდან გათავისუფლებას ახლა გაცილებით უკეთ ახერხებდნენ და სპალეტის გუნდი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა გოლი ისევ ამ ზონის ჩავარდნისას გაუშვეს. თუკი ლეაოს რეიდისას გუნდი გადარჩა, ბრაჰიმ დიასს კვლავ
ვეღარაფერი მოუხერხეს, დაცვასა და შუა ხაზს შორის კი დიდი ნაპრალი წარმოიშვა. 

სპალეტიმ კვლავ თავისი ფეხბურთის დემონსტრირება სცადა, ამასობაში კი ისევ კონტრშეტევიდან გაუშვა. ნეაპოლური მატჩის სცენარიც დაახლოებით მსგავსი იქნება, იქ მასპინძლებს აუცილებლად გასატანი აქვთ. ამასობაში კი ვერ ვნახეთ ის, პიოლის გუნდი პოზიციურად როგორ უტევს და შემდეგ მათი დასჯა კონტრიერიშებით როგორ შეიძლება. მით უმეტეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სისწრაფის ბონუსი გაქვს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" დამრიგებელი ზოგჯერ საკუთარი თავის მტერი გვგონია. უკვე რამდენჯერ დავწეროთ, რომ სტანდარტულების შესრულებისას, როცა მათ შედეგი არ მოაქვთ, ცვლილებებია საჭირო. კვარაცხელიას კვლავ მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე თამაში და ყველა კუთხურისა და ჯარიმის დროს მარიო რუის აუცილებლად იქ ყოფნა ხომ აშკარად მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება და ჯიუტად რატომ არ იცვლება? იყო ეპიზოდი, როცა "კვარამ" თავისივე დამსახურებით დანიშნული კუთხურის სწრაფად შესრულება სცადა, მაგრამ ამის "უფლება" არ მიეცა. ჩვენებურის თავმდაბლობა მოგვწონს, ეს კი ის ეპიზოდი იყო, როცა ალბათ "სისტემის წინააღმდეგ" წასვლა შეიძლება და გულშემატკივრები ამას სიხარულით მიიღებენ. ქართველი გარემარბი გუნდში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა მას ასე მონატრებულ სკუდეტოსთან მიახლოებაში დიდი როლი აქვს და გარკვეულ ეპიზოდებში იქნებ მეტიც უნდა მოითხოვოს, მათ შორის - პასებიც, მით უმეტეს, როცა თავად უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელებს, ფაქტობრივად, სულ ამჩნევს.

Sportall.Ge

მატჩის პრევიუში ხაზი გავუსვით რუმინელი არბიტრის ხასიათსა და ბარათების "სიყვარულს". ვფიქრობთ, "ნაპოლის" თითოეულ ფეხბურთელს ამის შესახებ მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა, არაერთ პრობლემას აირიდებდნენ. ერთია ეგ, თუმცა მეორე ის, რომ მოთამაშეებს მატჩის განმავლობაში უნდა გაეაზრებინათ ის დამოკიდებულება, რაც მსაჯს ჰქონდა და ემოციების უაზროდ გამოვლენისგან შეეკავებინათ თავი, როგორც ეს კიმ მინ ჯეს შემთხვევაში ვნახეთ და სამხრეთკორეელი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ზამბო ანგისაზეც იმავეს თქმა შეიძლება, თუმცა მას მოედანი მანამდე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით უნდა დაეტოვებინა. შეხვედრის დასაწყისში სიტყვიერი შენიშნვა კვარაცხელიამაც მიიღო და მან იცოდა, ნებისმიერი შემდეგი პროტესტი გაფრთხილების ფასად დაუჯდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყო. პროფესიონალიზმი სწორედ ესაა და სამართლიანი იყო თუ არა მთავარი არბიტრი, ეს სხვა საკითხია.

Sportall.Ge

ხვიჩას უკვე რამდენჯერმე შევეხეთ. მან შეგვაჩვია გოლებს და ახლა თითქოს უკმარისობის გრძნობა არ გვასვენებს. მისგან რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი ისევ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ორი მეტოქის გარემოცვაში იყო. კაპიტან კალაბრიას მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდა, მაქსიმალურად ახლოს ეთამაშა "კვარადონასთან" და მისთვის სივრცე არ მიეცა. მილანელებს მარცხნივ ტეო ერნანდესი ჰყავთ და შეუძლიათ შეტევის ძირითადი ნაწილი ამ ფლანგიდან ააწყონ, მარჯვენა მცველის ლამის ერთადერთი ფუნქცია კი "ნაპოლის" მთავარი კაცის ნეიტრალიზება იყო. ლუჩანო სპალეტის აქაც უცნაურად მოიქცა. მას "ცრუ ცხრიანით" არ უთამაშია. ასე რომ ყოფილიყო, ფეხბურთელებს პოზიციები უნდა შეეცვალათ და ყველაზე წინ ხან ხვიჩა უნდა აღმოჩენილიყო, ხანაც ირვინ ლოსანო. ჯაკომო რასპადორის შემოსვლამდე ფორვარდად მხოლოდ ელიფ ელმასი თამაშობდა. ჩრდილომაკედონიელი გაუთავებლად მოძრაობდა და რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მონაწილეც იყო, თუმცა მის რესურსებს მეტი ნამდვილად აღემატება. ელიფი ვიქტორ ოსიმენი ვერაფრით იქნება, რომელსაც შეუძლია, მისკენ გაშვებული ნებისმიერი ბურთი დაამუშაოს და გოლად აქციოს.

ელმასს ყველაზე სახიფათო ეპიზოდი მაშინ ჰქონდა, როცა კვარაცხელიას პასის შემდეგ თავით ურტყამდა. საწყის 20 წუთში მასიური იერიშების დროს სტუმრებს რომ გაეტანათ, სხვა თამაშს ვნახავდით და "შვიდიანის" გამოყენებაც მეტად მოხდებოდა. იტალიურ მედიაში წერენ, რომ მეორე წუთზე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, "კვარა" თამაშის რიტმში ვერ ჩაჯდა, თუმცა ეს მაინც რადიკალური მოსაზრება გვგონია. ზოგადად, სწრაფი გოლი თამაშს ცვლის და ის ორივე გუნდზე მოქმეებს, ხოლო რაც შეეხება ხვიჩას, რა თქმა უნდა, იდელური მატჩი არ ჰქონია, თუმცა თავისი შანსები შექმნა და სხვებსაც შეაქმნევინა. მას მთელი მატჩის განმავლობაში თავისივე ფლანგიდან სათანადო დახმარება არ ჰქონია - რუი არც ზონებს ხსნიდა და როცა ქართველი ცენტრისკენ შედიოდა, ვერც მის გამოყენებას ახერხებდა. არადა, ქვემოთ შემოგთავაზებთ ილუსტრაციას, სადაც კარგად ჩანს, მილანელებს თავიანთ მარჯვენა ფლანგზე რამხელა კონცენტრაცია ჰქონდათ და ამის გამოყენება "კვარას" თანაგუნდელებს როგორ შეეძლოთ. 

77-ე ნომრისგან ყველა მატჩში ფინტების დემონსტრირებას და მოწინააღმდეგეთა აწიოკებას თუ ველით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს რთული ამბავია. ჩვენებურს მოედნიდან გაყვანა გაუკვირდა და ცოტათი გაბრაზებული ჩანდა. ანგარიშის შენარჩუნება გასაგებია, თუმცა ბოლო წუთებში ხვიჩას სწრაფი იერიში იქნებ "ნაპოლის" მთავარი ხსნა ყოფილიყო. სხვა თუ არაფერი, ის მილანელებს მასიურ შეტევებზე ხელს ააღებინებდა.

Sportall.Ge

ვიქტორ ოსიმენი ბრუნდება. ნაპოლელებს ერთი პრობლემა მოაკლდათ, თუმცა ორი დაემატათ. კიმის დანაკლისი მართლაც სერიოზულია, მაგრამ ოდეგორსა თუ ჟეზუსს შეუძლიათ, კარგი შეხვედრა ჰქონდეთ. რაც შეეხება ანგისას შეცვლას, ნდომბელე საკმაოდ კარგად, აქტიურად შემოვიდა. ფორმის მიუხედავად, სპალეტი კამერუნელს როტაციაში მაინც არ ახვედრებს, ახლა კი მოუწევს. ლობოტკას გვერდით ზელინსკისა და ელმასის ერთდროულად გამოყენებაც შესაძლებელია. ოლივეირაც ენერგიული იყო და მას მარცხენა მცველად ველით. სტანდარტულების დროს შეტევაში სახიფათოდ ჩართვა გასაგებია, თუმცა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც ტეო-ლეაოს წინააღმდეგ მეტი მოეთხოვება... ლიგის საპასუხო მატჩამდე ჯერ "ვერონას" მასპინძლობის დროა.

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
მთლიანობაში ვთანხმდებით რომ საპლეტი ნორმალური მწვრთნელია და არა მაღალი კლასის მწვრთნელი. ხვიჩას ვერ გამოყენება სათანადოდ ამაზე მეტყველებს. ოსიმენ-ხვიჩას დუეტი რომ არ ყოფილიყო ნაპოლში, ოთხეულშიც ვერ შევიდოდა ნაპოლი. ახლა კი როცა მხოლოდ ფორამალობაა ჩემპიონობის გაფორმება ყველა სათავისოდ ფიქრობს დივიდენტები მიიღოს. ჩვენ თითქმის ყველანი სეზონის წინ ვთანხმდებოდით რომ ეს შემადგენლობა ოთხეულში ვერ მოხვდებოდა. ვერ წამოვიდგენდით ხვიჩას ასე გაბრწყინებას და ოსიმენის ასეთ ფორვარდის თვისებებს. მეორე სეზონია რაც ოსიმენი ნაპოლშია და ევროპაშიც უკვე მეოთხე წელია რაც თამაშობს. ოსიმენი 70 მილიონად არის შეძენილი და ეს ყველაფერი მას მატებს ავტორიტეტს. ხვიჩა მხოლოდ 10 მილიონად გადავიდა და პირველი სეზონია საერთოდ ევროპაში. ამიტომ არის რომ მას პასებს არ აძლევენ საჭიროების შემთხვევაშო და ამიტომ არის სპალეტი რომ შლის ხელებს ხვიჩას იშვიათ უზუსტო პასზე. ეს ვითომ უმნიშვნელო რამ არის. მაგრამ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნო დაფასება, ავტროიტეტი ფეხბურთელენისაგან და მწვრთნელისაგან. ჯერ ხვიჩას ისევ როგორც ახალბედა ფეხბურთელივით უყურებენ და ესაა შესამჩნევი ჩემთვის. ცოტა ვიტყოდი ეჭვიანობა თუ პირადაპირ შურიც იგრძნობა ხვიჩასადმი, რომ ხვიჩა მთლად ისე არ ააღმერთონ. პატარა გუნდია ნაპოლი და მახსენდება ჩემგან დაგმობილი ჟორდანიას სიტყვები ''სოფლის გუნდია'' მართლა ნაპოლი. მაინც მგონია 1/2 ფინალში გასვა შეუძლია ნაპოლის იმიტომ რომ ყავს ხვიჩა და ოსიმენი.
G.LA
15:22 13-04-2023
5
რასაც ჩვენ ვხედავთ სპალეტი ვერ ხედავს თუ თავს იშტერებს.გუნდურობა მხოლოდ ხვიჩას მოეთხოვება და სხვას არა? რუი პატარა კაცი,დიდი ამბიციებით.კუთხურს ხვიჩა აწვდის და ეს აუცილებლად უნდა შეეტენოს და თვითონ დაარტყას,ხვიჩასაც საქმეს უფუჭებს ეს ახ..რი,მერე გამოდიან ქართველ-იტალიელი სანაიები და ხვიჩას უარყოფითში მოიხსენიებენ. ერთი კიდევ ამ ქართველ კომენტატორებს რა უხარიათ იმ გოლს ისეთი ოვაციებით შეხვდნენ ეტყობა მილანის პირველ გოლზე ედოთ, ბ...ბი
სვანსკი
15:07 13-04-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული