გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „რეალი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში.

დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით
ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.
. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.
. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.
. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.
. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.
. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.
. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ანჩელოტი რა თქმა უნდა დიდი მწვრთნელია, მაგრამ გუშინ აშკარად ვერ გათვალა ერთი რამე რომ , კარვახალი 32 წლის, კროოსი 33-ის, ბენზემა 35-ის, მოდრიჩი 37-ის, ამ დროს სიტის ყველაზე ასაკოვანი გიონდოგანი მხოლოდ 31-ის არის, რეალის ნახევარდაცვამ ფიზიკურად ვერ გაუძლო სიტის ახალგაზრდებს, ბურთი ვერ აჰქონდათ თავდამსხმელებამდე,უკეთესი იქნებოდა დაეწყო კარვახალი,მილიტაო,რუდიგერი, ალაბა დაცვაში და კამავინგა, მოდრიჩი, სებალიოსი ნახევარდაცვით, წინ კიდევ ბენზემა, ვინიიუსი, ვალვერდე, კამავინგა და სებალიოსი ორივე ახალგაზრდაა და თან მებრძოლებიც, როდრიგო უფრო შეცვლაზე შემოდის პროდუქტიულად ვიდრე სტარტიდან. ჩემი სუბიექტური აზრი დავწერე გუშინდელი თამაშის შემხედვარე, რეალი აშკარად გადაბერებული მომეჩვენა, შეიძლება მაინც წაეგოთ, მაგრამ ასე არ დაიჩაგრებოდნენ
მამუკა
00:29 19-05-2023
0
პირველი შეხვედრის წინ რუნიმ თქვა რომ "სიტი რეალს დაშლისო"...თურმე საპასუხო შეხედრა უგულისხმია :)
საბა
16:53 18-05-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული