17:57 23-12-2017
"ელ კლასიკო" - უბრალოდ, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა! [VIDEO]
AutoSharing Option
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და პრინციპულ მატჩში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "რეალს" ამ მატჩის აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა, წაგების შემთხვევაში კი ფაქტიურად ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ეთიშებოდა. ამიტომ თავიდანვე შეუტია და დებიუტშივე გაიტანა რონალდომ თავურით გოლი, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა და კრიშტიანოს არც გაუპროტესტებია.
აშკარა შეიქნა, რომ გუნდები ფრთხილობდნენ, თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ, ტემპიც არ იყო მაღალი და მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა. ეგაა, სახაფათო მომენტებს იშვიათად ქმნიდა. მე-10 წუთზე რონალდომ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთს ფეხი ააცილა, მერე მისი დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა მოიგერია, შესვენების წინ კი ბენზემამ ბურთი ძელს გაატყა.
რაც შეეეხება "ბარსელონას" , მხოლოდ ორჯერ შეუტია სახიფათოდ და ორივეჯერ პაულინიოს ნავასმა არ დაანება გოლის გატანა.
სამაგიეროდ ნაანტრაქტევს სუარესმა მოახერხა სწრაფი კონტრშეტევისას ნავასის კარის დალაშქვრა, მერე მსაჯმა კარიდან ბურთის ხელით გამოტანისთვის კარვახალი გააძევა და პენალტი დანიშნა (თუმცა, გოლი უნდა ჩაეთვალა), მესიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყდა. ეგეც არ აკმარეს და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იმ წუთას შეცვლაზე შესულმა ვიდალმა მესამედ დაამწუხრა "რეალის" კიპერი.
რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას? მოსწონს ეს ვინმეს თუ არა ფაქტია, კლასით უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც უკეთესი ფეხბურთელები ყავს. მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სამი ფორვარდის დაყენება ვერ გაბედა, ბეილის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში კოვაჩიჩი გაამწესა და უელსელი მხოლოდ მაშინ შეუშვა მოედანზე, როდესაც თამაში პრაქტიკულად წაგებული ქონდა.
"სამეფო გუნდი" ერთფეროვნად, ძირითადად მარცხენა ფრთიდან უტევდა და ცოტაც არ გაუმართლა, თუმცა ეს წაგების ძირითადი მიზეზი არაა. გუნდს აშკარად ესაჭიროება იერიშების გამრავალფეროვნება და დისპეტჩერი, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და ისეთ ჩინებულ ფორვარდს, როგორიც რონალდოა, პასებით მოამარაგებს. ეს ჩინებულად იცის ზიზუმ და ამიტომ უნდა "ჩელსის" პლეიმეიკერის ედენ აზარის შეძენას.
მოკლედ, "ბარსამ" "რეალი" 14 ქულით ჩამოიტოვა და ეს უკეთესად დაკომპლექტებული, ბალანსირებული გუნდით და რა თქმა უნდა, დიდებული ლეო მესით მოახერხა. ვაღიაროთ, დღევანდელ პაექრობაში ერნესტო ვალვერდემ თავისი ვიზავი დაჯაბნა. დაჯაბნა უკეთესი სტრატეგიითა და ტაქტიკით. მან საუკეთესოდ გამოიყენა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები და ნაანტრაქტევს ბრძოლა მოუგო.
რეალი - ბარსელონა 0:3
"სანტიაგო ბერნაბეუ" 80 264 მაყურებელი
რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (72. ასენსიო), კოვაჩიჩი (72. ბეილი), კროოსი - რონალდო, ბენზემა (66. ნაჩო)
ბარსელონა: ტერ შტეგენი - ალბა, ვერმაელენი, პიკე, სერხი რობერტო (90+2. ვიდალი) - ინიესტა (77.სემედო), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პაულინიო (84. ანდრე გომესი)- მესი, სუარესი
გაფრთხილება: 18. ვერმაელენი.83. მარსელო, 88. ბუსკეტსი
გაძევება: 63. კარვახალი
გოლები: 54. სუარესი 0:1, 64. მესი (პენ) 0:2, 90+3. ვიდალი 0:3
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ტოტალიზატორებში შესულმა დიდმა ფულმა გაიმარჯვა ფეხბურთის მაფიის სასარგებლოდ.
0
2
არც ნეიმარი გვინდა და არც რონალდოსი გვეშინია, მთავარია მესი იყოს კარგად.
11
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული