ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: მესი და სუარესი ბრუნდებიან, ბარსელონაში დერბია

AutoSharing Option
10 ტურიც და ესპანეთის ჩემპიონატის 88-ე გათამაშებაც დასრულდება - ლიდერი გამოკვეთილია, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 10 ქულით უსწრებს და შაბათს ბარსელონის დერბის თამაშობს...

ამხელა უპირატესობის აღმოფხვრა ძალიან ძნელია, მით უფრო, კრიზისში მყოფი დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთვის", რომელსაც ზურგში "რეალის" "სუნთქვა" ესმის (მხოლოდ 2 ქულით უსწრებს).

მაშ ასე, 30 მარტს "კამპ ნოუზე" ერნესტო ვალვერდეს გუნდი თანაქალაქელ "ესპანიოლს" მასპინძლობს. მე-13 ადგილზე მყოფი "ესპანიოლი" მეტოქეს 32 ქულით ჩამორჩება, მაშინ, როცა თავად სულ 34 აქვს. მოკლედ, ეს გუნდები სულ სხვა "ლიგებში" თამაშობენ, მაგრამ
დერბი მაინც დერბია და ყველაფერია მოსალოდნელი.

უსმან დემბელე, სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ტოვებს და შემდეგ კვირაში უკვე შეეძლება თამაში, ფრანგმა ტრავმა თითქმის მოირჩინა. შეტევის ხაზი "ბარსას" საპრობლემო აქვს - სანაკრებო პაუზის წინ ტრავმა მიიღო ლუის სუარესმა და დასვენებამ მოუწია, ხოლო ლიონელ მესი ვენესუელასთან არგენტინისთვის სამარცხვინო მატჩში დაშავდა, თუმცა ორივე ვარსკვლავი დერბიში თამაშისთვის მზად იქნება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ თუ ფინალურ ეტაპებზე არ არის საუბარი, სანაკრებო ფეხბურთი უკანა პლანზეა საკლუბოსთან შედარებით. მესის და სუარესს შეტევაში კამპანიას ფილიპე კოუტინიო გაუწევს.

"ესპანიოლი" შუახაზში დასუსტებულია - სერხი დარდერი დისკვალიფიცირებულია, ეს კი დიდი დანაკლისია გუნდისთვის. ფაკუნდო ფერეირა ტრავმირებულია და მარჯვენა ფლანგზე თამაშის შანსი ერნან პერესს ეძლევა.

ტრავმების გამო მასპინძლებს ასევე რაფინია და სილესენი აკლიათ, ხოლო სტუმრებს პაბლო პიატი, დავიდ ლოპესი და ოსკარ დუარტე (ამის თამაში ბოლომდე გამორიცხული არ არის) აკლიათ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო
ესპანიოლი (4-3-3): დ. ლოპესი - როსალესი, ერმოსო, ნალდო, დიდაკ ვილა - გრანერო, როკა, მელენდო - პერესი, იგლესიასი, ვუ ლეი

მე-2 ადგილოსანი "ატლეტიკო" ბასკურ "ალავესს" სტუმრობს, რომელიც, საოცარია, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ზინედინ ზიდანის "რეალი" შინ აუტსაიდერ "უესკას" მასპინძლობს და "ატლეტიკოს" მორიგ ფეხის დაცდენას ელოდება.

ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა "სანჩეს პისხუანზე" - "სევილიასა" და "ვალენსიას" შორის, რომელსაც ფეხი დაუცდება, მოუწევს ლიგის საგზურზე ფიქრის დავიწყება. ეს განსაკუთრებით სტუმრებს ეხება.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 15 მატჩიდან 13 მოიგო.
  • "ბარსელონამ" ბოლო 15 ტურიდან 11-ში მოიგო, როგორც პირველი ტაიმები, ისე, სრული მატჩები.
  • "ესპანიოლმა" ლა ლიგაში ბოლო 3 ტურში სტუმრად ფრედ ითამაშა.
  • ბოლო 23 დერბიში (ყველა შეჯიბრებაში) "ბარსელონამ" არ წააგო 21 მატჩი.
  • ლა ლიგის ბოლო 10 ტურიდან 9-ში "ბარსელონას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.
  • ბარსელონის დერბიში ბოლო 7 დაპირისპირებიდან 5-ში "ბარსამ" კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგა. XXIX ტური
პარასკევი, 29 მარტი
ჟირონა-ბილბაო 23:59

შაბათი, 30 მარტი
ხეტაფე-ლეგანესი 16:00
ბარსელონა-ესპანიოლი 19:15
სელტა-ვილიარეალი 21:30
ალავესი-ატლეტიკო 23:45

კვირა, 31 მარტი
ლევანტე-ეიბარი 14:00
რაიო ვალეკანო-ბეტისი 16:00
სევილია-ვალენსია 18:15
ვალიადოლიდი-სოსიედადი 20:30
რეალი-უესკა 22:45

ბომბარდირები: 29 - მესი (ბარსელონა); 18 - ლ. სუარესი (ბარსელონა); 16 - სტუანი (ჟირონა), ბენ იედერი (სევილია); 13 - მატა (ხეტაფე), ბენზემა (რეალი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვებას გისურვებთ საყვარელო ბარსა, ლეოს კი გოლების წვიმას.
ნონა
14:18 30-03-2019
0
წარმატება ბარსას! ლეო ველით გოლებს! აბა შენ იცი.
გია1
12:55 30-03-2019
0

სიახლეები პოპულარული