25 მაისს ერნესტო ვალვერდეს კომპენსაციის გარეშე დაითხოვენ და "ბარსელონას" რონალდ კუმანს ჩააბარებენ?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი ფიასკოს შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადაყენებას უპირებენ.

ტელეარხ La Sexta-ზე, El Chiringuito de Jugones-ის პროგრამაში წამყვანმა ჟოზეპ პედრორელმა განაცხადა, რომ ვალვერდეს სეზონის დასრულებისთანავე სამუშაოდან დაითხოვენ. თანაც, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, რამეთუ თებერვალში გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და მასში პუნქტია შეტანილი, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ მხარეს ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის უფლება აქვს.

პედრორელის მტკიცებით, "ბარსას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი რონალდ კუმანია, რომელმაც 2018 წლის თებერვალში ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა. აგრეთვე განიხილება "აიაქსის" თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურა. კატალონიური "სპორტის" ცნობით, გულშემატკივრებს მწვრთნელად ხავის
დანიშვნა სურთ, მაგრამ ის დაბრუნებას იქამდე არ აპირებს, ვიდრე კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუა.

ESPN-ის ცნობით, "ბარსელონას" მმართველი საბჭო 25 მაისს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, თასის ფინალში "ბლაუგრანა" "ვალენსიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული