
ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბარი მიდიოდა "ბარსას" მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს შესახებ. ადამიანთა გარკვეული ნაწილი მას სეზონის დასრულების შემდეგ გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ თასის ფინალში "ვალენსიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ ნათლად განაცხადა, რომ წარუმატებლობა ერნესტო ვალვერდეს ბრალი არ ყოფილა.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი. ბოლოდროინდელ ისტორიას თუ გადავხედავთ, 16 წელია "ბარსელონა" მწვრთნელებს კონტრაქტის ვადის გასვლამდე არ ათავისუფლებს. ვალვერდესაც ესპანურ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.

ვან გაალის წასვლის შემდეგ სეზონის ბოლომდე გუნდი რადომირ ანტიჩმა ჩაიბარა და "ბარსელონას" მმართველთა საბჭოს ნდობაც მოიპოვა. თუმცა 2002/03 წლების სეზონის ბოლოს "ბარსას" პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გახდა და ახალი მწვრთნელის მოყვანა გადაწყვიტა.

ახალი მწვრთნელი კი ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი გახდა. ის კატალონიურ კლუბს 5 წლის განმავლობაში თავკაცობდა. მისი ბოლო სეზონი აღმაფრთოვანებელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ლაპორტა მაინც დაელოდა მისი კონტრაქტის დასრულებას.

რაიკაარდის შემდეგ კლუბში "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი მოვიდა. ხოსეპ გვარდიოლამ გუნდს უდიდესი წარმატებები მოუტანა 2008-12 წლებში და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა "ბლაუგრანა", მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა.

მომდევნო მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო. ის მხოლოდ 1 წელი წვრთნიდა "ბარსელონას" და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვეღარ განაგრძო კლუბში მუშაობა. "ბარსადან" წასვლიდან მალე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა კიდეც.

ტატა მარტინოს ნამდვილად არ ჰქონია კარგი შედეგები ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას. მან "ბარსელონა" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე საკუთარი სურვილით დატოვა.

ლუის ენრიკემ გვარდიოლას შემდეგ პირველად მოახერხა სეზონში სამივე მთავარი ტიტულის მოგება და მუშაობის დაწყებიდან 3 წელში დატოვა გუნდი. გვარდიოლას მსგავსად, მასაც შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, თუმცა ლუის ენრიკემაც უარი თქვა.

როგორც ვხედავთ, 2003 წლიდან მოყოლებული, "ბარსა" მწვრთნელებს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ ათავისუფლებს. წარმატებული მწვრთნელების შენარჩუნებას გუნდი ვერ ახერხებს, წარუმატებლები კი თავისით მიდიან. ერნესტო ვალვერდე კი წასვლას არ აპირებს.