"ბარსელონას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი პოჩეტინოა

AutoSharing Option
"ალ სადის" თავკაცმა ხავიმ გუშინ გასაგებად განაცხადა, რომ "ბარსელონას" მწვრთნელობას არ აპირებს, თუმცა დღეს ამ თემაზე სპეკულაციები არ შეწყვეტილა.

ეტყობა, "ბარსას" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ მართლაც გადაწყვეტილი აქვს ერნესტო ვალვერდეს გადაყენება და მის შემცვლელს ეძებს. თავად ვალვერდემ ხავისთან მოლაპარაკების გამო უკმაყოფილება გამოხატა.

სახელდებოდა ვალვერდეს შემცვლელთა კანდიდატურები: "ბარსელონას" დუბლების დამრიგებელი ხავი გარსია პიმენტა, "ბეტისიდან" დათხოვნილი კიკე სეტენი, "ესტუდიანტესის" მწვრთნელი გაბრიელ მილიტო, აგრეთვე, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებების თავკაცები რობერტო მარტინესი და როლანდ კუმანი.

კატალონიის რადიოს ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ კუმანს,
რამაც ჰოლანდიელი გააკვირვა და უარი უთხრა. ნიდერლანდელები ევროპირველობაზე გავიდნენ და მნიშვნელოვანი ტურნირის წინ კუმანი ეროვნულ გუნდს ვერ მიატოვებს. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებულ კონტრაქტში პუნქტი აქვს შეტანილი, რომ თუ "ბარსამ" წინადადებით მიმართა, შეუძლია ხელშეკრულება გაწყვიტოს.

RAC1 კი იტყობინება, რომ შექმნილ სიტუაციაში მთავარი კანდიდატი დროებით უმუშევარი მაურისიო პოჩეტინოა. მისი მიწვევა კლუბის პრეზიდენტ ჟოზე ბარტომეუს სურს და მხარს სპორტული დირექცია უჭერს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული