26 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ვალიადოლიდს" და 100 დღის შემდეგ პირველად მოექცა სატურნირო ცხრილის სათავეში.
მე-12 წუთზე კაზემიროს მიერ გატანილი გოლი ვიდეოგამეორებით მსაჯმა რიკარდო ბენგოეჩეამ გააუქმა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, პირველი ტაიმი მასპინძლებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს და უგოლოდ დასრულდა.
თუმცა მეორე ტაიმში ნაჩომ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. "სამეფო გუნდს" თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ კლასის ხარჯზე იმარჯვა.
"ბლანკოსის" თავდამსხმელებმა ჩემპიონატის ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანეს გოლი.
"რეალი" 46 ქულით გალიდერდა და "ბარსელონა" 3 ქულით ჩამოიტოვა.
მომავალ ტურში, პირველ თებერვალს, "ბლანკოსი" "ატლეტიკოს", 3 თებერვალს კი "ბარსა" "ლევანტეს" უმასპინძლებს.